პუტინთან შეხვედრის შემდეგ ხაჯიმბა ჩიხშია

პუტინთან შეხვედრის შემდეგ ხაჯიმბა ჩიხშია

არავინ იცის, რა განვითარებას ჰპოვებს აფხაზეთში დაწყებული კიდევ ერთი წინააღმდეგობის ტალღა, რომლის მიზანიც პოლიტიკური ცვლილებებია. ჯერჯერობით გაურკვეველია, შესაძლოა თუ არა, ამის მიზეზი აფხაზური ოპოზიციის ლიდერი ასლან ბჟანია გახდეს, თუმცა, ერთი რამ ფაქტია, - რეგიონში ვითარება ყოველდღიურად იძაბება.

ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერს, რაულ ხაჯიმბას შეხვდა. ადგილობრივი მოსახლეობა ელოდა, რომ ხაჯიმბა პუტინთან შეხვედრაზე აფხაზეთში დაგროვილ მწვავე პრობლემებზე გაესაუბრებოდა, თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, სასაუბრო თემები იმან შეიარჩია, ვინც აფხაზეთში პოლიტიკურ ამინდს ქმნის.

შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო და ბევრი არაფერი გაჟღერებულა, მაგრამ რუსული მედიის ინფორმაციით, პუტინმა ხაჯიმბა გააფრთხილა, რომ აფხაზეთში მიმდინარე პროცესები, რუსეთთან თანამშრომლობაზე აისახებოდა.

როგორც შეხვედრაზე ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რუსეთსა და აფხაზეთს შორის შემუშავებული საინვესტიციო პაკეტი 9 მილიარდი რუბლის მოცულობის არის და 700 მილიონის მოცულობის პროექტი უკვე დამტკიცებულია.

მისივე თქმით, აფხაზურმა ხელმძღვანელობა უნდა შეეცადოს, რუსეთის მიერ გამოყოფილი თანხა რეალური ქმედებებისკენ მიმართონ. საუბარია, გზების ხარისხის გაუმჯობესებაზე, სკოლების, საავადმყოფოების და საბავშვო ბაღების აღდგენაზე-მშენებლობაზე. თუმცა, რუსეთის პირველი პირის თქმით, თუ პროცესები კონტროლიდან გამოვიდა, ბაღებისა და სკოლების მშენებლობაზე საუბარი ალბათ უადგილო იქნება.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა რუსეთსა და აფხაზეთს შორის არსებულ ურთიერთობას "ძმური" უწოდა და ბოლო დროს შემუშავებული ხელშეკრულებაც გაიხსენა, რომელსაც აფხაზეთში ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. ცხადია, რუსეთის ხელმძღვანელობისთვის, ცნობილია ეს განწყობა და სწორედ ამიტომ დაავალა ხაჯიმბას ვითარების გაკონტროლება.

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტის თქმით, "რუსეთის და აფხაზეთის იურიდიული ბაზა 100-ზე მეტ შეთანხმებას მოიცავს, დაახლოებით 30-ზე მუშაობა მიმდინარეობს. მან ეკონომიკურ საკითხებზეც ისაუბრა და ხაჯიმბას აფხაზეთში გაზრდილი სავაჭრო ბრუნვა შეუქო, რაშიც ისე და ისევ რუსეთის როლის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

რაულ ხაჯიმბამ, ვლადიმერ პუტინს მოსკოვში მიწვევისა და გაწეული დახმარებებისთვის მადლობა გადაუხადა და "ერთობლივად დასახული პროექტების"განხორციელების იმედი გამოთქვა.

ამ შეხვედრიდან, ორ დღეში, "რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე" აფხაზური ოპოზიციის ლიდერი ასლან ბჟანია დააკავეს და ნარკოლოგიურში წაიყვანეს, თუმცა მალევე გამოუშვეს. მას ორი დღის განმავლობაში, სოჭის სამართალდამცავები, სხვადასხვა მიზეზით, დაკითხვაზე იბარებდნენ. შემდეგ მას პირდაპირ უთხრეს, რომ "რუსეთისა და აფხაზეთის წინააღმდეგ მიმართულ მტრულ საქმიანობაში" იყო ეჭვმიტანილი. ვითარებისთვის რომ თავი აერიდებინა, ბჟანიამ აფხაზეთში დაბრუნება გადაწყვიტა, - ის აფხაზეთის "საზღვარზე" საპასპორტო კონტროლის დროს დააკავეს და იარაღის უკანონი შენახვა-ტარებაში დაადანაშაულეს.

ასლან ბჟანია ოპოზიციური "პოლიტიკური პარტია" "ამცახარას" თანათავჯდომარე და რაულ ხაჯიმბას ყველაზე გამოკვეთილი მოწინააღმდეგეა. მან 15 დეკემბრამდე მისცა "პრეზიდენტ" ხაჯიმბას ვადა, თანამდებობა დაეტოვებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მასობრივი არეულობით იმუქრებოდა. ბჟანიამ პირველი კომენტარი სოჭის "კაპეზედან" გააკეთა:

"მე მაქვს სახელობითი იარაღი, რომელიც თავის დროზე პრეზიდენტმა გადმომცა. სოჭში საქმე აღიძრა, საბრძოლო მასალის უკანონო შენახვის ფაქტზე. საქმე აღიძრა არა ჩემს წინააღმდეგ, არამედ ფაქტზე, რომ ეს ყველაფერი თითქოს ჩემს სახლში ინახებოდა. თუმცა, ყველა დოკუმენტი წესრიგში მაქვს. ამჟამად, მე ამ საქმეში ვარ მოწმის სტატუსით". - აღნიშნავს აფხაზი ოპოზიციონერი.

ასლან ბჟანია 2010-2014 წლებში, აფხაზეთის "სახელმწიფო უშიშროების სამსახურის" უფროსი იყო. ის ამ თანამდებობაზე სერგეი ბაღაფშმა დანიშნა, შემდეგ კი, უფლებამოსილება ალექსანდრე ანქვაბმა გაუგრძელა. ბჟანიამ მას ნდობა დაუფასა, - სოხუმში, 2014 წლის მაისის ცნობილი მოვლენების დროს, როდესაც, მოსკოვის მხარდაჭერით, ხაჯიმბას მომხრეებმა ძალის გამოყენებით, "პრეზიდენტის რეზიდენცია" დაიკავეს, ის ბოლომდე ანქვაბის გვერდით იდგა. მას შემდეგ რაც ალექსანდრე ანქვაბი რუსეთში გაიქცა, ბჟანია ოპოზიციაში გადავიდა. იამვე წლის აგვისტოს, მას საპრეზიდენტო არჩევნებშიც იყარა კენჭი, თუმცა ხაჯიმბასთან ჭიდილში დამარცხდა. კიდევ ერთი, აფხაზეთში, როგორც ანქვაბის, ასევე ბჟანიას მისამართით ხშირად ამბობდნენ, რომ ისინი მფარველობდნენ იმ არასამთავრობო ორგანაზაციებს, რომელთაც ქართულ მხარესთან გარკვერული კავშირები ჰქონდათ...

ბჟანიას დაკავებას უკვე მოჰყვა რეაქცია აფხაზეთში, - ოპოზიციამ ხაჯიმბას რეჟიმი "პოლიტიკური ოპონენტების დევნაში" დაადანაშაულა. ბჟანიას მშობლიურ სოფელ ტამიშში, რამდენიმე ასეულმა ადამიანმა, სოხუმი-გალის საავტომობილო გზა გადაკეტა.

როგორც ირკვევა, აფხაზეთში ბოლო დროს განვითარებული პროცესებმა, მით უფრო, რუსეთის პირველ პირთან შეხვედრის შემდეგ, რაულ ხაჯიმბა ჩიხში შეიყვანა. მან ოპონენტის დაკავებასთან კავშირი უარყო და სოჭის სამართალდამცავ უწყებას მისი გათავისუფლება სთხოვა, თუმცა, ბჟანია ჯერჯერობით სოჭის "კაპეზეში" რჩება.

რუსეთი ამ დაპირისპირებაში მოქმედი "პრეზიდენტის" მხარეს იჭერს. ამ ფონზე კი, აფხაზეთის ლიდერი, რაულ ხაჯიმბა ვადამდელ არჩევნებს და მით უფრო, პოლიტიკურ ცვლილებებს, - დაუშვებლად მიიჩნევს.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

(სტატიის მომზადებისას გამოყენებულია ინტერნეტმასალები)

"დათოს მშობლები, მეუღლე და შვილები თბილისში ცხოვრობენ" - ვინ იყო უკრაინაში მოკლული ქართველი ლეგიონერი?

მედია - რუსეთი ანექსირებულ ყირიმში სამხედრო ბანაკს აშენებს

"აქაურები შეშინებულები არიან, - ამერიკამ ჯარი არ უნდა გაიყვანოს, თორემ თალიბები თუ შემოვიდნენ, ყველას დაგვხოცავენო" - რას ჰყვება ქართველი კაპიტანი, რომელიც ავღანეთში მსახურობს