"დროა, მსოფლიომ გაგიცნოს!" - "ცეკვავენ ვარსკვლავების" დედოფლად აღიარებული სალომე ჭაჭუას პარტნიორები და შემოქმედებითი გზა

"დროა, მსოფლიომ გაგიცნოს!" - "ცეკვავენ ვარსკვლავების" დედოფლად აღიარებული სალომე ჭაჭუას პარტნიორები და შემოქმედებითი გზა

მეგაშოუ "ცეკვავენ ვარსკვლავების" მეექვსე ეპიზოდი დასრულდა, ვნებათაღელვა დაცხრა, ფინალისტები დასაჩუქრდნენ... ყველა-ყველა, მაგრამ ამ პროექტის დედოფალად ბევრს პროფესიონალი მოცეკვავე სალომე ჭაჭუა მიაჩნია. მოდი, ერთად გავყვეთ მის გზას პროექტის 6-წლიან ისტორიაში.

სალომე ჭაჭუა - პროფესიონალი მოცეკვავე.

დაბადების თარიღი - 1990 წლის 23 ივლისი.

ბავშვობიდან ცეკვავს, - თავიდან ქართულ ცეკვაზე დადიოდა, 13 წლიდან - სტუდია "თელაში", სამეჯლისო ცეკვებზე.

მონაწილეობა მიღებული აქვს ბევრ ჩემპიონატში და არაერთი თასის მფლობელია.

2012 წელს "ცეკვავენ ვარსკვლავებში" (პროექტი, რომელიც საქართველოში იმ წელს პირველად დაიწყო) ჩაერთო. მეწყვილე ლევან როსტოშვილი იყო, რომელიც როგორც მოცეკვავე, საკმაოდ სუსტი აღმოჩნდა, თუმცა სალომე როგორც პროფესიონალი, მასობრივად სწორედ მაშინ გაიცნეს, აღიარეს და შეიყვარეს. ჭაჭუას ცეკვით აღფრთოვანდა ჟიურიც და მის მიმართ კომპლიმენტებს დღემდე არ იშურებს. მისი ცეკვით მაყურებელიც მუდმივად აღფრთოვანებულია.

შემდეგ ეპიზოდზე შოუში მისი პარტნიორი მსახიობი გიორგი ვარდოსანიძე იყო, რომელიც პლასტიკური აღმოჩნდა და ცეკვის ანაბანას ალღო ადვილად აუღო. კარგი შედეგები ჰქონდა და საბოლოოდ, მეორე ადგილი დაიმსახურა, პრიზად კი - ავტომობილი. ამ ორი ადამიანის ცეკვით დაწყებული მეგობრობა დაოჯახებამდე მივიდა, თუმცა მათი ქორწინება ხანგრძლივი არ აღმოჩნდა, მალე დაშორდნენ.

მესამე ეპიზოდზე პროექტში სალომეს წყვილი კალათბურთელი ანატოლი (ტოლი) ბოისა იყო. მან კონკურსის წნეხს დიდხანს გაუძლო, ცუდ შედეგებს არ აჩვენებდა, თუმცა ფინალამდე მაინც ვერ მივიდა და კონკურსი ადრე დატოვა. სალომე ენერგიას, გამოცდილებას არც მისთვის იშურებდა, რომ პარტნიორი ტურებზე ღირსეულად წარმოეჩინა.

მეოთხე ეპიზოდზე ჭაჭუას მსახიობი ზურა გორგაძე შეხვდა. არც ზურა ცეკვავდა ცუდად, მაგრამ კონკურსი კონკურსია და  ადრე გამოეთიშა.

მოდევნო, მეხუთე ეპიზოდი სალომემ გამოტოვა, მონაწილეობა არ მიუღია. ამ პერიოდში ის მეუღლეს, გიორგი ვარდოსანიძეს უკვე დაცილებული იყო, თუმცა წელს, მეექვსე ეპიზოდში დაუბრუნდა პროექტს და პარტნიორად ისევ მსახიობი, ამჯერად, ანდრია გველესიანი შეხვდა. ანდრიამ სალომეს მხარდაჭერით იმდენი შეძლო, რომ ფინალში გავიდა და მეორე საპრიზო ადგილი დაიმსახურა, შესაბამისად, საჩუქრად, ავტომანქანა ერგო.

როგორც ნახეთ, შოუში ყველა მისი პარტნიორი გავიხსენეთ, უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ მათგან პირველი ადგილი არცერთს რგებია! ჩნდება ეჭვი, სპეციალურად ურჩევენ მას "გასაქაჩ" პარტნიორებს, თუ უბრალოდ, ასე ემთხვევა ხოლმე?!

არა, პროფესიონალი მოცეკვავეების მისიაც ამ შოუშიც ხომ ეს არის, - დაეხმაროს არაპროფესიონალს, მაგრამ ასეთი ძლიერი მოცეკვავის მეწყვილეს პირველი ადგილი ჯერ არ რგებია, რაც პირადად მე, უცნაურად მაკვირვებს.

მოკლედ, ამ მშვენიერ ქალბატონს წარმატება მოულოდნელად ეწვია. "ცეკვავენ ვარსკვლავების" პირველივე ეპიზოდის შემდეგ საქართველო აალაპარაკა, თავისი ოსტატობითა და მომხიბვლელობით უამრავი ადამიანის ინტერესი გამოიწვია. ცდილობს, იყოს ინდივიდუალური, არავის მიბაძოს. ამ ყველაფრის გამო, წელს, ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა, შორენა გაჩეჩილაძემ, კონკურსის ბოლოს უთხრა კიდეც, - სალომე განუმეორებელი ხარ, დადგა დრო, მსოფლიომ გაგიცნოს! ალბათ, მსოფლიომ უნდა გაიცნოს კიდეც ადამიანი, რომლისთვისაც ეს საქმე მთელი ცხოვრებაა, რისთვისაც თავს არ ზოგავს. "იმდენ დროს მოიცავს ჩემი საქმიანობა, რომ გართობისთვის თითქმის ვერ ვიცლი. ცალკე მოსწავლეებთან მეცადინეობა, ცალკე ვარჯიში, რაც ძალიან დიდხანს გრძელდება... თუ გსურს, რომ კარგი მოცეკვავე იყო, აუცილებლად უნდა გამონახო შენი სტილი... სხვათა შორის, ძალიან დადებით ემოციას და განწყობას ვგრძნობ ადამიანებისგან, მაყურებლისგან, რისთვისაც მადლობას ვუხდი," - მითხრა სალომემ ერთ-ერთ ინტერვიუში.

P.S. ვინაიდან კონკურსში მაყურებელი წყვეტს კონკურსანტების ბედს, ვის ერგოს ბინა თუ მანქანა, არა მგონია, ვინმეზე ნაკლები სიყვარული ჰქონდეს სალომე ჭაჭუას, ჰოდა, ერთი ბინა არც მას აწყენდა, მანქანა მაინც... მაგრამ აქ მავანი ვიცი, მეტყვის (თითქოს არ ვიცოდე), ეს ხომ არაპროფესიონალების კონკურსია?!

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება