ხათუნა სამნიძე დავით ნარმანიას თანამდებობიდან გადადგომისკენ მოუწოდებს

ხათუნა სამნიძე დავით ნარმანიას თანამდებობიდან გადადგომისკენ მოუწოდებს

"რესპუბლიკური პარტიისა" და თბილისის საკრებულოს ფრაქცია "რესპუბლიკელების" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე, ფრაქცია "რესპუბლიკელების" სახელით მოუწოდებს დავით ნარმანიას თანამდებობიდან გადადგეს.

როგორც ხათუნა სამნიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბოლო დროს თბილისის მერიაში მიმდინარე პროცესები არის სრულიად გაუმჭვირვალე.

"მე ვსაუბრობ, როგორც თბილისის საკრებულოს წევრი, ფრაქცია "რესპუბლიკელების" თავმჯდომარე. ბოლო დროს მიუხედავად ჩვენი არაერთგზის მოთხოვნისა, არ გვაქვს ინფორმაცია, რა პროცესები მიმდინარეობს საკადრო ცვლილებების თვალსაზრისით მერიაში. აქ დანიშნული სამსახურის უფროსები და სხვადასხვა თანამდებობის პირები ხშირად წარმოადგენენ სპეცსამსახურებს. ხაზს ვუსვამ, რომ ასეთი პროცესები მერიაში სახიფათოა. მერის ბოლოდროინდელი ქმედებები და გუშინ მისი განცხადებები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ის ვერ აცნობიერებს, მან ვერ გაიგო, მას ვერ გააგებინებს, რომ ის არის მერი, ანგარიშვალდებული ამომრჩეველთან. მას სჭირდება მუდმივი კომუნიკაცია. მას პრობლემა აქვს არა მხოლოდ მოქალაქეებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაციაში, ასევე საკრებულოს წევრებთანაც. მას უჭირს საკრებულოს სხდომაზე მოსვლა და ანგარიშის ჩაბარება", - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივას თბილისის მერისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ, რასაც სჭირდება საკრებულოს წევრთა ხელმოწერა, ხათუნა სამნიძის თქმით, კოდექსის თანახმად ამას სჭირდება 24 ხელმოწერა და საკრებულოს დღევანდელი შემადგენლობიდან გამომდინარე, ეს არარეალისტურია. ხათუნა სამნიძე მოუწოდებს პარტია "ქართულ ოცნებას", რომ აიღოს პასუხისმგებლობა და მოუწოდოს ნარმანიას თანამდებობა დატოვოს.

"ფრაქცია "რესპუბლიკელების" სახელით მოვუწოდებ დავით ნარმანიას, რომ დატოვოს თანამდებობა. ამით ის უზრუნველყოფს იმას, რომ დღეს დედაქალაქში შექმნილი ვითარება განიმუხტება", - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."