"ველოდები დადგმებს, რომ ვითომ ჟურნალისტი დაიკარგა და ვიღაცას მოკვლით ემუქრებიან"

"ველოდები დადგმებს, რომ ვითომ ჟურნალისტი დაიკარგა და ვიღაცას მოკვლით ემუქრებიან"

"სიმართლე გითხრათ, 2007 წლის 7 ნოემბერსა და დღევანდელ მოვლენებს შორის ბევრ პარალელს ვერ ვხედავ. ერთადერთი, რაც მახსენდება, არის სახელმწიფო გადატრიალების ვირტუალური საფრთხის შექმნის მცდელობა, რომლის ავტორი მაშინაც და ახლაც "ნაციონალური მოძრაობა" იყო. რაოდენ საოცარიც უნდა იყოს, ამ პროცესის შუაგულში კვლავ ნიკა გვარამიაა, რომელიც იმჟამად გენერალური პროკურორის მოადგილე და ამ გამოგონილი გადატრიალების მცდელობის "აღკვეთის" ერთ-ერთი სულისჩამდგმელი გახლდათ. ახლა კი თავადაა ამ გადატრიალების საფრთხის შექმნის მოსურნე, რისთვისაც ყველაფერს აკეთებს", - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ველოდები დადგმებს, რომ ვითომ ჟურნალისტი დაიკარგა და ვიღაცას მოკვლით ემუქრებიან" / "კარგად გვახსოვს, რა ხდებოდა "ნაციონალების" დროს "იბერიასთან", "მაესტროსთან", "იმედთან" და ბეჭდვით მედიასთან დაკავშირებით და დღეს მათი მხრიდან სიტყვის თავისუფლებაზე ლაპარაკი კატეგორიულად მიუღებელია".

"2007 წლის 7 ნოემბერი თავიდან ბოლომდე იყო სახელმწიფოს გაუგონარი სისასტიკის გამოვლენის დღე, როდესაც სამაგალითოდ დასაჯეს განსხვავებულად მოაზროვნე საზოგადოება, რათა ღირსების შელახვითა და ფიზიკური ძალადობით ქვეყნის მოსახლეობაში შიში დაეთესათ. "იმედში" შეჭრაც ამას ემსახურებოდა. უკვე ცნობილია, როდესაც ამ საკითხს იმჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები განიხილავდნენ, იყვნენ ტელევიზიაში შეჭრის მოწინააღმდეგეები, რომლებიც ამბობდნენ, რომ საკმარისი იქნებოდა მაუწყებლობის გათიშვა, მაგრამ საბოლოოდ, ისევ და ისევ შიშის დასათესად, გადაწყვიტეს ამგვარად მოქცეულიყვნენ. რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას, ეს არის "რუსთავი 2"-ის მფლობელებს შორის ქონებრივი დავა, რაც პოლიტიკური ბრძოლის თემად იქცა უპირველესად იმიტომ, რომ ეს ტელევიზია არ არის ჩვეულებრივი მედიასაშუალება. ის გახლავთ "ნაციონალური მოძრაობის" პარტიული ორგანო, რომელსაც ვერაფრით ელევიან და მზად არიან, ამისთვის ქვეყნის ინტერესებიც კი დააზარალონ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

"ვითარება სახიფათოა, ამიტომ ხელისუფლებას მოვუწოდებ, იმოქმედოს ძალიან ფრთხილად და ყველაფერი გააკეთოს პროცესების გამჭვირვალობისთვის. მიმაჩნია, რომ აუცილებელია ჩამოიყვანონ უცხოელი დამკვირვებლები, ესა თუ ის საერთაშორისო მედიაორგანიზაციის წარმომადგენლები და საერთაშორისო სამართლის სპეციალისტები, რომლებიც ამ პროცესს დააკვირდებიან. ის განცხადებები, რაც დღეს გვესმის დასავლელი პარტნიორებისგან, ძალიან დამაფიქრებელია... მთავარი არ არის განჩინება, მთავარია ის აჟიოტაჟი, რაც ამ საკითხის ირგვლივ შეიქმნა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილის ყურადღება მიქცეულია თემისაკენ, რომლის საშუალებითაც მიმდინარეობს საზოგადოების გახლეჩის მიზანმიმართული პროცესი, რომელმაც შესაძლოა, ძალიან სახიფათო მასშტაბი მიიღოს. ამასთან, ამ პროცესში ჩართულია მთლიანად პოლიტიკური სპექტრი, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობა", - განაგრძობს რესპონდენტი.

"პრაქტიკულად, დღეს თითქმის გვაქვს ვითარება, როდესაც ქართულ მედიასივრცეში, ამის გარდა, არანაირი პრობლემა აღარ შუქდება. არადა, პრობლემები არსად წასულა, მეტიც, მაშინ, როდესაც საზოგადოების ყურადღება მიქცეულია ამ ერთი საკითხისკენ, ყოვლად არასწორი მგონია, რომ ამან გადაფაროს ქვეყნის დანარჩენი ცხოვრება და პრობლემები. ეს არის ამ პროცესის არასასიკეთო შედეგი, რაც ქვეყანამ უკვე იწვნია. როგორც ვთქვი, ეს ტელევიზია "ნაციონალური მოძრაობის" პარტიული ორგანოა, შესაბამისად, ჰყავს ძალიან ძლიერი დასავლელი მხარდამჭერები, რომლებიც არაფერს აქცევენ ყურადღებას, გარდა ამ კონკრეტული პრობლემისა და მზად არიან, ლამის საყოველთაო პრობლემად გამოაცხადონ. ის, რაც ხდებოდა "იბერიასთან", "მაესტროსთან", "იმედსა" და ბეჭდვით მედიასთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" დროს, კარგად გვახსოვს და როდესაც "ნაციონალური მოძრაობისა" თუ "რუსთავი 2"-ის წარმომადგენლები, განსაკუთრებით კი ნიკა გვარამია, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბერს "იმედის" დარბევის ფლაგმანი გახლდათ, ლაპარაკობენ სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე, ჩემთვის ეს კატეგორიულად მიუღებელია", - მიიჩნევს ექსპერტი.

"ბევრმა გააკრიტიკა განჩინებასთან დაკავშირებული რესპუბლიკელების ორაზროვანი განცხადებები, მაგრამ ეს ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა, ისინი სულ ასე იქცევიან. ჩემთვის გაუგებარია იმ ხალხის პოზიცია, რომლებიც ერთსა და იმავე საკითხს გუშინ სხვანაირად აფასებდნენ და დღეს აბსოლუტურად სხვანაირად აფასებენ... გეთანხმებით, ძალიან დამაფიქრებელია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება. განჩინებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი არაფერში დაურწმუნებია - ისინი დაარწმუნა იმ ისტერიკამ, რაც მას მოჰყვა, იმ შეფასებებმა, რომ საქართველოში დემოკრატიას საფრთხე ემუქრება, რაც მოისმინეს თავისი მეგობრებისგან, რომლებიც ან უშუალოდ "ნაციონალურ მოძრაობას" წარმოადგენენ, ან მასთან დაახლოებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს. ვიმეორებ, ხელისუფლებამ სწრაფად და ეფექტიანად უნდა მოახერხოს ამ პროცესის გამჭვირვალედ წარმართვის უზრუნველყოფა, რათა ჩვენს დასავლელ პარტნიორებს კითხვები აღარ დარჩეთ", - ამბობს მამუკა არეშიძე.

"მიმაჩნია, რომ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაა ისიც, როდესაც უცხო ქვეყნის გუბერნატორი, ვითომ დამოუკიდებელი ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორს ურეკავს და დირექტივებს აძლევს, მათ შორის ეუბნება იმასაც, ჟურნალისტებს რა და როგორ უნდა უთხრას. ვფიქრობ, ეს არანაკლები შეშფოთების მიზეზი უნდა გამხდარიყო. ჩვენ ვნახეთ ამ საკითხზე როგორც ქვეყანაში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარედანაც გამოხმაურებები, მაგრამ არა ისეთი სიმწვავის, როგორიც ახლა გაკეთდა. მაშინ მათი განცხადებები დელიკატური იყო, ახლა აგრესიულია. წლების განმავლობაში პირდაპირ სიმბიოზი შედგა უამრავ დასავლელ პოლიტიკოსსა და "ნაციონალურ მოძრაობას", ასევე რიგ საზოგადოებრივ ორგანიზაციასა და "ნაციონალებს" შორის. სამწუხაროდ, უცხოელებს ინფორმაცია, ძირითადად, "ნაციონალური მოძრაობისგან" მისდით. ის, რომ ბევრი დასავლელი პოლიტიკოსი არ არის გარკვეული ვითარებაში და რეაგირებას ახდენს პირველივე ინფორმაციაზე, ბუნებრივი რამაა, მაგრამ, როდესაც რიგი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები აქ არიან, ყველაფერს თავად ხედავენ, მაგრამ მაინც არაობიექტურ განცხადებებს აკეთებენ, ეს ნამდვილად ბადებს კითხვებს", - თვლის არეშიძე.

ნახეთ სრული ვერსია Kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია