"არც ერთი დღე ბედნიერი არ ვყოფილვარ ქმართან... დრო რომ დაბრუნდეს, იმ ბიჭს უკანმოუხედავად გავყვებოდი"

"არც ერთი დღე ბედნიერი არ ვყოფილვარ ქმართან... დრო რომ დაბრუნდეს, იმ ბიჭს უკანმოუხედავად გავყვებოდი"

...მეშვიდე კლასში ვიყავი, რომ შემიყვარდა. ერთმანეთს არც კი ვიცნობდით, სიმღერებით გადავცემდით გრძნობებს. როცა მის სოფელში ჩავიდოდი, მის მელოდიებს გავიგონებდი და მეც სიმღერებით ვპასუხობდი. ერთხელ, ჯარობაზე, სათამაშო მოედანზე შევხვდით და ცოლობა მთხოვა. შევეხვეწე, სკოლას დავამთავრებ, მუსიკალურ სასწავლებელში ჩავაბარებ და გამოგყვები-თქო. დამეთანხმა. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩამომაკითხა. მაგრამ ვერ გავბედე, ცოტა შემეშინდა. ერთი კვირა მელოდა ქობულეთში. მერე წავიდა. დავბრუნდებიო, შემპირდა.

იმავე საღამოს სახლში უცხო ადამიანები მოვიდნენ. მამას დაელაპარაკნენ. ჩაიცვიო, მამამ, სტუმრად მივდივართო. გზაში გავიგე, რომ ერთ-ერთ სოფელში, ახალგაზრდა კაცს ისეთი ქალი შეყვარებია, რომლის ცოლად მოყვანასაც ვერ შეძლებდა. ამ კაცის ოჯახი დიდი ხანია ეძებდა პატარა გოგოს, რომელსაც შერთავდნენ და იმ ქალთან დააცილებდნენ. არჩევანი ჩემზე შეუჩერებიათ და ეს საქმე სასწრაფოდ უნდა მოგვარებულიყო. გზაში რომ მივდიოდი, რამდენჯერმე დავაპირე გაქცევა, მაგრამ უკან მომაბრუნეს. მე ხო მისი არც სახელი და არც გვარი ვიცოდი?! ჩემს მშობლებს დაემუქრნენ, თუ არ მიმათხოვებდნენ, სახელს გამიფუჭებდნენ. მამა დასთანხმდა. მე ვინ მეკითხებოდა რამეს, მხიარული, ბავშვური ვიყავი და ამბობდნენ, გადაიტანსო. არც ერთი დღე ბედნიერი არ ვყოფილვარ. ჩემი ქმრის ოჯახმა სახელიც კი შემიცვალა, ლეილა დამარქვეს, ჩემი ქმრის დის საპატივცემულოდ. მე კიდევ გული უფრო მომწონდა. ჩემს ქმარს იმ ქალთან ურთიერთობა არ გაუწყვეტია. ხშირად გაბოროტებული ბრუნდებოდა სახლში და მოკვლით მემუქრებოდა. ხან იარაღით, ხანაც ნაჯახით მაშინებდა. მე მადანაშაულებდა, რომ მისი სიყვარულის საქმეც უიღბლოდ წავიდა. სახლშიც ვერ ვბრუნდებოდი, მშობლებმა მითხრეს, სახელს ნუ შეარცხვენ ჩვენსასო. დავრჩი, ასე, მარტო ჩემს დარდებთან. ერთხელ ჩემმა შეყვარებულმა ჩამომაკითხა, სიმღერა გავიგონე. სისხლი მომაწვა გულზე. მაგრამ არ ვუპასუხე. მომერიდა, მაშინ ხომ უკვე გათხოვილი ქალი ვიყავი და ოთხი შვილი მყავდა...

მხოლოდ მაშინ, ჩემი მშობლები რომ გარდაიცვალნენ, გავბედე და წამოვედი. 39 წლის ვიყავი და მარტომ დავიწყე ცხოვრება თავიდან. დავივიწყე ლეილა და გავხდი ისევ გული. მაგრამ ვერცერთი ჩემი ბავშვობის ოცნება ვერ ავიხდინე. სიმღერა მინდოდა, სწავლა მინდოდა მუსიკალურში... არ გამომივიდა. ჩემს ოცნებებს დღიურებში ვწერ. ორი სქელტანიანი რვეული მაქვს სავსე ჩემი ლექსებით, დარდებით, წუხილებით და მოგონებებით. დრო რომ დაბრუნდეს, მაშინ იმ დღეს, იმ ბიჭმა რომ ჩამომაკითხა, უკანმოუხედავად გავყვებოდი..." - 74 წლის გული ხურცილავა, ქობულეთიდან.

© 2016 სოციალური პროექტი "ქალები საქართველოდან" ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის "ქალის ხმა" მიერ. (ავტ. მაიკო ჩიტაია; იდა ბახტურიძე; ნინო გამისონია). ფოტო: ნინა ბაიდაური; სალომე ცოფურაშვილი. პროექტი მიმდინარეობს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით

#ქალები საქართველოდან

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს