"ეს პროექტი ჩემი ნაწილია, თუნდაც ტელევიზორში ვუყურებდე" - რატომ წავიდა "ცეკვავენ ვარსკვლავებიდან" და მოსწონს თუ არა ნოე სულაბერიძეს შოუ მის გარეშე

"ეს პროექტი ჩემი ნაწილია, თუნდაც ტელევიზორში ვუყურებდე" - რატომ წავიდა "ცეკვავენ ვარსკვლავებიდან" და მოსწონს თუ არა ნოე სულაბერიძეს შოუ მის გარეშე

4 აპრილს, "ცეკვავენ ვარსკვლავების" მეექვსე სეზონი გრანდიოზულად გაიხსნა. პროექტს, რომელიც იმედის "ეთერში" 2012 წელს დაიწყო, წლების მანძილზე პროდიუსერი ნოე სულაბერიძე ხელმძღვანელობდა და მას სატელევიზიო შოუს წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის. თუმცა, აღნიშნული გადაცემიდან წასვლის შემდეგ, ის საზოგადოების წინაშე თითქმის არ გამოჩენილა. სად არის დღეს, რას საქმიანობს და რას ფიქრობს უკვე მის გარეშე მომზადებულ მეგაშოუზე - ნოე სულაბერიძესთან ვრცელი ინტერვიუ ჩავწერეთ.

- ახლა რაღაც გარდამავალი პერიოდი მაქვს. რამდენიმე დღის წინ ჩემი ბოლო სამუშაო კონტრაქტი დავასრულე. დიდი პროექტი იყო. რეალურად კი ახლა ისეთი ეტაპი მაქვს, როცა ბევრ რაღაცას ვაფასებ, ანალიზს ვუკეთებ, ვფიქრობ, დროს ბავშვებს ვუთმობ, ვვარჯიშობ და შესაბამისად, ამ ყველაფრისთვის დროც მაქვს. ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, არის და იქნება, საზოგადოების წინაშე ისეთი პროდუქტით წარდგენა, რომელიც ამა თუ იმ სივრცეში პატარა რევოლუციას მაინც მოახდენს და ინოვაციურია. ამჟამად ჩემი ფოკუსი გადართულია ისევ სატელევიზიო პროექტზე, რომლის მსგავსი ჩვენს სივრცეში ჯერ არ ყოფილა, რაც ვიცი, რომ ჩვენთან კარგად იმუშავებს. ვრცლად ჯერ ვერაფერს ვიტყვი, თან, ბევრი ტექნიკური სამუშაოა ჩასატარებელი, რომ ეს ყველაფერი მომზადდეს, მხოლოდ ტელევიზიის თანხმობა არ არის საკმარისი, შესაბამისი ტექნიკური ბაზაა საჭირო, რომლის მოძიებაზეც ახლა ვზრუნავ.

- როგორც ირკვევა, ტელევიზიით სერიოზულად ხარ მოწამლული...

- კი, და ჩემი ტელესაქმით მოწამვლა 2007 წელს მოხდა, როცა დავიწყე მაგ სივრცეში არსებობა...

- მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე პროფესია გაქვს, მაინც ტელევიზიამ მოგხიბლა?..

- კი, ვარ ქართული ენის ფილოლოგი ინგლისური ენის სპეციალიზაციით. ასპირანტურა პოლიტიკური მეცნიერების კუთხით მაქვს დამთავრებული და ამასთან, კიდევ ბევრი კურსი მაქვს გავლილი: მაგალითად, "იესემში" ბიზნეს-ადმინისტრირების კუთხით, უმაღლესი პოლიტიკური სკოლის კურსიც დავასრულე, კიდევ ბევრი ტრენინგი და სემინარი... სტუდენტობაც აქტიური მქონდა, იმ პერიოდში უცნაურად და მოულოდნელად, ჩემს უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე გავხდი... კამერასთან პირველი შეხება კი სარეკლამო კომპანია "სარკეში" მქონდა, რომელიც სარეკლამო სივრცეში იმ დროს მონსტრი იყო. ბევრი წარმატებული პროექტი გვაქვს მე და ლევან ბახიას ერთად გაკეთებული. შემდეგ უკვე "რუსთავი 2"-ში აღმოვჩნდი, მოგვიანებით კი - "თიბისი ტვ"-ში. დღესაც კვირა არ გავა, რომ მათთან არ შევიარო, ზაზა შენგელიასთან და გელა ბუბაშვილთან რაღაც თემებზე არ ვისაუბრო...

- ტელევიზიაში შენს საეტაპო პროდუქტად რომელს მიიჩნევ?

- "სიმართლის დროს", რომელსაც პრაიმტაიმის ზოლში დიდი რეიტინგი ჰქონდა. ის ეთერში გახმაურებული, ხშირად სკანდალური თემებითა და სტუმრებით გამოირჩეოდა. მძაფრ კითხვებზე იყო აგებული, რაც იმ პერიოდში სიახლე გახლდათ. ეთერში 40 გადაცემაზე მეტი გავიდა. ამ პროექტმა თავისი გააკეთა. დღეს ბევრი წარმატებული ადამიანი, რომლებიც არაერთ შოუს სტუმრობს, მაყურებელმა სწორედ "სიმართლის დროდან" გაიცნო.

- თუმცა შენი პროექტებიდან "ცეკვავენ ვარსკვლავები", ვფიქრობ, რომ ყველაფრის პიკია...

- ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა იყო ამ პროექტის გაკეთება, რომელმაც ჩემი ყველაზე დიდი ენერგია, ნერვები და რესურსი წაიღო, შვილივით მიყვარს, მგონია, რომ ჩემი მესამე შვილია. ვფიქრობ, რომ ყოველთვის ასე იქნება. ყველა წუთი, ყოველი თუნდაც დაძაბული ეპიზოდი, რომელიც "ცეკვავენ ვარსკვლავებთან" ასოცირდება, ჩემი არსებობის განუყოფელი ნაწილია.

- მაგრამ შენ დღეს აღარ ხარ ამ პროექტში...

- ჰო, მაგრამ ამას მტკივნეულად არ აღვიქვამ, რადგანაც ხშირად სიტუაციის ცვლა აუცილებელია. ადამიანებმა, გუნდმა, რომლებთანაც წლების განმავლობაში ამ პროექტზე ვმუშაობდი, საქმე კარგად ისწავლეს იმიტომ, რომ ამ ყველაფერს, თავის დროზე, სიყვარულით სწავლობდნენ. დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, როცა საქმეს გულით აკეთებ. ამ ნიშნით გამოირჩეოდა ჩემი გუნდი. მათთვის არ არსებობდა სამსახურში წასვლა-მოსვლის საათები და დარწმუნებული ვარ, ახლაც ასეა. შესაძლოა სიტუაციას სამსახურში გათენებაც მოეთხოვა და ამას ყველა სიხარულით თანხმდებოდა. მიხარია, რომ შოუზე ისევ ისინი მუშაობენ. გადაცემას იგივე რეჟისორი ჰყავს და იგივე პროდიუსერები, გოჩა ჩერტკოევის როლიც გაიზარდა. მისი შოუში მოწვევა თავიდანვე ეფექტიანი სვლა აღმოჩნდა.

- გაიხსენებ მაგ პერიოდს?

- კი, მაგრამ მანამდე ვიტყვი, პირველი, ვისთანაც მივედი, ეს იყო ნინო სუხიშვილი, რადგანაც ჟიურიში ცეკვასთან ასოცირებული ადამიანები გვჭირდებოდა. ნინოს იდეა მოეწონა და მალევე დამთანხმდა, შემდეგი ნინო ანანიაშვილი იყო, რომლის ასევე მადლიერი ვარ. ვინაიდან მეგაპროექტი იყო და საქართველოში მსგავსი არასდროს ყოფილა, ვეძებდი პიროვნებას, ვინც სანატრელი, მნიშვნელოვანი იქნებოდა მაყურებლისთვის და ლევან უჩანეიშვილს მივმართე, მის ჩამოსვლასაც აჟიოტაჟი მოჰყვა... მერე არხის ყველაზე რეიტინგული წამყვანი იყო ნანუკა ჟორჟოლიანი. რჩებოდა მეხუთე ადამიანი, ის უშუალოდ იმ ცეკვების პროფესიონალი უნდა ყოფილიყო, რასაც ვარსკვლავები წარმოადგენდნენ და თან, ეპატაჟურიც. იმ პერიოდში ინტერნეტით გოჩას ერთი ვიდეო ვნახე, მანამდე მის შესახებ არაფერი ვიცოდი, არსად მენახა, მისმა მეტყველებამ ყურადღება მაშინვე მიიქცია. მასში სწორედ ის დავინახე, რაც შოუსთვის საინტერესო იქნებოდა.

- შეიძლება ითქვას, რომ შენ აღმოგიჩენია...

- კი, თვითონ არხმაც არ იცოდა, ვინ ჩამომყავდა, მხოლოდ ვთქვი, რომ ვიპოვე ადამიანი, რომელიც შოუს მოუხდება და მენდნენ. თუმცა მაშინ გარკვეულ რისკზე წავედი, მიხარია, რომ იმ რისკმა გაამართლა, გოჩა ეკრანზე პირველივე გამოჩენისთანავე ხალხმა შეიყვარა. დღეს ამ ადამიანმა უკვე კარგად იცის პროექტი და შოუს განუყოფელი ნაწილია, - სადადგმო ნაწილში დამატებითი ფუნქციებიც აქვს შეთავსებული.

- რატომ წამოხვედი პროექტიდან?

- იმ პერიოდში პირად ცხოვრებაში რთული პერიოდი მქონდა, რაც სამუშაო პროცესთან არ იყო თავსებადი.

- არ ნანობ, რომ პროექტში არ ხარ?

- არ ვთვლი, რომ აღარ ვარ, რადგან როგორც ვთქვი, ეს პროექტი ჩემი ნაწილია, თუნდაც მაშინ, როცა მას ტელევიზორიდან ვუყურებ. მომწონს, რომ ყველაფერი ისე მიდის, როგორც მანამდე იყო, ისე დარჩა, როგორც იყო. ერთადერთი, რაც შეცვლილია, ის არის, რომ პროექტმა პავილიონში გადაინაცვლა. ლამაზად არის მოწყობილი იქაურობა, მაგრამ დიდი რაოდენობის მაყურებელს ვერ იტევს...

- მიუხედავად ამისა, პირველმა შოუმ კრიტიკა უკვე დაიმსახურა...

- კრიტიკა ჩემ დროსაც იყო... ჯერ მხოლოდ ერთი გადაცემა გავიდა, თუკი რაიმე ტექნიკური ხარვეზი იყო, გამოსწორდება, ამას მაყურებელი არ უნდა გამოეკიდოს. მნიშვნელოვანია, რომ წელს ბევრი კარგი მონაწილეა შოუში. ბონდარენკოს მოწვევაც არ იყო ცუდი სვლა, არც ის არის ცუდი, რომ პირველ ჯერზე გადაცემამ კარგი რეიტინგი დადო.

- კონკურენტი არხის კონკურენტი შოუს "იქს ფაქტორის" დროს რომ გადის, ეს სწორი გადაწყვეტილებაა?

- მაყურებლისთვისაა რთული, როცა ორი პოპულარული შოუ ერთდროულად მიმდინარეობს, მაგრამ არც ეგ არის პრობლემა, დღეს ტექნიკა ისეა განვითარებული, რომ მაყურებლების უმრავლესობას საშუალება აქვს, რაც გამოტოვა, გადაახვიოს და უყუროს, ვისაც ამის საშუალება არ აქვს, ის ინტერნეტით ნახავს. მოკლედ, ტელევიზიის კუთხით, ეს სვლა მესმის და აბსოლუტურად გამართლებულია, თუ გინდა, საკუთარი ძალები კონკურენტ არხს აჩვენო, ასეც უნდა მოიქცე.

- მოდი, შენს პირად საკითხებს დავუბრუნდეთ: ბოლო დროს წონაში საგრძნობლად დაიკელი, ეს ვარჯიშის დამსახურებაა?

- ერთი პერიოდი ძალიან მივუშვი საკუთარი თავი, რადგანაც მთლიანად გადართული ვიყავი საქმეში და არასწორი რეჟიმით ვცხოვრობდი, დარღვეული მქონდა კვების რეჟიმი და თითქმის არ ვვარჯიშობდი, არადა, ბავშვობიდან სულ სპორტით ვიყავი დაკავებული, კალათბურთს ვთამაშობდი. მერე ერთხელაც სარკეში ჩავიხედე და მივხვდი, რომ ყველა ნორმას გავცდი და საკუთარ თავს მიზნად დავუსახე, რომ ფორმაში უნდა ჩავმდგარიყავი. მიუხედავად იმისა, რომ წონაში დავიკელი, მიზანი იმისა, რომ ეს ფორმა შევინარჩუნო, არ დამიკარგავს. ვარჯიშის სამი მიმართულება მაქვს: გარკვეული დღეები კრივით ვარ დაკავებული, გარკვეული - კუს ტბაზე სირბილით და ასევე ფიტნესტრენაჟორებზე ვვარჯიშობ.

- პირად ცხოვრებაში რა ხდება?

- ცუდი არაფერი, მაგრამ აქაც გაანალიზებისა და გადაფასების პერიოდი მაქვს. რამდენიმე თვეა, მარტო ვარ, სიმართლე გითხრათ, პირველად არის ასეთი ეტაპი, როდესაც გვერდით არავინ მყავს, ამასთან, ზუსტად ეს მაძლევს დროს ფიქრისთვის, განვლილი ცხოვრების შეფასებისთვის და დასახული მიზნების განხორციელებისთვის.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება