იჭმება თუ არა მტკვარში დაჭერილი თევზი?

იჭმება თუ არა მტკვარში დაჭერილი თევზი?

როდესაც მტკვრის სანაპიროს სურათებს ვნახულობ, ყოველთვის რომანტიულ ხასიათზე მაყენებს ფოტოზე აღბეჭდილი მეთევზეები, რომლებიც უკვე თბილისის განუყოფელ ნაწილად იქცნენ. თუმცა სანაპიროზე გასეირნებისას, ყველანაირი გრძნობა დაგეუფლებათ, გარდა რომანტიულისა. აუცილებლად შეგაწუხებთ მწველი არასასიამოვნო სუნი, რასაც შიგადაშიგ ტივად შეკრული ნაგვის მასაც ერთვის ქალაქის მთავარი მდინარის ზედაპირზე. შემდგომ მეთევზეების დანახვა არც ისე სასიამოვნოა, რადგან გიჩნდება კითხვა, ვინ ჭამს ამ ბინძურ მდინარეში დაჭერილ თევზს?!

ამ საკითხს თუ ჩავუღრმავდებით სულ მარტივად ვიპოვით პასუხს. რა თქმა უნდა, მეთევზე დილიდან-საღამომდე მხოლოდ თავისთვის არ დაიჭერს თევზს - რად უნდა ამდენი თევზი?! იგი ამ თევზს ბაზარში აბარებს, სადაც სხვადასხვა სახით იყიდება. მთელ თბილისის ბაზარს მტკვრის თევზი ვერ აითვისებს, თუმცა მისი ნაწილი თავისუფლად ხვდება დახლებზე, ხოლო შემდეგ ჩვენს სუფრაზე.

პრობლემის სათავე მტკვრის დაბინძურებაშია. მტკვარი სათავეს თურქეთში იღებს და იგი 5 ქვეყნის საზღვრებშია მოქცეული. საქართველოში იგი 351 კმ.-ზე მიედინება. ჩვენს ტერიტორიაზე, რასაც მტკვარი თურქეთიდან გამოსვლის შემდგომ გაივლის, არ არის მოწყობილი საკანალიზაციო სისტემები, თავისი გამწმენდი საშუალებებით, შესაბამისად, ყველაფერს, რაც შეიძლება, მტკვარი აგროვებს.

მტკვრის დაბინძურებაზე უფრო კონკრეტულად, "მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრების" ხელმძღვანელი, ნინო ჩხობაძე გვესაუბრება:

"თბილისის კოლექტორებში არ უნდა ერეოდეს არც კანალიზაცია, არც განარეცხი ან ზედმეტი რამ. ის უნდა იყოს აბსოლუტურად სუფთა, ანუ მხოლოდ წვიმის წყალი უნდა ჩადიოდეს შიგნით. ეს არ გადაცემულა კომპანიისთვის, რომელსაც მიყიდეს მთელი ეს წყალმომარაგების სისტემა თავისი კანალიზაციით. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ალაგ-ალაგ მაინც გვხვდება ქალაქში, რომ პირდაპირ არის მიერთებული. მაგალითად, ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა არის შენაკადები თბილისის პერიმეტრზე, რომელიც ბევრ შემთხვევაში არის დაბინძურებული. სადაც არის კერძო სახლები, ზოგ შემთხვევაში პირდაპირ არის მიერთებული და საბოლოო ჯამში ხვდება მტკვარში.

მტკვარს კიდევ ბევრი პრობლემები აქვს, საიდანაც შემოდის (ასპინძიდან შემოდის დაახლოებით, თურქეთის მხრიდან), არცერთ დასახლებულ პუნქტში - რასაც მტკვარი გაივლის - ჩვენ საკანალიზაციო სისტემები, მოწყობილი თავისი გამწმენდი საშუალებებით, არა გვაქვს. შესაბამისად ყველაფერს მტკვარი აგროვებს (ეს ყველაფერი დასტურდება, თბილისის მერიის მიერ შემუშავებულ 2015-2020 წლების გარემოსდაცვით სტრატეგიაში - ავტ.). ეს შემდეგ ჩადის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ჩვენ გვშველის ერთი რამ - წყალი იმდენად უხვია მტკვარში, რომ სპეციალისტები ყოველთვის ამბობენ, რომ განზავების პროცენტი ისეთია, ადამიანებისათვის და თევზებისათვის დასაშვებიაო. თუმცა, ეს არის საბჭოთა სტანდარტებით და დღეს ჩვენთვის საერთოდ გაუგებარია თევზი, რომელსაც მტკვარში იჭერენ, როგორ შეიძლება ადამიანმა შეჭამოს. იმიტომ, რომ ბიოგენური მასები, რომელიც ჩაედინება მტკვარში, განსაკუთრებით აზოტის ნაერთები, პრინციპში გადადის თევზში და ეს არის პრობლემა" - აღნიშნავს ჩხობაძე

საერთო სურათი უკვე ნათელია - თევზი, რომელიც მტკვარში ცურავს, დიდი ალბათობით საჭმელად უვარგისია, ან რბილად თუ ვიტყვით, არაჯანსაღია. ეს პრობლემა პირდაპირ ეხება "სურსათის ეროვნულ სააგენტოს", რომლის წარმომადგენელმაც AMBEBI.GE-სთან ასეთი კომენტარი გააკეთა:

"რა თქმა უნდა, თევზის უვნებლობის, როგორც მაღალი რისკის სურსათის შემოწმება ხორციელდება. ამ კონკრეტულ შემთხვევას რაც შეეხება, ჩვენ ვამოწმებთ თუკი ასეთი თევზი მოხვდება სარეალიზაციო ობიექტებში, რა თქმა უნდა, ექვემდებარება შემოწმებას, ასევე შემოწმდება მისი მიკვლევადობაც. თუმცა, თუკი ფიზიკური პირები აკეთებენ რეალიზაციას, გარევაჭრობის პირობებში, ასეთ შემთხვევაში გარევაჭრობა ისედაც აკრძალული საქმიანობაა და შესაბამისად, სურსათის ეროვნულ სააგენტოზე არ ვრცელდება, კონტროლი მათზე. ჩვენ შევდივართ სარეალიზაციო ობიექტში და ჩვეულებრივ ვამოწმებთ, მაგრამ რომ გითხრათ, რომ ძალიან დიდი მასშტაბები არის მტკვარზე დაჭერილი თევზის, მოგატყუებთ. თევზის შემოწმება სულ ხდება" - განგვიმარტეს სააგენტოში. როგორც ირკვევა, "სურსათის ეროვნული სააგენტო" არ ამოწმებს გარემოვაჭრეებს, თუმცა ბაზრებში მტკვრის თევზი მეტნაკლებად მაინც ხვდება და ხალხიც ჭამს.

მოკლედ, პრობლემა კომპლექსურია: მოსახლეობამ არ უნდა დაანაგვიანოს მდინარე, უკვე დაბინძურებული წყალი უნდა გაიწმინდოს, ამის შემდეგ მტკვარში დაჭერილი თევზიც უსაფრთხო და უფრო გემრიელი იქნება...

დავით ოქროპირიძე

AMBEBI.GE