მამულიჩა: "დასახვრეტი ვარ"

მამულიჩა: "დასახვრეტი ვარ"

"კვირის პალიტრა", #37 | KVIRISPALITRA.GE

პროდიუსერი კახა მამულაშვილი (მამულიჩა), რომელიც ნარკოდანაშაულისთვის იყო დაკავებული, სასამართლო დარბაზიდან 15-ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

შეგახსენებთ, კახა მამულაშვილი 18 ივლისს თბილისის საერთაშორისო­ აეროპორტში დააკავეს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკის დროს ამოიღეს 5.591 გ კოკაინი, 1,15 გ კანაფის ფისი და 0,2048 გ ე.წ. ექსტაზი, რამდენიმე დღის წინ კი პროკურატურამ გაავრცელა განცხადება მომღერალ ლელა წურწუმიას მეუღლის გათავისუფლების შესახებ.

კახა მამულაშვილი (მამულიჩა): - 15 000 ლარი გადავიხადე და ეს არის შერჩევითი სამართალი? რადგან მამულიჩა­ ვარ, იმიტომ? თუ ასეა, საერთოდ რატომ დამიჭირეს? ან მეორე დღესვე რატომ არ გამომიშვეს? ახლა კი გამომიშვეს, მაგრამ ხვალ-ზეგ რა იქნება, არ ვიცი. გირაო გათავისუფლებას არ ნიშნავს, უბრალოდ, პროკურატურამ ჩათვალა, რომ საზოგადოებისთვის არ ვიყავი საშიში. გამართლებით მე არ გავმართლდები. ჩემი საქმე ჯერ დამთავრებული არ არის და როგორ დავისჯები, არ ვიცი.

ახლა რა ვქნა, უკან დავბრუნდე? თუ ამით ბედნიერება დაისადგურებს სრულიად საქართველოში, დავბრუნდები ციხეში.

ამ 15 ათასსაც ისე ახსენებენ, თითქოს არაფერია. ჩვენთვის ეს დიდი ფულია. ბევრი ადამიანი შეწუხდა და გვერდით დამიდგა, რომ ეს თანხა გადამეხადა. მე პასუხისმგებლობას არ გავურბივარ. ჰაერზე და უმიზეზოდ არავის იჭერენ. დამნაშავე ვარ და მარტო იმიტომ ვარ დასახვრეტი, ჩემი უგუნური ქმედებით ჩემ გარშემო ამდენ ადამიანს რომ შევუქმენი პრობლემა. ცხოვრებაში აქამდე არავისთვის მომიხვევია თავზე არაფერი, არ მომიპარავს და ბოროტება არ ჩამიდენია, რას მერჩიან?! ბევრისთვის­ გირაოც უფრო იაფი შეუფარდებიათ. ხალხს­ თურმე ის აწუხებს­, რატომ ვარ გარეთ. ორი თვე გლდანის ციხეში გავატარე და კიდევ რა იქნება, არავინ იცის.

სინანულის გრძნობა მარტო იმიტომ მაქვს, რომ ასეთი შეცდომა დავუშვი და ჩემმა ქმედებამ შეაწუხა ყველა, ვისაც ჩემი ოჯახი უყვარს. ლელა იყო გადაფარებული­ ყველ­აზე, მილიონ ადამიანს დახმარებია და გამოუყვანია ციხიდან, შუამდგომლობდა ყველას, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა. რა თქმა უნდა, კეთილგანწყობაც გამოიჩინეს, ალბათ, უფრო ლელას მიმართ. ჩემი ცხოვრების წესი არასოდეს ყოფილა დამალული. დღესაც არ ვსვამ, არ ვეწევი, თუმცა, გართობაზე უარი არ მითქვამს, არც აქ და არც საზღვარგარეთ, მიყვარს ელექტრონული მუსიკა, კლუბებშიც მივლია და არასოდეს დამიმალავს, რას ვაკეთებდი. შესაძლოა, ჩემი შეცდომაც ეს იყო. ვიყავი ჩემთვის წყნარად და ასევე წყნარად გამიშვეს გლდანში. ახლა ველოდები, რას მომისჯიან.

- მედიის წარმომადგენლები რატომ არ დაასწრეს პროცესს, რომელზეც პროკურორმა­ გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო?

- იქ ჩემი მეგობრებიც არ ყოფილან. დარბაზში არავინ იყო და ვიკითხე, რა ხდება-მეთქი; მითხრეს, დარბაზი შეიცვალაო.­ მერე კი დაიწყო პროცესი და ადვოკატის შუამდგომლობა დააკმაყოფილეს. მე არც საზოგადო მოღვაწე ვარ, არც საჯარო მოხელე. ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. ჰა-ჰა, იურმალაში წავიყვანო რამდენიმე ადამიანი და ვიომო, რომ გაიმარჯვონ და საქა­რთველოს დროშა აღმართონ.

არაფერი გამიკეთებია ისეთი, საზოგადოებისთვის შეურაცხყოფა რომ მიმეყენებინა. დავაშავე, მაგრამ ზიანი არავისთვის მიმიყენებია, არაფერი მომიპარავს, არც სახელმწიფო დამიზარალებია. მოსაბოდიშებელი არავისთან არაფერი მაქვს, შეცდომისგან კი არავინ არის დაზღვეული.

"ქურდული შეკრება" ჭიათურაში - სპეცოპერაციის შედეგად სამი პირი, მათ შორის პოლიციელია დაკავებული

საქართველოში თანამდებობის პირებისთვის სპეციალური ციხე აღარ იარსებებს - რა ბედი ელის ე.წ. მატროსოვის ციხეს

როგორ ვმართოთ სტრესი თვითიზოლაციის დროს და დავიცვათ თავი ძალადობისგან - ფსიქიატრის რეკომენდაციები