მთავარმა პროკურატურამ ვანო მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

მთავარმა პროკურატურამ ვანო მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ვანო მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს მთავარი პროკურატურიდან აცნობეს.

"ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით", - აცხადებენ პროკურატურაში.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი და შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი აცხადებდა, რომ ის საკნიდან მაშინდელი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დავალებით გაიყვანეს და სხვადასხვა გახმაურებულ საქმეებზე ჩვენებების მიცემას აიძულებდნენ.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილთან მიმართებაში დაირღვა კონვენციის მე-18 მუხლი (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები) მე-5 მუხლის პარაგრაფ 1-თან ერთობლიობაში, იმ ფაქტის საფუძველზე, რომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა გამოყენებული იქნა პროკურატურის მიერ როგორც შესაძლებლობა, მოეპოვა ბერკეტები ამ საქმესთან დაუკავშირებელი გამოძიებისთვის, კერძოდ, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე, ასევე საქართველოს ექს-პრეზიდენტის ფინანსური საქმიანობის გამოსაძიებლად.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ