პეტრე ცისკარიშვილს პრემიერის დღევანდელმა გამოსვლამ გაეროში შევარდნაძის გამოსვლა გაახსენა

პეტრე ცისკარიშვილს პრემიერის დღევანდელმა გამოსვლამ გაეროში შევარდნაძის გამოსვლა გაახსენა

ნაციონალური მოძრაობის წევრს, დეპუტატ პეტრე ცისკარიშვილს, პრემიერის დღევანდელმა გამოსვლამ ედუარდ შევარდნაძის გამოსვლა გაახსენა, სადაც ექს-პრეზიდენტი ციფრულ განხეთქილებაზე საუბრობდა.

ამის შესახებ ცისკარიშვილმა კურიერთან საუბრისას განაცხადა.

"ძალიან სუსტი გამოსვლა იყო. არ ჩანდა მომავლის ხედვა. არ იყო საუბარი იმაზე, თუ რა სჭირდება ქვეყანას, რა აწუხებს ჩვენს ხალხს. ერთგვარად მომაგონა შევარდნაძის გამოსვლა ციფრულ განხეთქილებაზე რომ საუბრობდა. ყოველგვარი შინაარსისგან დაცლილი, წყალ-წყალა გამოსვლა იყო," - აცხადებს ცისკარიშვილი.

დეპუტატს პრემიერის გამოსვლიდან ერთადერთი ენერგეტიკაზე მისი განცხადებები მიაჩნია გამართლებულად. თუმცა, ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ამ თემაზე საუბრისასაც იცრუა.

"მან მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ 2007 წლიდან ვატარებთ რეფორმებს და გავხდით ექსპორტიორი ქვეყანაო. სინამდვილეში ჩვენ ექსპორტიორი ქვეყანა გავხდით 2011-12 წლებში. თუმცა, მას შემდეგ, რაც ინვესტიციები გაჩერდა, ჩვენ ისევ დავუბრუნდით იმპორტირებულ ქვეყანას და გავხდით დეფიციტური ელექტროენერგიის თვალსაზრისით," - განმაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

დეპუტატის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა "ყველანაირად აცდენილი იყო იმ გზავნილებს, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრს უნდა მიეწოდებინა იმ ფორუმისთვის".