"ერთ მშვენიერ დღეს ყველანი რუსეთ-საქართველოს ფედერაციაში აღმოვჩნდებით" - რას წერს The New York Times-ი ე.წ. სამხრეთ ოსეთში არსებულ ვითარებაზე

"ერთ მშვენიერ დღეს ყველანი რუსეთ-საქართველოს ფედერაციაში აღმოვჩნდებით" - რას წერს The New York Times-ი ე.წ. სამხრეთ ოსეთში არსებულ ვითარებაზე

გავლენიანი გამოცემა The New York Times-ი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო საზღვარზე არსებულ ვითარებას ვრცელ სტატიას უძღვნის სათაურით: "რუსეთის "გაყინულ ზონაში" მცოცავი საზღვარი საქართველოსთან".

გამოცემის ჟურნალისტმა ენდრიუ ჰიგინსმა ადმინისტრაციული საზღვარი დაათვალიერა და ადგილობრივებს გაესაუბრა.

როგორც ის წერს, ერთ-ერთი მცხოვრებლის, ვეფხვია ტატიაშვილის საცხოვრებელი სახლი ბორდერიზაციის შედეგად რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩნდა.

"თუ ისინი ხაზის გადმოწევას გააგრძელებენ, ერთ მშვენიერ დღეს ყველანი რუსეთ-საქართველოს ფედერაციაში აღმოვჩნდებით", - ამბობს ტატიაშვილი ჟურნალისტთან საუბარში.

"სამხრეთ ოსეთის ღარიბმა მთიანმა რეგიონმა პირველად საქართველოსგან დამოუკიდებლობა 1990 წელს გამოაცხადა, მაგრამ რეგიონის საზღვრებს გარეთ ამას დიდი ყურადღება არავინ მიაქცია, სანამ 2008 წლის აგვისტოში იქ რუსეთი არ შეიჭრა და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებრიობაზე პრეტენზია არ აღიარა. ამით, ეს ტერიტორია შეერთდა აფხაზეთს დასავლეთ საქართველოში, დნესტრისპირეთის ანკლავს მოლდოვაში და აღმოსავლეთ უკრაინას "გაყინული ზონის" სახით - რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიად მეზობელ სახელმწიფოებში, რომელიც გამოიყენება ისეთი საკითხებისთვის, როგორიცაა მაგალითად, ნატო-ს საყრდენის შექმნის პრევენცია ან ხელსაყრელ მომენტში ქვეყნის დესტაბილიზაცია", - ნათქვამია სტატიაში.

ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ სამხრეთ ოსეთში დისლოცირებულია სამი რუსული სამხედრო ბაზა რამდენიმეათასიანი სამხედრო კონტინგენტით, რეგიონი მთლიანად დამოკიდებულია რუსულ დახმარებაზე, 2008 წლამდე არსებულ მონაცემებთან შედარებით კი, ეთნიკური ოსების რაოდენობა თითქმის ორჯერაა შემცირებული.

"ე.წ. ბორდერიზაცია 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე საქართველოს მთავრობისთვის პოლიტიკური თავის ტკივილის მიზეზი გახდა. არჩევნებში გამარჯვების მიუხედავად, მას მოუწია მეტოქეების თავდასხმების მიგერიება, რომლებიც ამბობდნენ, რომ ხელისუფლება რუსეთის "მცოცავ ანექსიას" მეტისმეტად გაუბედავად პასუხობს.

4 წლის წინ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მომხრეების დამარცხების შემდეგ, კოალიციამ ამოუცნობი მილიარდერის შექმნილი პარტიით, "ქართული ოცნებით" სათავეში, რუსეთთან ურთიერთობაში დაძაბულობის შემცირების პირობა დადო. ამის ნაცვლად, რუსი მესაზღვრეები ქართული ტერიტორიის შიგნით შევიდნენ", -აღნიშნავს ენდრიუ ჰიგინსი.

სტატიაში ჟურნალისტს პრემიერ-მინისტრის განცხადებაც მოჰყავს, რომელიც აღნიშნავს, რომ "არანაირი გაუმჯობესება არ შეინიშნება".

"ვიტყოდი, რომ საქმე საპირისპიროდაა. სამწუხაროდ, რუსეთი არასდროს აფასებს შენს დათმობას, წინგადადგმულ ნაბიჯს ან კომპრომისს", - აცხადებს კვირიკაშვილი.

ამავდროულად, როგორც საქართველოს მთავრობის მეთაური ამტკიცებს, მიუხედავად იმისა, რომ მისი ხელისუფლება არ აპირებს სააკაშვილის 2008 წლის კატასტროფული მცდელობის გამეორებას, დაუპირისპირდეს რუსეთს სამხედრო გზით, საზღვარი დიდხანს არ იარსებებს.

"მას პერსპექტივა არა აქვს. ისინი ცდილობენ საზღვრის, ღობეების აშენებას ჩვენი ქვეყნის შიგნით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს დროებითია", - აღნიშნავს გიორგი კვირიკაშვილი.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."