"ყველაზე საშიში მესამე ძალაა" - ცრუ განგაში თუ სახელმწიფო გადატრიალების რეალური საფრთხე?!

"ყველაზე საშიში მესამე ძალაა" - ცრუ განგაში თუ სახელმწიფო გადატრიალების რეალური საფრთხე?!

24 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლების დასამხობად და მის ხელში ჩასაგდებად შეთქმულების მცდელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის, ლევან იზორიას განცხადებით, საგამოძიებო მსვლელობას საფუძვლად კონტრდაზვერვის მიერ ჩატარებული სამძებრო ღონისძიებები და მედიაში გავრცელებული ინფორმაცია დაედო. მოგვიანებით აღნიშნულ საკითხზე მოდულის შენობაში მოწმის სტატუსით "ნაციონალური­ მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერიაც დაიბარეს.

ირაკლი სესიაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე:

- როდესაც სახელმწიფოებრიობას საფრთხე ემუქრება, სამართალდამცავებისგან ადეკვატური და დროული რეაგირება აუცილებელია. "ნაციონალებისგან" მსგავსი პროვოკაციები არ უნდა გამოვრიცხოთ - ანალოგიურ სცენარებს ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ხშირად გვთავაზობდნენ. საზოგადოებას კარგად ახსოვს "მოდელირებული ქრონიკა", ლაფანყურის სპეცოპერაცია, მუხროვანის ამბოხი და სხვა. ბუნებრივია, გამოძიების დასრულებამდე არა გვაქვს უფლება, პარტიის წევრები დამნაშავეებად გამოვაცხადოთ, თუმცა აღნიშნულ ინფორმაციაზე გამოძიების წარმოება და შესაძლო მოწმეების დაკითხვა სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულებაა. ეჭვს ის გარემოებაც ამყარებს, რომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ფონს თავად "ნაციონალური მოძრაობა" ძაბავს.­ არაერთხელ მოვისმინეთ არაკანონიერი მოწოდებებიც - კანონს არ დავემორჩილებით და ტელეკომპანიას ძალის გამოყენებით დავიცავთო. თუ ამ განცხადებებსაც გავითვალისწინებთ, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ოპოზიციის სამოქმედო გეგმაში ლოგიკურად ჯდება. შესაძლოა, უშიშროების სამსახურში მნიშვნელოვანი მტკიცებულებებიც არსებობს, თუმცა ამაზე გამოძიებამ თავად უნდა ისაუბროს.

დავით ბაქრაძე, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი:

- ვიმედოვნებ, ხელის­უფლების თამაში ქართველი საზოგადოებ­ისთვის გასაგებია - მას ურთმელიძის გადაწყვეტილებაზე საზოგადოების საპროტესტო ტალღა აშინებს. ამიტომ ცდილობენ, სიტყვის თავისუფლების დასაცავად გამოსული ადამიანები სახელმწიფო გადატრიალების მონაწილეებად გამოაცხადონ. პრიმიტიული გეგმაა - ჯერ ერთი, ფაქტობრივი მტკიცებულებები არ არსებობს და გამოძიება რუსეთში დარეგისტრირებულ საიტზე გამოქვეყნებული მასალის საფუძველზე დაიწყო. ამ საიტზე იმასაც წაიკითხავთ,­ რომ სააკაშვილი მაკკეინთან ერთად ბავშვების ორგანოებით ვაჭრობს. პოლიტიკოსობას რომ თავი დავანებოთ, მსგავს ინფორმაციაზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და შემდეგ ამის საფუძველზე ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის დაკითხვაზე დაბარება 1937 წლის მმართველობის სტანდარტში ჯდება. რომელ შეთქმულებაზე უნდა ვსაუბრობდეთ იმ ხელისუფლებასთან, რომლის პოლიტიკური რეიტინგი 14%-ს ვერ სცდება?

- იზორიას განცხადებით, მედიაში­ გავრცელებული ინფორმაციის გარდა, შეთქმუ­ლების მუხლით გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ოპერატი­ული ღონისძიებების საფუძველზეც­ დაიწყო.

- ეს დამატებითი შეშფოთების საფუძ­ველს გვაძლევს - გამოდის, ბოკერიასა და სააკაშვილს უკანონოდ უთვალთვალებდნენ?­ წარმოადგინოს უშიშროების სამსახურმა, რა იურიდიული საფუძველი არსებობდა თვალთვალისთვის, ან რა მტკიცებულებები მოიპოვა კონტრდაზვერვამ? რეალურად ეს მხოლოდ სიტყვის მასალად გამოიყენეს და გამოძიება რუსეთში დარეგისტრირებული საიტის საფუძველზე დაიწყეს.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია