როგორ შეუძლია მთავრობას ლარის გამყარება - რომან გოცირიძის კომენტარი

როგორ შეუძლია მთავრობას ლარის გამყარება - რომან გოცირიძის კომენტარი

ლარის გამყარება შეუძლია მთავრობას, მან 300 მილიონით უნდა გააკეთოს სეკვესტრი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ რადიო "პალიტრას" გადაცემაში "საღამოს თოქ-შოუ" განაცხადა. მისი თქმით, ლარის კურსთან დაკავშირებული პროცესების გამო პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

"ლარის გამყარება შეუძლია მთავრობას. მან 300 მილიონით უნდა გააკეთოს სეკვესტრი. დღეს ძირითად დაწოლას ლარზე ახდენს ბიუჯეტი და არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა. საგარეო ფაქტორები მოხსნილია, მაგრამ როდესაც ქვეყანა ვერ ვითარდება, როდესაც ექსპორტი არ იზრდება, როდესაც შემცირდა სატრანსპორტო გადაზიდვები, როდესაც ტურიზმი მეტად არ იზრდება, როდესაც კაპიტალი გადის, ეს არის შიდა შეცდომები, რის შედეგადაც ლარი არის ცუდ მდგომარეობაში. მთავრობას თუ უნდა ლარი იყოს სტაბილური, წლის ბოლომდე უნდა შეამციროს ბიუჯეტი 300 მილიონით. ამას ვიძახი ზაფხულიდან, რომ საჭიროა ბიუჯეტის შეკვეცა", - განაცხადა გოცირიძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლებას წარმოდგენა არ აქვს ეკონომიკაზე.

"არც ერთი ფაქტორი არ არის ამოწურული ლარის სტაბილურობისთვის. არსებობს მარტივი მცნება - მიმდინარე ანგარიში. არის სავაჭრო ბალანსი, რომელიც წლის ბოლომდე 4-4.5 მილიარდით იქნება დოლარში გარღვეული. არის ასევე მომსახურების ბალანსი, ტურიზმი და სხვა მიმართულებები, საიდანაც შემოტანილი ფული ამას ვერ აკმაყოფილებს. როდესაც ეს ფული არ არის საკმარისი მაშინ ან ლარი უნდა გაუფასურდეს ან ეროვნულმა ბანკმა უნდა ხარჯოს რეზერვები. ამას ემატება ისიც, რაც ძალიან არასწორია - ბიუჯეტიდან ხარჯვა, ფულის ფლანგვა, სუსტი ეკონომიკური ზრდა, რეგულირებები", - განაცხადა გოცირიძემ.

რაც შეეხება ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადებას, რომ ლარის კურსის თემა ბიუჯეტთან კავშირში არ არის, გოცირიძის თქმით, ეს როგორც ჩანს გიორგი კაკაურიძეს არ უსწავლია.

"ნებისმიერმა მეორეკურსელმა იცის, რომ ნომერ პირველი პრობლემა მაკროეკონომიკური სტაბილურობის არის ბიუჯეტის დეფიციტი. თუ ამას ამბობს, მაშინ მას ეს ელემენტარულად არ უსწავლია და რა უნდა ფინანსთა მინისტრის მოადგილედ? ამიტომ, შიდა პრობლემებია. საგარეო ფაქტორები ამოიწურა. ახლა იტყვიან ალბათ, რომ თურქეთში ლირა გაუფასურდა და ჩვენთან რატომ არ უნდა გაუფასურდესო? გუშინ ასეთი სულელური განცხადებაც მოვისმინე, რომ თურმე კლინტონი რადგან უგებს ტრამპს და ვინაიდან კლინტონის მოგება უფრო გაუხარდება ბიზნესს, ამერიკაში დოლარი გამყარდება და ლარზეც იმოქმედებსო. ელემენტარულია, რომ არ იციან ეკონომიკა. მთავარი მიზეზი ლარის გაუფასურების არის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა, სუსტი ეკონომიკური ზრდა, საინვესტიციო მიმზედველობის დაკარგვა, კაპიტალის გადინება", - განაცხადა გოცირიძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."