პოლიტიკური შეფასებები მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ: "...მერაბიშვილის ოცნებების ნაწილი შესაძლოა, ახდა"

პოლიტიკური შეფასებები მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ: "...მერაბიშვილის ოცნებების ნაწილი შესაძლოა, ახდა"

ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას ქართველი პოლიტიკოსები ეხმაურებიან.

ხელისუფლება ევროსასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილის გასაჩივრებას აპირებს, სადაც ხარვეზებზეა მითითებული. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მანანა კობახიძემ განაცხადა, ხელისუფლება სამი თვის ვადაში მიმართავს დიდ პალატას, მათ შორის მე-18 მუხლთან დაკავშირებით: "ეს გადაწყვეტილება სამი თვის ვადაში ექვემდებარება გასაჩივრებას. ხელისუფლება გაასაჩივრებს ამ გადაწყვეტილებას თუნდაც იმ დარღვევასთან დაკავშირებით, რაც არის მითითებული. ეს გარკვეულ წინააღმდეგობაშიც მოდის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან, რომელიც კანონიერად მიიჩნევს პატიმრობას. თუ პატიმრობა კანონიერია, აქ ცხადია სხვა არავითარ მიზნებზე არ შეიძლება იყოს საუბარი, რაც მე-18 მუხლიდან გამომდინარეა. ხელისუფლება მიმართავს სამი თვის ვადაში დიდ პალატას მე-18 მუხლთან დაკავშირებით. არსად წერია, რომ ვანო მერაბიშვილი არის პოლიტპატიმარი ან გათავისუფლება უნდა მოხდეს სახელმწიფოს მხრიდან, რაზეც საუბრობს "ნაციონალური მოძრაობა" და ეს არის პოლიტიკური სპეკულაცია", - განაცხადა მანანა კობახიძემ.

მისივე თქმით, ევროსასამართლო მიუთითებს დარღვევაზე, რაც გამომდინარეობს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. "სასამართლოს რა თქმა უნდა, შეეძლო მეტი დასაბუთებულობა. ეს ხარვეზი არის და ამის გამო ხელისუფლება მზად არის აღასრულოს გადაწყვეტილება. კომპენსაცია რაც არის დაკისრებული, არის ნამდვილად მცირე ოდენობა. სხვა რაიმე არსებით ხარვეზზე საუბარი არ არის", - განმარტავს პარლამენტის ვიცე-სპიკერი.

"ხელისუფლებისა და საკანონმდებლო ნებისმიერი დამნაშავის ოცნებაა, ჰყავდეს ისეთი პროკურორი, გამომძიებელი, მოსამართლე, რომელიც ისეთ შეცდომებს დაუშვებს, რაც მას ამაზე აპელირების საშუალებას მისცემს" - ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა სასამართლოს გადაწყვეტილება.

"სასამართლოს გადაწყვეტილებების პატივისცემა უნდა ვისწავლოთ - საკუთარი სასამართლოსიც და სტრასბურგისაც, რომელსაც საქართველოზე იურისდიქცია აქვს, ამიტომ "ვეთანხმები", "არ ვეთანხმები", "მომწონს", "არ მომწონს" გამოსაყენებელი ტერმინები არ არის. ჩვენ სასამართლოს გადაწყვეტილებებს უნდა დავემორჩილოთ და შევასრულოთ. ნებისმიერი დამნაშავის ოცნებაა, ჰყავდეს ისეთი პროკურორი, გამომძიებელი, მოსამართლე, რომელიც ისეთ შეცდომებს დაუშვებს, რომელიც შემდგომ დამნაშავეს მისცემს საშუალებას ამაზე აპელირების. კანონში წერია, რომ საპროცესო უფლებები დაცული უნდა იქნეს და ასეთ შემთხვევაში, დამნაშავე სწორედ ამაზე ოცნებობს, რომ ამით მოახდინოს თავისი რეაბილიტირება. მეორე ოცნება დამნაშავეების, რომლებიც საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში არიან გარეული, ყავდეს ისეთი პოლიტიკური ოპონენტები ხელისუფლებაში, რომლებიც თავიანთი განცხადებებით შექმნიან ისეთ ფონს, რომ ვიღაცამ დაასკვნას, თითქოს ისინი პოლიტიკური ნიშნით არიან დევნილი და არა კანონი სდევნის მას. არ არის გამორიცხული, რომ ვანო მერაბიშვილსაც ჰქონდა ასეთი ოცნებები და მისი ოცნებების ნაწილი შესაძლოა, ახდა", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების არცერთ ფრაზაში "მინიშნებაც კი არ გვხვდება მერაბიშვილის შესაძლო პოლიტიკურ პატიმრობაზე".

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სასამართლომ ვანო მერაბიშვილის სარჩელი ძირითად ნაწილში უსაფუძვლოდ ცნო და დაადგინა მხოლოდ 2 ხარვეზი, რომელიც არ არის ვანო მერაბიშვილის არც წინასწარი პატიმრობის უკანონობის დადგენის და მითუმეტეს არც მისი ბრალეულობის უარყოფის საფუძველი.

"სტრასბურგის სასამართლომ დღეს გაავრცელა ოფიციალური გადაწყვეტილება რომლის სათაურში სიტყვა-სიტყვით არის აღნიშნული, რომ ივანე მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა იყო როგორც კანონიერი ისე დასაბუთებული. უნდა აღინიშნოს, რომ სტრასბურგის სასამართლომ წინასწარი პატიმრობის მიზანშეწონილობასა და ამ პერიოდში მერაბიშვილის უფლებრივ მდგომარეობაზე იმსჯელა. სასამართლოს კითხვები არ აქვს მერაბიშვილის ბრალეულობასთან დაკავშირებით, შესაბამისად სასამართლოს გადაწყვეტილება არავითარი ფორმით არ ცვლის ივანე მერაბიშვილის სამართლებრივ მდგომარეობას.

"ნაციონალური მოძრაობის" განცხადება იმის თაობაზე, რომ სტრასბურგის სასამართლოს აზრით თითქოს ივანე მერაბიშვილი მისი პოლიტიკიდან ჩამოცილების მიზნით იქნა დაპატიმრებული არის მტკნარი სიცრუე. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით ივანე მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა შეფასდა როგორც კანონიერი და დასაბუთებული. გადაწყვეტილების არცერთ ფრაზაში მინიშნებაც კი არ გვხვდება მერაბიშვილის შესაძლო პოლიტიკურ პატიმრობაზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დღეს, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის საქართველოს წინააღმდეგ შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით დადგენილება გამოაქვეყნა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."