ავტორი:

"რატომ შენთან ერთად არ წამიყვანე? პირადი ცხოვრება რომ ბედნიერი მქონოდა, იქნებ ასე არ განმეცადა..." - რას სწერდა სესილია თაყაიშვილი გარდაცვლილ დედას

"რატომ შენთან ერთად არ წამიყვანე? პირადი ცხოვრება რომ ბედნიერი მქონოდა, იქნებ ასე არ განმეცადა..." - რას სწერდა სესილია თაყაიშვილი გარდაცვლილ დედას

ჟურნალი "ისტორიანი" აქვეყნებს ლეგენდარული სესილია თაყაიშვილის პირად წერილებსა და ანდერძს, რომლებიც საქართველოს ხელოვნების სასახლეშია დაცული.

სესილია თაყაიშვილი 1906 წლის 17 სექტემბერს ბათუმში დაიბადა. მშობლებმა მას ცეცილია დაარქვეს. მიუხედავად იმისა, რომ თეატრალური მოღვაწე მის ოჯახში არავინ იყო, გოგონა მსახიობობაზე ოცნებობდა. თაყაიშვილების სახლში ხშირად იკრიბებოდნენ ცნობილი ადამიანები, მათ შორის ხელოვანები, რომლებმაც მას არტისტობისკენ მიმავალი გზა გაუკაფეს და დიდი სცენისკენ სწორი მიმართულება მისცეს.

სესილია თავის მოგონებებში აღნიშნავს, რომ როგორც კი სახლიდან სტუმრებს გააცილებდნენ, იგი თითოეული მათგანის საუბრის მანერასა და მოძრაობას სარკის წინ იმეორებდა, ასე ცდილობდა 6 წლის გოგონა მსახიობური ნიჭის ყველასთვის დამტკიცებას. მისი მონდომება შეუმჩნეველი არ დარჩენილა, 1913 წელს მსახიობმა ელო ანდრონიკაშვილმა 7 წლის სესილია პირველად გამოიყვანა სცენაზე სპექტაკლში "ყვავილთა შორის", სადაც ერთ-ერთი ყვავილის როლი მიანდო. მართალია, დიდ სცენაზე არ მომხდარა, ჩვეულებრივ საცხოვრებელ ბინაში გამართული საბავშვო წარმოდგენა იყო, მაგრამ პატარა არტისტს სცენაზე დგომის სურვილი აუსრულდა.

შემდეგ შალვა დადიანის რეჟისორობით დადგმულ სპექტაკლ "ჰანელეში" ანგელოზის როლი განასახიერა უკვე ნამდვილ სცენაზე და დიდი მოწონებაც დაიმსახურა. მოგვიანებით, გიმნაზიაში სწავლის პერიოდშიც, რამდენიმე წარმოდგენაში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ სესილია ამას არ დასჯერდა.

1922 წელს, რეჟისორ აკაკი ფაღავას მიერ გახსნილ პირველ ქართული დრამატულ სტუდიაში ჩაირიცხა. სტუდიის პედაგოგთა შორის იყვნენ დიდი რეჟისორები - კოტე მარჯანიშვილი და სანდრო ახმეტელი. სტუდიის დასრულების შემდეგ შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის დასის წევრი გახდა, ოთხი წლის შემდეგ, 1930 წელს კოტე მარჯანიშვილის თეატრში გადავიდა და მთელ 36 წელიწადს ამ სცენიდან აჯადოებდა მაყურებელს.

სესილია თაყაიშვილი ქართული სცენის ერთ-ერთ უსაყვარლეს მსახიობად ჩამოყალიბდა. როლს როლი მისდევდა, წარმატება - წარმატებას და მისი სახით სახასიათო როლების საუკეთესო შემსრულებელი მოგვევლინა. კინემატოგრაფიამ ხომ თავბრუდამხვევი პოპულარობა მოუტანა. უწევდა სრულიად განსხვავებული როლების თამაში, რომელთაც თავს უდიდესი პროფესიონალიზმით ართმევდა. შესანიშნავად ასრულებდა კომედიურ როლებს, ასევე განუმეორებელი იყო ტრაგიკულ სცენებშიც.

მაყურებელთა გაოცებას იწვევდა მისი თითქოს უბრალოდ და იმავდროულად უდიდესი პროფესიონალიზმით შესრულებული როლები. ხან ჭორიკანა ვასასი, ხან ასინეთა და ხანაც უტყვი და ძალაგამოცლილი, უსუსური მარადია... თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სესილია თაყაიშვილი მსოფლიო მასშტაბის მსახიობი იყო და მხოლოდ ქართველები კი არა, სხვა ქვეყნის მაყურებელიც მის ოლღა ბებიაში, ნოდარ დუმბაძის მოთხრობისა და თენგიზ აბულაძის ფილმის ("მე, ბებია, ილიკო და ილარიონი") უბერებელი გმირის სახით, მასში საკუთარ ბებიას ხედავდა.

შვილიშვილებთან - ნატო და მანანა გოძიაშვილებთან ერთად (სესილია თაყაიშვილის საოჯახო არქივიდან)

აქ გვერდს ვერ ავუვლით ერთი ფრანგი რეჟისორის აღფრთოვანებულ სიტყვებს სესილიას როლების ხილვის შემდგომ - ეს ჩემი ბებიაა, რომელიც პროვინციაში ცხოვრობსო...

დიდი მსახიობის არქივში დაცულია უცნობი წერილები. მკითხველს გულგრილს არ დატოვებს მისი პირადი ცხოვრების ამსახველი წერილები, რომლებიც გარდაცვლილ დედას მისწერა... პირველივე წინადადების წაკითხვისთანავე, თვალზე ცრემლმომდგარი ვცდილობ ჩავწვდე მის მწუხარებას. ვხვდები, რომ დედის დიდმა მონატრებამ წარსულში დაბრუნება მოანდომა და დარდით სავსემ, საიდუმლო ფურცელს გაანდო.

ერთ-ერთ წერილში, რომელზეც წელიც კი არ აქვს სრულყოფილად მითითებული, წერს, - ალბათ პირადი ცხოვრება რომ მომეწყო, იქნებ ასე არ განმეცადაო.

მაყურებელი არ ითავისებს მსახიობის ცხოვრებას სცენისა თუ ეკრანს მიღმა, მით უფრო, მსახიობისა, რომელიც პირდაპირობითა და სამართლიანობით გამოირჩეოდა. გარშემო მყოფთა სიყვარულის მიუხედავად, სესილია გარდაცვლილ დედას შველას სთხოვდა: "მიშველე, თუ იოტისოდენა გიყვარვარ, მიშველე! არ ვიცი, რა დავაშავე, რატომ ვარ ასეთ დღეში. დავიღალე, დედა, დავიღალე. დედა..."

გთავაზობთ სესილია თაყაიშვილის სამ მომცრო წერილს, მიწერილს დედისთვის:

* * *

"ერთხელ შევეკითხე მძღოლს, რატომ მაყენებთ უხერხულ მდგომარეობაში-მეთქი? იცი, რა მითხრა? როგორ, ჩვენთვის ბედნიერებაა, რომ ჩვენს მანქანაში ჯდებითო. მე ვუპასუხე, ფული ყოველთვის აიღეთ და ერთი თხოვნაა, თქვენ გამასვენეთ-მეთქი. აი, ჩემი სიხარული. ეტყობა, ეს მაძლებინებდა, ამ უბრალო ხალხის დამოკიდებულება. ეს შეიძლება უმნიშვნელო ფაქტია, მაგრამ ამაში ბევრი რამ არის ჩაქსოვილი. უბრალო ხალხი, მშრომელი რომ დაგაფასებს, ეს რასაკვირველია, ბედნიერებაა.

საოცარი დამბადე, დედა, რატომ მერიდება ქების? ვცდილობ იმ წამსვე გადავიტანო ლაპარაკი სხვა თემაზე. თავაღებული გატუტუცებული ქებით არასდროს მივლია აქ, ამქვეყნად. შეიძლება ესეც მიზეზი იყო იმისა, ყველას აბუჩად ასაგდები ვეგონე, იუმორი კი მრავლადაა ჩაქსოვილი ჩემში შენგან. ეს იუმორი რომ არა, ალბათ ვერც მივაღწევდი სიბერემდე, მაგრამ ეს იუმორიც დამღლელი აღმოჩნდა. სხვას რომ არ ვუმხელ, ჩემთვის ვაზროვნებ და მეცინება, ვის გავუზიარო? ეს პირველი წერილია დედიკო.

თუ ვიცოცხლე, ბევრ რამეს გიამბობ. იყავი მშვიდად, შენ თუ გეწერა სიკვდილი, ბედნიერი წახვედი, იმიტომ რომ, შვილები თავს გევლებოდა".

"ჩემო დედიკო! მაპატიე რომ ვეღარ დავდივარ შენთან. დამნაშავე ვარ, იქნებ მსჯი, დედა! ძალიან მიჭირს, მიშველე თუ იოტისოდენა გიყვარვარ! მიშველე, არ ვიცი, რა დავაშავე, რატომ ვარ ასეთ დღეში. დავიღალე, დედა, დავიღალე. დედა... ცხოვრებამ მომკლა, რატომ შენთან ერთად არ წამიყვანე, რამდენი მაქვს გადატანილი უშენოდ, რომ იცოდე. შემიბრალე დედიკო, გეხვეწები.... შემიმსუბუქე დარდი.... ვიცი, მიგატოვე, არ გაქცევ ყურადღებას, მაგრამ თვითონ მე ხომ ავად ვარ. მიშველე, დედიკო".

"ჩემო დედა! 1956 წელი 16 თებერვალი. შენ აღარ ხარ. როგორი ძნელი იყო ჩემთვის შენი წასვლა. რა უბედური ვიყავი. ალბათ პირადი ცხოვრება რომ ბედნიერი მქონოდა, იქნებ ასე არ განმეცადა, მაგრამ შენ იყავი ჩემთვის ყველაფერი. შენ ძალიან ჭკვიანი ქალი იყავი. შენ არაჩვეულებრივი დედა იყავი. დიდ გაჭირვებაში გაგვზარდე ჩვენ. როცა გასვენებდით, იყო საშინელი ქარი, ქარბუქი. მოგყვებოდი და ვტიროდი. გემშვიდობებოდი. მინდოდა შენი გათბობა, შენ ალბათ გციოდა, ჩემო დედიკო. სხვა არავინ არ მახსოვს, შენი სახე მახსოვს მარტო, ლამაზი, შავი ხავერდის კაბაში. ოჰ, რა ძნელი იყო ჩემთვის, თითქოს პატარა გავხდი, თითქოს ძუძუ მინდოდა. რაც ჩაგასვენე ცივ მიწაში, იმ დღიდან არ მშორდები. ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს სულ ჩემს გვერდით ხარ. თითქოს ვეხები შენს სხეულს".

სესილია თაყაიშვილი 1984 წლის 22 მაისს გარდაიცვალა. მსახიობს თავის ოთახში ეკიდა დედის ფოტო და ზემოთ მოყვანილ წერილებს იმ ფოტოს უკან ინახავდა. აქვე იპოვეს მისი "ანდერძიც". წაიკითხეთ ანდერძი ვრცლად

თამარ მაისურაძე, საქართველოს ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმი

ფოტოები: ეროვნული არქივი

ცნობილი თურქი მსახიობი ამბობს, რომ მამის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო - "დედამ არ დამიჯერა, მითხრა, რომ არ გამემხილა, თორემ მამა მომკლავდა"

19 წელი ერთად - ჯულია რობერთსისა და დენი მოდერის სიყვარულის ამბავი, რომელმაც დროს გაუძლო

რევოლუციონერი, პოეტი, მექალთანე, "შესანიშნავი ქართველი" - რუსეთში დადგმული სკანდალური სპექტაკლი სტალინზე, რომლის პრემიერის შემდეგ, პუტინსაც კი მიმართეს