მამა, მადლობა, რომ CCCP-დან გამომიყვანე!

მამა, მადლობა, რომ CCCP-დან გამომიყვანე!

11 ოქტომბერს ბელორუსის მოსახლეობამ კიდევ ერთხელ აირჩია პრეზიდენტად ალექსანდრე ლუკაშენკო, რითიც ღიად დააფიქსირა, რომ დიახ, ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ირჩევს დიქტატს. ქვეყანა ირჩევს სოციალურ სტაბილურობას, რომელსაც მხოლოდ ერთ ადამიანს, "ბაწკას" ანდობს.

11 ოქტომბერს, მე, 28 წლის ასაკში, შესაძლებლობა მომეცა, "დროში მემოგზაურა" და მენახა, რა სოციალურ და პოლიტიკურ გარემოში ცხოვრობდნენ ჩემი მშობლები ჩემს ასაკში. იქ თითქმის ყველაფერი ისეთივეა, როგორც წლების წინ. "საბჭოთა დროში მოგზაურობაზე" ცოტა მოგვიანებით, ახლა კი იმ რეალობაზე, რომელმაც დამაფასებინა ის, რაც მაქვს - ქვეყანა, რომელიც თავისუფალია... შესაძლოა, ეს ერთადერთია, რაც დღეს გვაქვს, მაგრამ დამიჯერეთ, ამის გარეშე ყველაფერი, რაც თუნდაც დღეს ბელორუს ხალხს აქვს, არაფერია.

სრული დისონანსი: წინასაარჩევნო პერიოდი საქართველოსა და ბელორუსში

ბელორუსს ჩემს ორ ქართველ და ათამდე უცხოელ კოლეგასთან ერთად, საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, 8 ოქტომბერს ვეწვიე. ცხოვრება და მუშაობა დედაქალაქში, მინსკში მომიწია.

მინსკში ჩასულს რომ არ მცოდნოდა, რომ ქვეყანა საპრეზიდენტო არჩევნებამდე საათებს ითვლიდა, ვერც მივხვდებოდი, რადგან იქ ამაზე არაფერი მიანიშნებდა. მე ვნახე საზეიმოდ მორთული ქალაქი. ქუჩებში საზეიმო განწყობას საახალწლო განათების კომპოზიციები და სახელმწიფოს დროშის ფერებით აჭრელებული ფაქტურები ქმნიდნენ. ვერსად ნახავდით წინასაარჩევნო კამპანიების განუყოფელ ნაწილს - ბილბორდებზე გამოსახულ საპრეზიდენტო კანდიდატებს, რომლებიც ამა თუ იმ ლოზუნგებით ცდილობენ ელექტორატის მოხიბვლას. ეს თვალში არა მხოლოდ მე, არამედ სხვა უცხოელ ჟურნალისტებსაც მოხვდათ და როდესაც დედაქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაში იმ ერთადერთ პლაკატს გადავაწყდით, რომელზეც ოთხივე კანდიდატი იყო გამოსახული, შემთხვევა არ გავუშვით ხელიდან და ფოტო გადავუღეთ...

წარმოიდგინეთ საპრეზიდენტო ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები, რომელსაც წინ ისეთივე უხერხული სიჩუმე უძღვის, როგორც დაკრძალვის პროცესიას...

წარმოიდგინეთ ხელისუფლება, რომლის წინააღმდეგ გამართულ ყველაზე ხალხმრავალ აქციაზე ქვეყანაში მცხოვრები ათ მილიონამდე ადამიანიდან მაქსიმუმ ათასი დემონსტრანტი იკრიბება დედაქალაქის ცენტრში, რომელთაგან საკმაოდ დიდ ნაწილს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული მედიასაშუალებების წარმომადგენლები შეადგენენ, ნაწილს დამკვირვებლები, ნაწილს კი, როგორც ადგილობრივები ამბობენ, სამოქალაქო ფორმაში გადაცმული მილიციელები...

შესაძლოა, რომელიმე მშვიდი, დეპოლიტიზებული საზოგადოების შვილისთვის ამ ყველაფერში უცნაური არც არაფერი ყოფილიყო, მაგრამ არა ჩემთვის, 28 წლის საქართველოს მოქალაქისთვის, რომლისთვისაც ქვეყანაში წინასაარჩევნო პერიოდი პოლიტიკური დუღილის პიკთან ასოცირდება. პერიოდთან, როდესაც პოლიტიკოსთა და მოქალაქეთა ხედვების დაპირისპირება სატელევიზიო დებატებს სცდება და ქუჩაში ინაცვლებს.

წარმოიდგინეთ საქართველო, სადაც წინასაარჩევნო პერიოდში ტელევიზორს ჩართავთ და იქ ვერ ნახავთ პოლიტიკოსების მწვავე ბრძოლას სიტყვებით, ზოგ შემთხვევაში კი ფიზიკურსაც...

წარმოიდგინეთ საქართველო, სადაც წინასაარჩევნო პერიოდში ვერ ნახავთ სხვადასხვა პოლიტიკური ძალების აქტივისტების სიტყვიერ, ზოგ შემთხვევაში კი ფიზიკურ დაპირისპირებასაც.

წარმოიდგინეთ? - სწორედ ეს ხდება ბელორუსში. იქ წარმოუდგენელია, ჩართო ტელევიზორი და მოისმინო ღია, თავისუფალი დებატები. წარმოუდგენელია ნახო მოქალაქეები, რომლებიც სხვადასხვა რამეს ითხოვენ. იქ არავინ არაფერს ითხოვს, იქ ყველა ეთანხმება იმას, რაც აქვთ, მათ შორის მედიაც...

სრული დისონანსი: განწყობებში ქართველ ხალხსა და ბელორუს ხალხს შორის წინასაარჩევნო პერიოდში

ქართველები მუდმივად სიახლის ძიებაში, მუდმივად ცვლილებების მოლოდინში ვართ. დიახ, ყველა ვაღიარებთ, რომ ამ სიახლეების მოტანისათვის ვინმე მესიას ვირჩევთ, ვამყარებთ მასზე ასჯერ უფრო მეტ მოლოდინებს, ვიდრე რეალურად, მას შეუძლია მოგვცეს და ეს ჩვენი, სახალხო სისუსტეა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მალე არჩევანს არა იმ პოლიტიკოსების სასარგებლოდ გავაკეთებთ, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდში ემოციურ ქართველებზე ემოციური "სფიჩებითა" და ქმედებებით ახდენენ აპელირებას, არამედ მათ მივცემთ ხმას, ვინც წინასაარჩევნო პროგრამაში შავით თეთრზე წარმოადგენს ქვეყნის განვითარების სამოქმედო პროგრამას, და ჩვენც, არა "ცხელი" ემოციებით, არამედ ცივი გონებით, კანდიდატების წინასაარჩევნო პროგრამების შესწავლისა და დასკვნების გონივრულად გამოტანის შემდეგ გავაკეთებთ არჩევანს. დიახ, ჩვენ მუდმივად ვცვლით ხელისუფლებებს და შემდეგ მუდმივად იმედგაცრუებულები ვირჩევთ ახალს. ეს თითქოს უკვე ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობაც კია, მაგრამ არა ბელორუსელების...

იქ არავინ ეძებს სიახლეს, იქ არავის სჭირდება ცვლილებები. პირიქით, იქ შიშით გიყურებენ, თუ გაბედავ და ეტყვი, რომ განვითარებას ცვლილებები სჭირდება. იქ არ ესმით, რომ ერთ ადგილას ყოფნა, თუნდაც ის ერთი ადგილი კომფორტული იყოს, რეგრესია, და რომ პროგრესი მხოლოდ სიახლეების ძიებას მოაქვს.

სრული დისონანსი: გარემო საარჩევნო უბნებზე საქართველოსა და ბელორუსში

11 ოქტომბერს, ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნების დღეს მე საშუალება მქონდა, რომ არჩევნების დღის მეორე ნახევარი რადიო "თავისუფლების" მინსკის ბიუროს ჟურნალისტებთან ერთად გამეტარებინა. გადამღები ჯგუფი დედაქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში პირდაპირი ჩართვისთვის გავიდა და მათთან ერთად წავედით მე და ჩემი სომეხი კოლეგა. ვიდრე ჯგუფი პირდაპირ ეთერში გავიდოდა, ჩვენ (როგორც ჩემი სომეხი კოლეგა ეცნობოდა ხალხს, - ჯორჯი ჯორჯიიდან, და არმენი არმენიადან) იქვე არსებულ საარჩევნო უბანში შევედით. ის, რაც იქ ვნახე, საკუთარი თვალით რომ არ მენახა და ვინმეს მოეყოლა, გაზვიადებული ნათქვამი მეგონებოდა და არ დავიჯერებდი.

წარმოიდგინეთ საარჩევნო უბანი დედაქალაქის ცენტრში, სადაც დღის 4 საათისთვის აქტივობა იმდენად მცირე იყო, რომ ნახევარ საათზე მეტ ხანს ლოდინი დაგვჭირდა იმისთვის, რომ სიუჟეტისთვის გადაგვეღო კადრები, თუ როგორ აგდებს მოქალაქე ბარათს ყუთში.

წარმოიდგინეთ საარჩევნო უბანი, რომელიც ყვავილებით არის მორთული;

წარმოიდგინეთ საარჩევნო უბანი, რომელშიც პატრიოტული მუსიკა ისმის;

და წარმოიდგინეთ საარჩევნო უბანი, სადაც არც მეტი, არც ნაკლები, კონცერტია გამართული! იქვე, საარჩევნო ყუთიდან ორ ნაბიჯში იწყება სანახაობა, რომელშიც მოცეკვავეები და მომღერლები მონაწილეობენ. საარჩევნო ყუთიდან ასევე ორ ნაბიჯში, ოღონდ სხვა მიმართულებით, საგანგებოდ არჩევნების დღისთვის სასადილოა გახსნილი, სადაც "ყველაფერი თავის ფასში იყიდება, არავითარი კომერცია".

ვინაიდან, როგორც უკვე აღვნიშნე, ვინმეს რომ ეთქვა ჩემთვის, საპრეზიდენტო არჩევნები პომპეზური კონცერტისა და ჭამა-სმის ფონზე მიმდინარეობდაო, არ დავუჯერებდი, ჩემს სიტყვებში დასარწმუნებლად ეს ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ, რომელიც უნდა აღვნიშნო, რომ სრულიად უპრობლემოდ გადამაღებინეს.

იხილეთ ვიდეო

წარმოიდგინეთ ქართველი ხალხი, რომელსაც საარჩევნო დღეს გამოელაპარაკები და არ გეტყვის, რომ ხმა ქვეყნის განვითარებასა და ცვლილებებს მისცა. სამაგიეროდ, მინსკში ვერ ვნახე საარჩევნო უბანში ერთი მოქალაქეც კი, რომლებსაც ცვლილებები სურდა. მეტიც, მოქალაქეებს არ ჰქონიათ განცდა, რომ არჩევნები პოლიტიკური დღეა; - ისინი ამბობდნენ, რომ ეს "პრაზდნიკია". შესაბამისად, ეჭვიც კი არ შემაქვს, რომ ხმათა ის აბსოლუტური უმრავლესობა, რომელიც "ბაწკამ" მოიპოვა, არჩევნების რეალური შედეგია. დიახ, ვფიქრობ, რომ "ბაწკას" არჩევნების გაყალბება უბრალოდ არ სჭირდება...

მე ორი წლის წინ ვიყავი ირანში, სადაც ვესაუბრებოდი მოქალაქეებს, რომლებიც ამბობდნენ, რომ ცვლილებები უნდათ, მაგრამ არ შეუძლიათ ეს. აი, ბელორუსში კი, ადამიანებს შეუძლიათ ცვლილებები, მაგრამ არ უნდათ...

მე ვნახე, რომ ადამიანები, რომლებსაც ცვლილებები უნდათ, 10 ოქტომბერს ქუჩაში გამოვიდნენ და ათ მილიონამდე მოსახლედან მათი რიცხვი ათასს არ აღემატებოდა;

მე ვნახე, რომ ადამიანებმა, რომლებსაც ცვლილებები უნდოდათ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს და არჩევნებზე არ წავიდნენ;

მე ვნახე, რომ ადამიანები, რომლებსაც ცვლილებები უნდოდათ, ნობელის პრემიის ლაურეატით, სვეტლანა ალექსიევიჩით ამაყობდნენ;

მე ვამაყობ ბელორუსი ხალხით სვეტლანა ალექსიევიჩის ხედვების გამო.

მე იმედს მაძლევს ის ათასამდე დემონსტრანტი, რომლებმაც შესაძლოა, ბოლომდე არ იციან, რას ითხოვენ, მაგრამ ცვლილებები უნდათ.

მე ვამაყობ, რომ ათწლეულების წინ მამაჩემის თაობამ, რომლებსაც ჩემი თაობა გაუთავებლად ვსაყვედურობთ სამოქალაქო ომების, კიტოვანების, შევარდნაძეების, სააკაშვილების, გუბაზ სანიკიძეების, ბიძინებისა და ნინო ბურჯანაძეების გამო, "საბჭოთა კომფორტის ზონიდან" გამოაღწია და მომცა საშუალება, რომ ავირჩიო.

დიახ, მათ ჩემს თაობას არჩევანის უფლება მისცეს. მომცეს შესაძლებლობა, რომ ავირჩიო სიახლე და ცვლილებები. ერთ ადგილას დგომა ხო, რაც უნდა კომფორტული იყოს ის, რეგრესია. მხოლოდ ცვლილებებს მოაქვს განვითარება, პროგრესი და ვისურვებდი, რომ ბელორუსმა ხალხმა მომდევნო არჩევნებზე სწორედ ცვლილებები აირჩიოს.

გიორგი გიორგაშვილი

AMBEBI.GE

რა ქონებას ფლობს საჯარო მოხელე, რომლის ანაზღაურება პრეზიდენტისა და პრემიერის ერთად აღებულ ხელფასზე მაღალია

ეკა ბერიძე, ვიქტორ ყიფიანი, თამთა მეგრელიშვილი -  კიდევ ვინ შეიძლება ვიხილოთ "ქართული ოცნების" საპარლამენტო სიაში?

IRI-ის კეთილგანწყობის რეიტინგით: პირველი პატრიარქია, მეორე გამყრელიძე, მესამე გახარია... ივანიშვილი კი მეშვიდეა