"დედაჩემმა გამაღვიძა და მტკიცე ხმით მითხრა: მამაშენი აღარ არის..." - გიორგი კეკელიძის ტკბილ-მწარე წელიწადი

"დედაჩემმა გამაღვიძა და მტკიცე ხმით მითხრა: მამაშენი აღარ არის..." - გიორგი კეკელიძის ტკბილ-მწარე წელიწადი

ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორს, გიორგი კეკელიძეს გასული წელი შემოქმედებითად აქტიური ჰქონდა. პოეზიიდან პროზაში გადაინაცვლა და ერთ წელიწადში რამდენიმე დეტექტივი, ასევე რომანები შექმნა. მოკლედ, ამ კუთხით 2015 მისთვის წარმატებული აღმოჩნდა, თუმცა წლის ბოლოს დიდი ტკივილი განიცადა: ოჯახის ორი წევრი (მამა და ბებია) ერთდროულად დაკარგა, მისთვის ორივე დიდი დასაყრდენი და იმედი იყო... გიორგის ამჯერად განვლილი ტკბილ-მწარე წელი შევაფასებინეთ:

- იფიქრებდი, რომ ასეთი ტემპით ამდენ წიგნს გამოსცემდი?

- ჩემი ცხოვრება იმთავითვე არანორმალურ რეჟიმთან ერთად, მოულოდნელობებს გულისხმობს... ეს ერთგვარი გამოწვევაა და გარკვეულწილად იმდენად შევეჩვიე, რომ სხვანაირად არ შემიძლია. მოქმედების ადამიანი ვარ და წერაც, ვფიქრობ, მოქმედებაა. გონებით, ცხადია. 2015 წელს შვიდი ტექსტი გამოვეცი და მერვეზე დავიწყე მუშაობა. ხუთი დეტექტივი ("მურმანის სევდა"; "სიკვდილი პიცერიაში"; "ანასტასიას ზარი"; "საყურე"; "გოგლი-მოგლი") გამოსცა "პალიტრა L"-მა, რომანი "ორი თავგადასავალი" (გამომცემლობა "წიგნები ბათუმში"), "თომთეს ზღაპარი" ("ჯეოსელის" საახალწლო პროექტი) და "გურული დღიურები" წიგნი მეორე (saba.com.ge).

- რატომ ეს ჟანრები და ამის პროვოცირება რამ მოახდინა?

- თითოეული ჟანრი ჩემთვის, როგორც დამკვირვებლისთვის, ახალი სივრცე აღმოჩნდა, სადაც სხვადასხვა კუთხით ვხედავდი სხვადასხვა ადამიანს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება აღმოჩნდა.

- როგორ აფასებ ახლა, ამ გადასახედიდან საკუთარ ნამუშევრებს და რა ეტაპია ეს ყველაფერი შენს ცხოვრებაში?

- მგონი, ჩემი პოეზია ჯერ კიდევ უფრო ძლიერია, ვიდრე პროზა. თუმცა "გურული დღიურების" გაბესტსელერებამ ის ძალიან დაჩრდილა. "ორი თავგადასავალი" უფრო ახალი ეტაპია, საიდანაც დიდი პროზის კონტურები მოჩანს. ახლა მუშაობის გაათმაგებაა საჭირო.

- წარმატება შემოქმედებით ასპარეზზე, მაგრამ ტკივილი პირადში, - გასულ წელს დაკარგე მამა.

- წლის ფატალური ფინალი აღმოჩნდა... ყველაფერი ისე უცებ განვითარდა, ჯერ კიდევ გაცნობიერებას ვცდილობ, თუმცა დღიურების მეორე წიგნში უკვე დავწერე მასზე ორი თავი.

- მამას იშვიათად ახსენებდი შენს ნაწერებში. ძირითადი აქცენტი უფრო ბებიასა და დედაზე კეთდებოდა. რატომ?

- მამაჩემი ძალიან მორცხვი კაცი იყო, მორიდებული. ამიტომაც მას ვარიდებდი ყურადღების ცენტრში ყოფნას...

- რა ადგილი ეკავა შენს ცხოვრებაში და მისი დაკარგვის შემდეგ რას განიცდი?

- შეიძლება ითქვას - ცენტრალური, განსაკუთრებით ბავშობაში. ამ განცდებზე, როგორც გითხარით, უკვე დავწერე და ნაწყვეტებს ახალი წიგნიდან თქვენი მეშვეობით, მკითხველს გავაცნობ...

ზურიკო - მამაჩემი

უკვე მეოცე დღე მოვიდა, რაც სადღაც საათის ჩაძინებული, დილის ექვსისკენ, დედაჩემმა გამაღვიძა და საოცრად მტკიცე ხმით მითხრა: მამაშენი აღარ არის, გიორგი, იცოდე, შენ კარგად უნდა იყო, ასე უნდოდა მამაშენს. ყოფილა წუთი, როცა ერთროულად ყველაფერს ხვდები და ვერაფერსაც. მერე ეს წუთი სამუდამოდ გრძელდება. სხვა წუთებს გვერდით მიჰყვება გაყინული. სხვა წუთებში ყველაფერი ხდება, რაც სიცოცხლის წესია - სამუშაო, სიყვარული, შური, სიხარული, დაღლა, გაოცება, ტკვილი. ეს წუთი კი ისევ ისეთია. ეს დამატებითი წუთი. ზუსტად იმ ჭერის ფერი, რომელსაც უმიზნოდ ავხედე, როცა საგანგებოდ ჩემთვის გამაგრებულმა დედაჩემი, ის სიტყვები მითხრა. დედაჩემმა, თვითონაც ავადმყოფი, საღამოთი ფეხზე ძლივს რომ იდგა და ახლა ბზარდამალული ხმით მელაპარაკებოდა.

ის წუთი ალბათ არ გალღვება. არც დანარჩენ წუთებს შეერევა; თუ კი - მაშინ ხელოვნური გახდება ყველაფერი, ცხოვრება კი სხვა ამბებს გულისხმობს - მოუსვენრობას და სიცხეს. ასეთი წუთები სიკვდილის მერე დაიძრებიან. თუ სული არსებობს და თუ სული უკვდავია, ასეთ წუთებში იცხოვრებს სული. ეს იქნება მისი სამოთხე ან ჯოჯოხეთი. ჰო. ეს არასაახალწლო ამბავია. ან შეიძლება ყველაზე უფრო საახალწლოც. ოზურგეთში ახლა თოვს. სახლში ორი დავრჩით - მე და დედა. თოვის ხმის გაგონებამდე სიჩუმეა. მშვიდიც და აუტანელიც. ადამიანი კი გამოხატვის არსებაა. ამიტომაც ვზივარ და ვწერ: შეიძლება ვიღაცის ხმის გასაგონად. ან ხმის მისაწვდენად. ან ისე, უბრალოდ. არ ვიცი.

და-ძმა არ მყავს. თითქმის ფატალური სიყვარულით მზრდიდა - საკუთარი გამოგონილი თამაშები, გაჭირვების საპირწონე მისივე გამოთლილი ხის სათამაშოები, "მსოფლიო ჩემპიონატები" პენალტებში ჩოგბურთის საიდანღაც გაჩენილი ბურთით, ოთახში. მათემატიკის რვეულის ფურცლებზე გემების ჩაძირობანა. "მენეჯერი" - იყო ასეთი სამაგიდო შესაქცევი. დომინო. ერთ ოთახში გვეძინა და მთელი ღამე ვლაპარაკობდით. საკუთარ ოცნებებზე მიყვებოდა. ვერახდენილ ოცნებებზე. ჭიანჭველას არ მოკლავდა, შვილებთან მიდისო. მუშაობდა სულ. თავდახრილი. იქ დავკრძალეთ, სადაც ერთად ვეძებდით ბალახს ძროხისთვის. უკვე თურმე ავადმყოფმა სათხილე მთლიანად მოიარა, შეალამაზა. ლოგინზე რომ იწვა, მითხრა, მგონი, ღობესთან ერთი ძირი თხილი დამრჩაო. შეიძლება ხუმრობდა. ან არც. ოცნებებზე გითხარით. ჭადრაკს თამაშობდა. რაიონის ჩემპიონი იყო. მსოფლიო ჩემპიონობა უნდოდა. სიმორცხვემ დაძლია და რეგიონულ ტურნირზე არ წავიდა. საავადმყოფოში, ახლა, მხოლოდ საჭადრაკო ამოცანები მიმატანინა. მის საფლავზე აუცილებლად იქნება ჭადრაკის დაფის ძეგლი - როგორც მსოფლიო ჩემპიონის. სხვა ოცნებებს მე ავახდენ. აქამდეც ვაკეთდები. ესაა ჩემი აქაური საქმე.

- ასევე საოცარი ამბავია ისიც, რომ ბებიამ, რომელმაც გარდაცვლილი სიძე დაიტირა, იქვე სთხოვა, ისიც "წაეყვანა", - აღმოჩნდა, რომ რამდენიმე დღეში ისიც დაკარგე... ეს ის ბებიაა, რომელსაც ნაწერებში საკმაო ადგილიც მიუჩინე?

- კი, მედიკო, დედაჩემის დედა, გამორჩეული ადამიანი გახლდათ, მასზეც დავწერე და ნაწყვეტები "გურული დღიურების" მეორე წიგნში:

მენდე-მედიკო

მედიკო, ბებიაჩემი, ასე მოიქცა. მამაჩემის პანაშვიდზე მოვიდა და უთხრა: ახალ წლამდე წამიყვანეო. მანამდე მეზობლებისთვის დაუბარებია: ზურიკელას რამე რომ მუუვიდეს, ვერ გადევიტანო. ჰოდა, მოვიდა და წაყვანა თხოვა. იქვე გარდაიცვალა. ზურიკოს სიკვდილიდან მესამე დღეს. საღამოს ჩამეხუტა. "ახლა შენ ხარო", - მხოლოდ ეს მითხრა, თითქოს ბუნდოვანი, მაგრამ ძალიან ზუსტი წინადადება. საერთოდაც ძალიან ზუსტი ქალი იყო. ნატანებში ცხოვრობდა. სანამ ოზურგეთში წამოვიდოდა, მამაჩემის დასატირებლად, სახლი დაულაგებია. რომ მივასვენეთ, ყველაფერი დაგვხვდა სასტიკი, მაგრამ აუცილებელი დეტალებით: "ყბის ასაკონი" ნაჭერი, გასაპატიოსნებელი ხელთათმანები, გამპატიოსნებელთა გვარ-სახელებით, გადასაფერებელი, საწვიმარი ბრეზენტი, საკუბოე ტანსაცმელი. ყველაფერი ლოგინზე ეწყო. ლამაზად. სკამზე მისი საუკეთესო ხალათი დაგვხდა გადაეფინა საგანგებოდ და "პორტმანით" საკუთარი "დასასფლავებელი" ფული მიემაგრებინა. დიახ, ბებიაჩემი, მედიკო, ასე მოიქცა.

- საბოლოოდ, ძალიან რომ არ ვიფოლოსოფოსოთ, რა შეფასებას გაუკეთებდი 2015 წელს, შენთვის მწარესაც და ამავე დროს - ტკბილსაც...

- ცხოვრებას თუ ფილოსოფიურად არ შევხედავთ, ძალიან მომაბეზრებელი და მტკივნეული იქნება... 2015 წელი ჩემთვის იყო მტკიცე დასტური იმისა, რომ ყველაფერი პირობითი და ძალიან მცირეხნიანია. მათ შორის ეს წარმატებაც, ხალხის სიყვარულიც და სხვა სიკეთეები უცებ და ადვილად ნაცვლდება დიდი, გარდაუვალი ტკივილებით...

- და ამ ყველაფრის ფონზე მთავარი რა არის, რაც ისწავლე?

- რომ ეს ასპარეზი ძალიან მოკლე დროს გულისხმობს და რაც შეგვიძლია, მასში უნდა ჩავატიოთ და მოვასწროთ. მოძრაობა, სანამ შეგვიძლია. სიცოცხლე, სანამ ცოცხლები ვართ. სხვა არჩევანი არც გვაქვს...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ