ნანი ბრეგვაძე მიხეილ სააკაშვილზე: "ქართველი ნებისმიერ შემთხვევაში უბრუნდება საკუთარ მიწას"

ნანი ბრეგვაძე მიხეილ სააკაშვილზე: "ქართველი ნებისმიერ შემთხვევაში უბრუნდება საკუთარ მიწას"

რომანსების ქართველი დედოფალი ნანი ბრეგვაძე 80 წლის ხდება. მომღერალი მრავალწლიანი კარიერის დასრულებას ივლისში, საიუბილეო საღამოზე აპირებს. ამის შესახებ ბრეგვაძემ უკრაინულ გამოცემა ГОРДОН-თან ინტერვიუში ისაუბრა. ამჟამად, მომღერალი 8 მარტს კიევში გასამართი კონცერტისთვის ემზადება. ნანი უკრაინულ სცენაზე ქალიშვილთან, ეკა მამალაძესთან და შვილიშვილთან, ნატალია ქუთათელაძესთან ერთად წარსდგება. მათთან ერთად უკრაინელი მსმენელისთვის ბუბა კიკაბიძეც იმღერებს.

ინტერვიუში რომანსების დედოფალმა არა მხოლოდ შემოქმედებით გეგმებზე და ოჯახზე, არამედ პოლიტიკაზეც ისაუბრა. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტი ელენა პოსკანნაია დასაწყისშივე გააფრთხილა: "პოლიტიკურ თემებზე არ ვისაუბრებ. ეს ჩემი საქმე არ არის. თანაც, ისეთი მდგომარეობაა, ღმერთმა არ ქნას, რამე წამოგცდეს - პრობლემები არ აგცდება"

- ახლა ხომ უკრაინაში ძალიან რთული ვითარებაა, მიდის ომი, ყველას უნდა ჰქონდეს საკუთარი არჩევანი და პოზიცია...

- მე მაქვს ჩემი მოსაზრება, მაგრამ არ მინდა ვისაუბრო, ზედმეტი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით. ინტერვიუზე იშვიათად ვთანხმდები, რადგანაც მისვამენ შეკითხვებს, რომლებსაც გულწრფელად ვპასუხობ, შემდეგ კი ვიღაცეები მას სხვანაირად იგებენ. ამიტომ, სჯობს არ შევეხო ასეთ თემებს. სჯობს, პოლიტიკით პოლიტიკოსები დაკავდნენ.

- ქართული გუნდის უკრაინულ მოღვაწეობას თვალყურს არ ადევნებთ?

- ვუყურებ სიახლეებს. საქმის კურსში ვარ, მაგრამ არ ვერთვები დისკუსიებში. სიბერის წლებში სულიერი სიმშვიდე მინდა და არა ემოციური ჩართულობა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ დისკუსიებში. არ მესმის, როგორ შეიძლება თქმა: ეს ადამიანები მიყვარს, ეს ადამიანები - არა. მე ყველა მიყვარს. მიყვარს უკრაინელები, რუსები, ბელორუსები, აზერბაიჯანელები, სომხები... ყველგან არიან არაჩვეულებრივი ადამიანები. ეძიეთ მათში კარგი და არა ცუდი. ასეთ შემთხვევაში, ყველა ბედნიერად იცხოვრებს დედამიწაზე.

- და მაინც, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ახლა ოდესის ოლქის გუბერნატორია. ვიცი, ბევრი ქართველი მიხეილ სააკაშვილზე გაბრაზებულიც კია იმის გამო, რომ მან მიიღო უკრაინის მოქალაქეობა და ვერ შეძლებს კიდევ ერთხელ გახდეს საქართველოს პრეზიდენტი. საინტერესოა, თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?

- ეს მე არ მეხება. მე მიყვარს ჩემი სამშობლო. საქართველო - ჩემი მშვენიერი ქვეყანა. ვერ წარმომიდგენია, რა შეიძლება გიყვარდეს მეტად. ვერ წარმომიდგენია, დავტოვო თბილისი! მეორეს მხრივ, ყველას თავისი ცხოვრება აქვს. მიემგზავრებიან ე.ი ასეა საჭირო. თუმცა, ერთი რამ ზუსტად ვიცი: არც ერთი ქართველი სამუდამოდ არ დარჩენილა საქართველოს საზღვრებს გარეთ და ოდესმე, ნებისმიერ შემთხვევაში უბრუნდება საკუთარ მიწას.

მომზადებულია gordonua.com-ის მიხედვით

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება