ნატო-ს გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ ევროპული უსაფრთხოების წესები მოძველდა

ნატო-ს გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ ევროპული უსაფრთხოების წესები მოძველდა

საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში რუსეთის ქმედებები მეტყველებს, რომ რუსეთი ქვეყნის სუვერენიტეტს ხელშეუხებელ პრინციპად აღარ მიიჩნევს. ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი წერს სტატიაში, რომელიც რამდენიმე ევროპულ გამოცემაში გამოქვეყნდა. სტოლტენბერგი აღნიშნავს, რომ ვითარება ევროპაში ნაკლებად პროგნოზირებადი და სტაბილური გახდა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რუსეთმა ნატო-ს საზღვრებთან სამხედრო აქტივობა მნიშვნელოვნად გაზარდა და მზად არის, პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ძალა გამოიყენოს.

"ჩვენს სამეზობლოში მზარდ არაპროგნოზირებადობაზე საპასუხოდ, ნატო-მ ყველა მოკავშირის დასაცავად თავდაცვითი ზომები მიიღო. ჩვენ ამას გავაგრძელებთ, ვიდრე ამის საჭიროება არსებობს. ამასთანავე, ევროპაში გრძელვადიანი სტაბილურობის აღდგენა მოითხოვს ასევე, ევროპის უსაფრთხოების წესების მოდერნიზებას", - წერს სტოლტენბერგი.

ალიანსის გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ რუსული სამხედრო სწავლებების რაოდენობა ცივი ომის დასრულების შემდეგ უპრეცედენტოა. ბოლო სამი წლის განმავლობაში რუსეთმა 18 მოულოდნელი სამხედრო სწავლება ჩაატარა, ზოგიერთ სწავლებაში ჩართული იყო 150 000-ზე მეტი სამხედრო.

"ჩვენ ასევე ვხედავთ რუსეთის საჰაერო და საზღვაო აქტივობის გაზრდას, რაც როგორც ჩანს, მეზობლების რეაქციის შემოწმების მიზნითაც კეთდება", - აღნიშნავს სტოლტენერგი. სტოლტენბერგი ახსენებს მკითხველს, რომ სამხედრო სწავლების უფლება ყველა სახელმწიფოს აქვს, თუმცა რუსეთისგან განსხვავებით, ნატო სწავლებების გრაფიკს ყოველთვის ასაჯაროებს და იწვევს დამკვირვებლებს, მათ შორის რუსეთიდანაც. სტოლტენბერგი აღნიშნავს, რომ ეუთო-ს წევრები, მათ შორის რუსეთიც, შეთანხმდნენ ევროპაში სამხედრო აქტივობის რეგულირების წესებზე, რომელიც დაგეგმილი სწავლების შესახებ წინასწარ შეტყობინებას და მონიტორინგს ითვალისწინებს.

"ეს ზომები ასახავს საერთო პრინციპებს, რომელიც მიმართულია ევროპაში კონფლიქტის არიდებასა და ამასთანავე, ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის პატივისცემისკენ. მიუხედავად ამისა, რუსეთის ქმედებები უკრაინაში, მანამდე საქართველოში და ასევე მოლდოვაში მეტყველებს, რომ მოსკოვი აღარ მიიჩნევს ამ პრინციპეს ხელშეუხებლად", -წერს სტოლტენბერგი.

ნატო-ს გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ "ეს არის ახალი ცივი ომი, არამედ გამაფრთხილებელი სიგნალია".

"ფაქტია, რომ ევროპული უსაფრთხოების წესები მოძველდა. ჩვენ ამ წესების მოდერნიზება უნდა მოვახდინოთ, რათა ავსახოთ დღევანდელი რეალობა და კვლავ ჩავრთოთ რუსეთი. ჩვენ ძალისხმევა უნდა გავაორმაგოთ და გავაძლიეროთ ევროპული უსაფრთხოების წესები. ამის გარეშე, ევროპაში გრძელვადიანი სტაბილურობა არ იქნება", -წერს სტოლტენბერგი.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."