რა წერია ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან ასოცირებისა და DCFTA-ს შეთანხმებების შესახებ გამოქვეყნებულ რეზოლუციის პროექტში

რა წერია ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან ასოცირებისა და DCFTA-ს შეთანხმებების შესახებ გამოქვეყნებულ რეზოლუციის პროექტში

ევროპარლამენტმა საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA) შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხზე რეზოლუციის პროექტი გამოაქვეყნა.

დოკუმენტში, რომელიც ევროპარლამენტის ვებგვერდზეა განთავსებული, ნათქვამია, რომ ევროპარლამენტი მიესალმება ევროკომისიის დადებით შეფასებებს საქართველო-ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხზე და აქვს მოლოდინი, რომ საბჭო და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები საქართველოსა და უკრაინასთან უვიზო რეჟიმის შემოღებაზე გადაწყვეტილებას არ შეაყოვნებენ.

ევროპარლამენტი რეზოლუციის პროექტში მოუწოდებს შესაბამის ევროპულ სტრუქტურებს, ასოცირების შეთანხმების ქვეყნებთან ერთად შეიმუშავონ ნდობის განმტკიცებისკენ მიმართული ზომები, რომელიც შეამსუბუქებდა კონფლიქტის შედეგად დაზარალებული და გამყოფ ხაზებთან მცხოვრები ადამიანების მდგომარეობას და ხაზს უსვამს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის მნიშვნელობას.

ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ უცხადებს მხარდაჭერას აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის წევრი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ხაზს უსვამს, რომ ყველა შეთანხმება, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ უნდა განხორციელდეს იმ გზით, რომ ხელი შეუწყოს ტერიტორიული კონფლიქტების მოგვარებას.

ევროპარლამენტი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში სასამართლო სისტემა სრულად დამოუკიდებელი უნდა იყოს და ხაზს უსვამს მედიიის რეალური თავისუფლების აუცილებლობას, ასევე შეშფოთებას გამოთქვამს ყველა იმ შემთხვევის გამო, სადაც სიტყვისა და მედიის თავისუფლება საფრთხის ქვეშ დგას.

რეზოლუციის პროექტის იმ ნაწილში, რომელიც უშუალოდ საქართველოს ეხება, ნათქვამია, რომ ევროპარლამენტი აფიქსირებს 2015 წლის დეკემბერში საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეცვლას და მიესალმება განცხადებებს საპარლამენტო ოპოზიციასთან თანამშრომლობის შესახებ, აქვე აღნიშნავს, რომ ბიზნესი და პოლიტიკა არ უნდა იყოს ურთიერთდაკავშირებული დემოკრატიულ ქვეყანაში.

ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო დროს განხორციელებულ რეფორმებს სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის სასამართლო სტრუქტურების სტაბილურობის, დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის გაძლიერების მიზნით, ასევე მიესალმება ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტალური თავისუფლებების დაცვის გაძლიერებისკენ მიმართულ ძალისხმევას, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს რეფორმები არასაკმარისია.

ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს, უზრუნველყოს მოსამართლეების შერჩევა გამჭვირვალედ, მათი დამსახურებიდან გამომდინარე და შეცვალოს მოსამართლეებისთვის 3-წლიანი გამოსაცდელი ვადის სისტემა.

ევროპარლამენტი აღნიშნავს, რომ სამართლებრივი დევნა უნდა იყოს გამჭვირვალე, ფაქტებზე დაფუძნებული, პროპორციული და თავისუფალი პოლიტიკური მოტივაციისგან.

ევროპარლამენტი კვლავ შეშფოთებულია პროკურატურის ანგარიშვალდებულების ნაკლებობის გამო და იმ ბუნდოვანი კრიტერიუმების გამო, რომლის მიხედვით ნიშნავენ პროკურორებსა და გამომძიებლებს.

ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს, გააგრძელოს ძალისხმევა რათა უზრუნველყოს სასამართლო სისტემაში, პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში, ასევე ახლად შექმნილ უსაფრთხოების სამსახურში სრული დამოუკიდებლობა, ეფექტურობა, მიუკერძოებლობა და პროფესიონალიზმი და მოუწოდებს საქართველოს, გამოიჩინოს პოლიტიკური ნება ამ ინსტიტუტების ანგარიშვალდებულებისთვის მექანიზმის შესაქმნელად.

ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში ასევე ნათქვამია, რომ ყოფილი მთავრობების ჩინოვნიკებისა და მოქმედი ოპოზიციის წევრთა დაპატიმრება შესაძლოა შეიცავდეს შერჩევითი სამართლის ნიშნებს.

ევროპარლამენტი ასევე, შეშფოთებას გამოთქვამს, რომ სასამართლო სისტემა შესაძლოა გამოყენებულ იქნას პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლისთვის, რამაც შეიძლება, საქართველოს ევროპულ კურსს და საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას დემოკრატიული რეფორმების სფეროში ძირი გამოუთხაროს.

ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, განსაკუთრებით 2016 წლის საპარლამენტიო არჩევნების ფონზე, შექმნას ხელსაყრელი გარემო თავისუფალი მედიისთვის, რათა შესაძლებელი იყოს მედიის საქმიანობა თავისუფლად და ობიექტურად, პოლიტიკური თუ ეკონომიკური ზეწოლის გარეშე.

ევროპარლამენტის ასევე შეშფოთებას გამოთქვამს "რუსთავი 2"-ის მფლობელისა და სარედაქციო პოლიტიკის "შეცვლის მცდელობებისა" და საქართველოში მედიის თავისუფლების მდგომარეობის გამო.

როგორც რეზოლუციის პროექტშია აღნიშნული, "სასამართლოს არც ერთი გადაწყვეტილება არ უნდა უქმნიდეს საფრთხეს მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობას".

ევროპარლამენტი ასევე, გმობს საქართველოში სტალინის მემორიალებისა და ქანდაკებების აღდგენის მცდელობებს და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მოახდინოს დისტანცირება მსგავსი საქმიანობისგან და გამოხატოს პატივისცემა სტალინიზმის მილიონობით მსხვერპლისადმი.

აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტი მხოლოდ რეზოლუციის პროექტია, რომელშიც განხილვის დროს შესაძლოა გარკვეული ცვლილება შევიდეს.

ევროპარლამენტი საქართველოსთან გაფორმებული ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ (DCFTA) შეთანხმებებზე დღეს იმსჯელებს, 21 იანვარს კი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შემუშავებულ რეზოლუციის პროექტს უყრის კენჭს.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა