ცნობილი ქართველი კაცები, რომლებიც ცოლების და შვილების მშობიარობას დაესწრნენ

ცნობილი ქართველი კაცები, რომლებიც ცოლების და შვილების მშობიარობას დაესწრნენ

მშობიარობაზე მამაკაცის დასწრებამ, შესაძლოა, მის ფსიქიკას ზიანი მიაყენოს. ეს დასკვნა, თავის დროზე, ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გააკეთეს.

მათი განმარტებით, ბავშვის დაბადების პროცესის ყურება მამაკაცისთვის ბევრად რთული გადასატანია, ვიდრე ქალისთვის მშობიარობა. იმასაც ამტკიცებენ, რომ მშობიარობის პროცესზე მამაკაცის დასწრებამ მის ნერვებსა და გონებაზე შესაძლოა, ისეთივე გავლენა მოახდინოს, როგორც ომში ბრძოლამ...

სიტუაცია სახიფათოა განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქალს მძიმე მშობიარობა აქვს. ამიტომ, სპეციალისტები ქალბატონებს ურჩევენ, ბავშვი მეუღლის თანდასწრებით არ გააჩინონ და საყვარელ ადამიანს გაუფრთხილდნენ.

თუმცა, როგორც ჩვენში, ასევე უცხოეთში, მშობიარობას მეუღლეების გარკვეული ნაწილი მაინც ესწრება, მათ შორის არაერთი ცნობილი ადამიანი.

გია ჯაჯანიძე

გია ჯაჯანიძე ყველაფერში გამორჩეულია და ალბათ ერთ-ერთი პირველი მამაა, რომელიც საკუთარი ქალიშვილის მშობიარობას დაესწრო. "ჩემს შვილს ნაადრევი მშობიარობისას ტყუპი დაეღუპა, ამის მერე ვგრძნობდი, შინაგანად როგორ უჭირდა, ამიტომაც გადავწყვიტე, მის მშობიარობას დავსწრებოდი. როცა ჩემს სიძესთან ერთად მეც გამოვთქვი სურვილი, ექიმმა ხუმრობით გვითხრა: მეზობლებიც ხომ არ გინდათ, რომ მოვიყვანოთ? ბარემ სახლში ემშობიარა, ყველანი ერთად იქნებოდითო. ამის შემდეგ მისია ქალიშვილის მეუღლეს დავუთმე, რომელმაც ნახევარ საათში დატოვა ბლოკი. შემდეგ მე შევედი, სადაც ისეთი ემოციები დამეუფლა, ვერც გადმოვცემ. ახალი სიცოცხლის დაბადება საყურებლად საოცარი რამ ყოფილა. მსგავსი რამ მანამდე არ მინახავს და განმიცდია", - ამბობს გია. ტელეწამყვანის თქმით, სამშობიარო ბლოკიდან გამოსულს მთელი სხეული სტკიოდა და ემოციებისგან გაშეშებული იყო. იმ დღიდან მთლიანად შეიცვალა მისი შეხედულება ქალის, დედის, შვილის მიმართ.

ნიკა წულუკიძე

მეუღლის მშობიარობას დაესწრო თეატრმცოდნე ნიკა წულუკიძე და საკუთარი თვალით ნახა პირველი შვილის ამქვეყნად მოვლინება. ბლოკში იმის გამო შევიდა, რომ მეუღლე ძალიან შეეცოდა და მარტო ვერ დატოვა, ამიტომ მშობიარობაზე დასწრების გადაწყვეტლება მიიღო. "მამაკაცებმა ეს უნდა შეძლონ, რადგან იცოდნენ, რა ტანჯვას იტანს ქალი შვილის დაბადებისას, რომ შემდგომ მეუღლეს გული არაფერზე დასწყვიტონ. თან, ძალიან მაგარი გრძნობაა, ამ ყველაფერს რომ უყურებ. თუმცა თეკლამ ყველანაირი პრობლემის გარეშე იმშობიარა", - თქვა ბლოკიდან გამოსულმა ნიკამ.

კახა არაბიძე

ტელეწამყვან ანი გიუნტერის ქმარი ორივე ბავშვის დაბადებას დაესწრო. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი მამკაცების უმეტესობა, ამას ვერ რისკავს, კახა არაბიძემ ეს შეძლო. ანი გიუნტერი: "ჩემი მშობიარობა ძალიან კლასიკურად მიდის ხოლმე, ისე როგორც ფილმებშია, მშვიდად და მალევე მთავრდება პროცესი, ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ ჩემმა მეუღლემ რაიმე სტრესი მიიღო... თან, საკუთარ თავში დარწმუნებული რომ არ ვყოფილიყავი, ვაჟკაცურად გადავიტანდი იმ ყველაფერს, ნამდვილად არ დავასწრებდი მშობიარობას, არ მაქვს სურვილი, ქმარმა ჩემს კივილ-წივილს უყუროს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვთხოვდი, გარეთ გასულიყო. სამშობიარო ტკივილების დროს ხმაც არ ამომიღია, ლაპარაკი ზედმეტია ყვირილსა და ტირილზე".

ბაჩო ქაჯაია

მსახიობი ბაჩო ქაჯაია შვილების დაბადებას დაესწრო (სამი შვილის მამაა). მას და მის მეუღლეს თავიდანვე სურვილი ჰქონდათ, ბაჩო სამშობიარო ბლოკში ყოფილიყო და ამის შესახებ ექიმიც საქმის კურსში ჩააყენეს. "გარეთ რომ დავრჩენილიყავი, ვინერვიულებდი, რადგან არ მეცოდინებოდა, შიგნით რა ხდება. ასეთ დროს ადამიანის ფიქრები ცუდისკენ მიდის. ექთანმა დამიძახა, შეგიძლია, სამშობიარო ბლოკში შეხვიდეო, მაგრამ მაიძულებდა, იქნებ გადაიფიქროო. როცა ვერ გადამარწმუნა, ბლოკში შევედი და ყველაფერი კარგად დამთავრდა," - თქვა ბაჩომ. მიაჩნია, რომ შვილის დაბადება სასწაულია, რაც არ უნდა გამოტოვო. იმ დროს მხოლოდ სასიამოვნო ემოციებს იღებს ადამიანი... "არასდროს დამავიწყდება ჩემი შვილის პირველი ამოსუნთქვა და დანახვა".

თემო მჟავია

იუმორისტი თემო მჟავიაც დაესწრო შვილის დაბადებას, მიაჩნია, რომ ამით ცხოვრებაში ძალიან დიდი გამოცდილება მიიღო. "მანამდე მშობიარობა მარტივი მეგონა. ვფიქრობდი, ქალს შეიყვანენ, 15 წუთში ბავშვი გაჩნდება, მოგილოცავენ, შამპანური გაიხსნება-მეთქი... მშობიარობა ჯადოსნური, მაგიური პროცესი ყოფილა. რამდენიმე დღე გაოგნებული ვიყავი. თურმე ქალებს საკუთარ თავზე რამხელა ტკივილის აღება უწევთ".

ირაკლი კეიდია

მსახიობ ნანკა კალატოზიშვილის მშობიარობას მეუღლე ირაკლი კეიდია დაესწრო, რასაც ნანკა ასე იხსენებს: "დაესწრო არ ჰქვია იმას, ირაკლიმ მიიღო მშობიარობა! ღამის პირველი საათიდან ერთად ვიყავით პალატაში და ბოლო წუთამდე გვერდიდან არ მომშორებია. ჩემმა ექიმმა მითხრა, - მომხრე ვარ, მამები შვილის დაბადებას ესწრებოდნენო. თუმცა მძიმე პროცესია, მაგრამ მეუღლე რომ არ მყოლოდა გვერდით, ალბათ გამიჭირდებოდა. იმხელა მხარდაჭერას მიცხადებდა, რომ მისი მხარდაჭერა მამხნევებდა... ირაკლი მშვიდია და მშობიარობის დროსაც ძალიან მაწყარებდა. როცა პატარა დაიბადა, ირაკლიმ თქვა, შვილის დაბადება ყველა კაცმა უნდა ნახოს, რა დღეში ყოფილხართ ქალები, ამას ვერც ერთი კაცი გადაიტანსო".

ირაკლი ფირცხალავა

რუსეთში მოღვაწე მომღერალი ირაკლი ფირცხალავაც დაესწრო ცოლის მშობიარობას და ამ საქციელით მეუღლეს დიდი მხარდაჭერა გამოუცხადა.

ნოდი ლანდია (სოფო გელოვანის მეუღლე)

სოფო გელოვანი და ნოდი ლანდია ორი ბიჭის მშობლები არიან. მომღერალს მეუღლე და მამამთილი გინეკოლოგები ჰყავს, ამიტომ ფეხმძიმობისას ოჯახშიც კი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იყო. მიუხედავად პროფესიისა, ნოდის მაინც გაუჭირდა სოფოს მშობიარობაზე დასწრება: "პირველი შვილი რომ გაჩნდა, მეუღლე აქ არ იყო, რაზეც დანაკლისი მქონდა, ამიტომ მინდოდა, მეორეზე ჩემთან ერთად ყოფილიყო. სიმართლე გითხრათ, მეგონა, საქმე-საქმეზე რომ მიდგებოდა, ვეტყოდი, არ დაესწრო-მეთქი, მაგრამ მომინდა, ჩემთან ყოფილიყო, იმ დროს განსაკუთრებით გჭირდება ახლობელი ადამიანი, რომელიც გვერდში გეყოლება. მიუხედავად იმისა, რომ მას მშობიარობაზე დასწრების დიდი სურვილი არ ჰქონია, ეს ჩემ გამო შეძლო, მაგრამ ძალიან გაუჭირდა. მართალია, თავად გინეკოლოგია და ეს ყველაფერი მისთვის ახალი არ იყო, მაინც რთული აღმოჩნდა, რადგანაც ეს პროცესი დიდ განცდებს უკავშირდება, მით უმეტეს, როცა საქმე შენი ოჯახის წევრს ეხება", - აღნიშნავს სოფო.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სოფო გელოვანს კორონავირუსი დაუდგინდა - "მაქსიმალურად მქონდა შეზღუდული წასვლა-წამოსვლა... ვფიქრობ, ბავშვების მოტანილი ხომ არაა?”

"არასწორი და ცოტა პოპულისტური იყო ჩვენი გადაწყვეტილება, ბათუმში კარვების გახსნაზე... შეცდომების აღიარება არ გვიჭირს" - იმნაძე

ფოთში საოლქო საარჩევნო კომისიაში შემავალ ორ უბანზე კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა