ნახვამდის, Mr. Prime Minister

ნახვამდის, Mr. Prime Minister

გთავაზობთ ბლოგს, რომლითაც ავტორი პრემიერის პოსტიდან გადამდგარ ირაკლი ღარიბაშვილს "ემშვიდობება":

"ბატონო პრემიერო, დიახ, პრემიერო, თქვენ ევროპაში სწორედ ასე მოგმართავდნენ, მერე რა, რომ მიდიხართ. იმ ევროპაში, სადაც მალე საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ შეუშვებენ, თქვენ სულ Mr. Prime Minister იქნებით და კიდევ, ევროპის ყველაზე ახალგაზრდა ლიდერი...

2 წელი, 1 თვე და 3 დღე დავითვალე, თქვენი პრემიერ-მინისტრობის პერიოდი. მერე თქვით, რომ მიდიხართ და მოვალეობის შემსრულებელი გახდით... თქვენს "ფეისბუქს" გადავხედე დილიდან და წარმატებებს გისურვებენ, იმაზე მეტს, ვიდრე გქონდათ - 31 წლის ასაკში უკვე საქართველოს მე-11 პრემიერ-მინისტრი იყავით.

ინტერნეტში, თქვენი პოლიტიკური კარიერის დასაწყისად 2012 წელი იძებნება. მე ჯერ კიდევ "ქართული ოცნებიდან" მახსოვხართ, პარლამენტის წევრი და მალევე შინაგან საქმეთა მინისტრი რომ გახდით. შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დღემდე განსაკუთრებული გრძნობები გაკავშირებთ, ასე მგონია. შემდეგ, პრემიერის რანგშიც, თითქმის არასოდეს სარგებლობდით დაწერილი "სფიჩით", როცა საქმე შსს-ს და პოლიციას ეხებოდა.

მინისტრობის პერიოდიდან ყოველთვის განსაკუთრებით გამოყოფდით, რომ უკანონო თვალთვალის გზით მოპოვებული პირადი ცხოვრების ამსახველი აუდიო და ვიდეო ჩანაწერები უშუალოდ თქვენი ხელმძღვანელობით განადგურდა. "ჩვენი მთავარი ღირებულება არის ადამიანი, მისი უფლებები და თავისუფლებები" - ეს ბოლოს, სამწლიანი საქმიანობის ანგარიშში თქვით ხაზგასმით, მანამდეც - არაერთხელ...

ფოტოგალერეა: ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის 2 წელი, 1 თვე და 3 დღე

შეწყდა პოლიტიკური ნიშნით დევნა და დისკრიმინაცია, ადამიანები გათავისუფლდნენ შიშისგან; დეპოლიტიზებულია პოლიცია; შექმნილია უმთავრესი წინაპირობა ბიზნესის, ეკონომიკის განვითარებისთვის - ბიზნესს აღარ აშანტაჟებენ, არ მოითხოვენ მისგან პოლიტიკურ ლოიალობას; უზრუნველყოფილია სიტყვის თავისუფლება, ხელისუფლების ჩაურევლობა მედიაში, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა; საარჩევნო, თვითმმართველობის, შრომის კოდექსის, სხვა კანონთა ცვლილებებით მომზადდა საფუძველი ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელი შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად; ჩატარდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ციკლი, რამაც ხელი შეუწყო დემოკრატიული პროცესის კონსოლიდაციას; ძლიერდება სახელმწიფო ინსტიტუტები; მმართველობის სისტემა გამჭვირვალე და ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული გახდა - ეს ყველაფერიც სამწლიან ანგარიშში გვითხარით. იმ დღეს, მიღწევებზე სასაუბროდ ორი საათი დაგჭირდათ. წასვლის წინ ყველაფერი 5 წუთში ჩაატიეთ...

"ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრდა მშვიდობა და სტაბილურობა, კანონიერება და ჰუმანურობა, ჩვენს მოქალაქეებს დავუბრუნეთ ყველაზე მთავარი - თავისუფლება და ღირსება. ასევე, ჩვენს მიერ გატარებული მასშტაბური რეფორმებითა და უპრეცედენტო სამთავრობო პროგრამებით, შევქმენით მყარი საფუძვლები ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობისთვის. ჩვენ ასევე მივაღწიეთ ისტორიულ შედეგებს: გავაფორმეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და დავიწყეთ თავისუფალი ვაჭრობა; მივიღეთ თანხმობა უვიზო მიმოსვლაზე ჩვენი მოქალაქეებისთვის, რითაც უკვე შეუქცევადი გახდა ჩვენი ქვეყნის ინტეგრაცია ევროპულ ოჯახში. დღეს, ისე როგორც არასდროს, ადამიანზე ორიენტირებული და პრაგმატული პოლიტიკით, ჩვენი ევროპული პერსპექტივით ყალიბდება რეალური საფუძველი ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის. ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული ფუნქციის აღდგენაზე - საქართველო აქტიურად ჩაერთო აბრეშუმის გზის საერთაშორისო პროექტში და ხდება რეალურად დამაკავშირებელი ხიდი აზიასა და ევროპას შორის" - გრძელი სიტყვა მოკლედ რომ თქვით, დეპუტატებმა გისაყვედურეს.

მეც გსაყვედურობთ, ოღონდ სულ სხვა რამეს - მედიის და სამოქალაქო საზოგადოების ხშირ კრიტიკას და იმპულსურ განცხადებებს, პრემიერ-მინისტრს რომ არ შეეფერებოდა, ხშირად...

გუშინ ყველაფერი სხვაგვარად იყო... ბევრი მადლობა უთხარით ქართველ ხალხს, თანამებრძოლებს და ოჯახს... "მე დღეს ვტოვებ თანამდებობას, მაგრამ ვრჩები ჩემი სამშობლოს ერთგულ ჯარისკაცად!" - ყველაზე გულწრფელი სიტყვები იყო.

იცით, როდის ხართ კიდევ ყველაზე გულწრფელი? ბავშვებთან... ამან შეგაქმნევინათ "სოლიდარობის ფონდი", სიმსივნით დაავადებული 182 პატარას სიცოცხლე რომ იხსნა უკვე...

...რაც არ უნდა თქვან, თქვენ პოზიტიურ ნოტაზე წახვედით და პატრიარქის გულის ჯვარი მიგყვებათ...

ნახვამდის, ბატონო პრემიერო!"

ანნა ბერიძის ბლოგი

დაათვალიერეთ ფოტოები ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერობის არქივიდან

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."