პრემიერი გიგა ოთხოზორიას მკვლელის დაუყოვნებლივ დაპატიმრებას ითხოვს

პრემიერი გიგა ოთხოზორიას მკვლელის დაუყოვნებლივ დაპატიმრებას ითხოვს

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გიგა ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"ორ კვირაზე მეტი გავიდა იმ სასტიკი დანაშაულიდან, რომელმაც ყველა შეგვძრა. სამწუხაროდ, ჩვენ ამ დრომდე არ მიგვიღია არანაირი ცნობა, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელი დაკავებულია.

უკიდურესად შემაშფოთებელია ის გარემოებაც, რომ ამ ტრაგიკულმა ფაქტმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა პოზიტივი, რასაც ჩვენ მივაღწიეთ ნდობის აღდგენის მიმართულებით. მეტიც, ამ პირობებში, უაღრესად რთულდება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების გაგრძელება. ასევე, ეს ფაქტი მნიშვნელოვნად ართულებს ჟენევის დისკუსიების ფორმატში მიმდინარე დიალოგს, მანამ, ვიდრე დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები, გიგა ოთხოზორიას მკვლელის დაკავებასთან დაკავშირებით, უმოქმედობას იჩენენ.

გალის ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ბოლო შეხვედრის ფარგლებში, რომლის აღდგენაც, ვფიქრობთ, ძალიან დიდი მუშაობის შედეგი იყო, ჩვენმა წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს გადასცეს ყველა მასალა, მაგრამ სამწუხაროდ შედეგი არ დადგა.

მოცემულ ვითარებაში, არსებობს რისკი, რომ მკვლელს ვიღაც გაუსწორდეს. უფრო მეტიც, შეიძლება, ეს გააკეთოს იმ მხარემ, რომელიც პირდაპირ არის დაინტერესებული ნდობის აღდგენის პროცესის ჩაშლით.

ამიტომ, ვფიქრობთ, სასწორზე დევს ძალიან დიდი რამ! რისკები ძალიან მაღალია. არის ერთადერთი რაციონალური და სწორი ქმედება - ესაა მკვლელის დაუყოვნებლივ დაპატიმრება, თუნდაც დე-ფაქტო ხელისუფლების ხელთ არსებული ცალმხრივი, ჩვენს მიერ არაღიარებული ჩარჩოს ფარგლებში.

გალის შეხვედრის ფარგლებში, ჩვენ, რა თქმა უნდა, მოვითხოვეთ დამნაშავის დაუყოვნებლივ გადმოცემა, მაგრამ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ეს პირდაპირ დაუკავშირეს სტატუსის საკითხს და აპელირება მოახდინეს შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს არარსებობაზე. საკითხის საგანგებო ხასიათიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მკვლელი დაუყოვნებლივ იქნას დაპატიმრებული.

ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობა უნდა აღდგეს. ასეთი სისასტიკით ჩადენილი დანაშაულის დაუსჯელობა კი მხოლოდ გახსნის იარებს, რაც მხოლოდ ქართველი და აფხაზი ხალხის მტრების ინტერესშია. შესაბამისად, ჩვენ გვმართებს ცივი გონება, რათა ჩიხში შესული არსებული სიტუაცია ერთობლივი ძალისხმევით შემოვაბრუნოთ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."