ანგელა მერკელი საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე, ეკონომიკურ წინსვლასა და რუსეთთან ურთიეთობაზე

ანგელა მერკელი საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე, ეკონომიკურ წინსვლასა და რუსეთთან ურთიეთობაზე

ჩვენ ინტერესით ვადევნებთ თვალყურს საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებს და ეკონომიკის ლიბერალიზაციას, - ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბერლინში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ის ფიქრობს, რომ ეს არის მნიშვნელოვანი და კარგი საფუძველი ეკონომიკური ურთიერთობები გერმანულ საწარმოებთან გაუმჯობესდეს, განსაკუთრებით მშენებლობის სფეროში.

როგორც ანგელა მერკელმა აღნიშნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს უკვე შეხვდა გერმანული კომპანიების წარმომადგენლებს.

"ალბათ ჯერ გერმანიაში საკმარისად კარგად არ იცნობენ რამდენად დიდ წარმატებას მიაღწია საქართველომ. თუკი შევხედავთ მსოფლიო რეიტინგებს კონკურენტუნარიანობის და გამჭვირვალობის შესახებ, საქართველოს შესანიშნავი წარმატებები ჰქონდა", - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

მისივე თქმით, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციაზე.

"ჩვენ ვხედავთ, რომ ამან შეიტანა თავისი წვლილი, რომ ეკონომიკური კონტაქტები ევროკავშირის ქვეყნებსა და საქართველოს შორის გაიზარდა", - განაცხადა მერკელმა.

მერკელის განცხადების თარგმანს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციის საკითხი „შეჩერების მექანიზმის" კონტექსტში განიხილება.

„ჩვენ გასულ კვირას - ტელეფონით და დღესაც ვილაპარაკეთ ვიზალიბერალიზაციაზე. ევროკომისიამ დაადგინა, რომ საქართველომ შეასრულა ყველა კრიტერიუმი ვიზალიბერალიზაციისთვის. დღეს ლაპარაკია იმაზე, როდის მივიღებთ ჩვენ საბოლოო გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციის შესახებ. მე წინა კვირასაც, სატელეფონო საუბარში ვილაპარაკე ამაზე, რომ ჩვენ ვიზალიბერალიზაციას განვიხილავთ შეჩერების მექანიზმის კონტექსტში. ამას არ აქვს მაინცდამაინც საქართველოსთან უშუალო კავშირი, არამედ ზოგადად, თუკი დიდი სირთულეები წარმოიქმნება და მაგალითად, რომელიმე ქვეყნის ძალიან ბევრი მოქალაქე ჩამოვა და მოითხოვს პოლიტიკურ თავშესაფარს, როგორც შარშან სირიის შემთხვევა იყო - ამის განმეორება რადგან არ გვინდა, ვისწრაფვით შეჩერების მექანიზმისაკენ. ეს საკითხი ახლა ევროპარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე იქნება კენჭისყრა ევროპარლამენტში საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხებზე", - განაცხადა მერკელმა.

როგორც ანგელა მერკელმა აღნიშნა, გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ამაში მოიაზრებს სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს.

"ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ საქართველო პრაგმატულ ნაბიჯებს დგამს რუსეთთან. ჩვენ ამაზე ვილაპარაკეთ. მიხარია, რომ ჰუმანიტარული კონტაქტები, ადამიანებს შორის კონტაქტები არსებობს ამ რეგიონებთან და მივესალმებით საქართველოს ძალისხმევას ჟენევის ფორმატში წარმატების მისაღწევად", - განაცხადა ანგელა მერკელმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გერმანიის კანცლერი საქართველოში მოიწვია.

”ჩვენ ერთად ვემზადებით 2017 წელს, საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლის აღსანიშნავად. ამ მხრივ მრავალ საინტერესო ღონისძიებას ვგეგმავთ. მსურს ვისარგებლო შემთხვევით და მოვიწვიო გერმანიის ფედერაციული კანცლერი საქართველოში, რათ ჩვენთან ერთად აღნიშნოს საქართველო-გერმანიის მეგობრობის წელი”,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."