საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება მოშიმშილე ნიკოლოზ ჩერქეზიშვილთან დაკავშირებით

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება მოშიმშილე ნიკოლოზ ჩერქეზიშვილთან დაკავშირებით

საგარეო საქმეთა სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს ნიკოლოზ ჩერქეზიშვილთან შეხვედრა გამართოს. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამსახურიდან ჩერქეზიშვილის გათავისუფლება შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის სათანადოდ დასაბუთებული წარდგინების საფუძველზე მოხდა. საგარეო საქმეთა სამინისტრო ნიკოლოზ ჩერქეზიშვილს მოუწოდებს, შიმშილობა შეწყვიტოს.

"ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა 2015 წლის 1-ელი მაისიდან, ექვსთვიანი გამოსაცდელი ვადით. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მოწმდება მოხელის პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პირადი თვისებების შესაბამისობა დაკავებულ თანამდებობასთან. 



დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის შესაბამისად, მოსამსახურე შეიძლება გამოსაცდელი ვადის განმავლობაში გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის სათანადოდ დასაბუთებული წარდგინების საფუძველზე. ასე მოხდა ბ-ნ ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის შემთხვევაშიც, მისი განთავისუფლება მოხდა სამართლებრივი პროცედურების სრული დაცვით. მოგეხსენებათ, რომ ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
 


ჩვენთვის ძალიან ძვირფასია თითოეული თანამშრომელი. ბატონი ნიკას სამსახურში აყვანა, ისევე, როგორც მისი შემდგომი გათავისუფლება, მოხდა კანონის სრული დაცვით. 


ჩვენ მოვუწოდებთ მას, შეწყვიტოს პროტესტის ეს ფორმა და გამოვთქვამთ მასთან შეხვედრის გამართვის მზადყოფნას", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს შესყიდვების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ნიკა ჩერქეზიშვილი, პროტესტის ნიშნად, 11 დეკემბრიდან ღამეს მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ ათენებს. ჩერქეზიშვილის თქმით, სამინისტროდან უსაფუძვლოდ გაათავისუფლეს და კანცელარიის წინ მანამდე დარჩება, ვიდრე მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."