დონალდ ტრამპი გაეროს რეფორმას ითხოვს

დონალდ ტრამპი გაეროს რეფორმას ითხოვს

"ვინმეს გინახავთ გაეროს მიერ მოგვარებული პრობლემა? - არა!.. გაეროს დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ ახლა ის არის კლუბი, სადაც ხალხი იკრიბება, საუბრობს და სასიამოვნო დროს ატარებს. რა სამწუხაროა..." - გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მისამართით, ასეთი შეფასებები საერთაშორისო საზოგადოებას ამერიკის ახლადარჩეული პრეზიდენტისგან არაერთხელ მოუსმენია.

ინაგურაციამდე რამდენიმე დღით ადრე, დონალდ ტრამპი გაეროს თამამად უტევს და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციის რეფორმას მოითხოვს.

ტრამპის აზრით, გაეროს რეფორმა მისივე ეფექტიანი მუშაობისთვის არის აუცილებელი, რათა გლობალურ პრობლემებზე რეაგირებას სასურველი შედეგიც მოჰყვეს. ამის შესახებ დონალდ ტრამპის პრესმდივანმა შონ სპაისერმა ისაუბრა და მსოფლიოს საზოგადოებას ის დიდი ფინანსური წილიც შეახსენა, რომელიც გაეროს ბიუჯეტში ამერიკის შტატებზე მოდის. გადასახადებით მიღებული დოლარები უფრო ეფექტიანად რომ გამოვიყენოთ, ამისთვის არის საჭირო რეფორმა, - აცხადებს ტრამპი.

საქმე ის არის, რომ შეერთებული შტატები გაეროს წევრ ქვეყნებს შორის ყველაზე დიდ თანხას იხდის ორგანიზაციის დასაფინანსებლად: გაეროს ძირითადი, 5,4 მლრდ დოლარის ბიუჯეტის 22 %-სა და გაეროს სამშვიდობო ოპერაციებისათვის განკუთვნილი ბიუჯეტის (7,9 მლრდ დოლარი) 28 %-ს. როდესაც გაეროში ამა თუ იმ ქვეყანაში მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით, ორგანიზაციაში აზრთა სხვადასხვაობა იყო, ამერიკის პრეზიდენტები იმუქრებოდნენ, რომ დაფინანსებას შეამცირებდნენ.

თუმცა, დონალდ ტრამპი ორგანიზაციის მიმართ თამამი კრიტიკით თავიდანვე გამოირჩეოდა, - მან მწვავედ გააკრიტიკა გაეროს უშიშროების საბჭო იმ რეზოლუციისთვის, რომელიც ისრაელს მოუწოდებს, შეწყვიტოს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მშენებლობა. ტრამპი ამერიკას და დანარჩენ მსოფლიოს ჰპირდება, რომ მისი მმართველობის პერიოდში ვითარება შეიცვლება.

გაეროს მოსალოდნელ რეფორმებზე ისაუბრა გაეროს ახალმა გენერალურმა მდივანმა. ანტონიო გუტიერესის თქმით, "არსებობს სკეპტიკური დამოკიდებულება იმასთან დაკავშირებით, თუ რა როლის შესრულება შეუძლია გაეროს. არადა, ძალიან მნიშვნელოვანია ვიამაყოთ იმით, რასაც ვაკეთებთ, როგორც გაერო, ვაღიაროთ ჩვენი მიღწევები. ამავდროულად, ჩვენ უნდა შეგვწევდეს უნარი, გაეროს განვითარების სისტემის ჯანსაღი რეფორმა განვახორციელოთ, როგორც ამას წევრი ქვეყნები გვთხოვენ", - განაცხადა მან.

ცნობისთვის, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, შემოკლებით, გაერო, -საყოველთაო მშვიდობის უზრუნველყოფისა და სახელმწიფოთა თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაცია, 1945 წლის 26 ივნისს შეიქმნა. მაშინ სან-ფრანცისკოს კონფერენციაზე 50-მა სახელმწიფომ ხელი მოაწერა მის წესდებას, რომელიც ძალაში 1945 წლის 24 ოქტომბერს შევიდა. ეს დღე ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოში, როგორც გაერთიანებული ერების დღე.

მისი შექმნის საფუძველი იყო ნაცისტური გერმანიისა და მისი ბლოკის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა გაერთიანება მძლავრ კოალიციად. 1942 წლის 1 იანვარს მათ ხელი მოაწერეს "გაერთიანებული ერების დეკლარაციას", რომელიც შემდეგში ორგანიზაციის სახელწოდების წინაპირობა გახდა. გადაწყვეტილება ახალი საერთაშორისო ორგანიზაციის შექმნის თაობაზე სამმა დიდმა სახელმწიფომ – საბჭოთა კავშირმა, ამერიკამ და დიდმა ბრიტანეთმა - 1943 წლის 30 ოქტომბერს მოსკოვის კონფერენციაზე მიიღო, რაც გამოწვეული იყო ფაქტით, რომ "ერთა ლიგის" არსებული ორგანიზაცია პოლიტიკური და ორგანიზაციული მანკიერების გამო უძლური აღმოჩნდა, კაცობრიობისთვის II მსოფლიო ომი თავიდან აეცილებინა. ორგანიზაციის წესდება შემუშავდა დუმბარტონ-ოქსის (1944 წლის აგვისტო) და ყირიმის (1945 წლის თებერვალი) კონფერენციებზე. ამის შემდეგ წესდების განსახილველად და მისაღებად სან-ფრანცისკოს კონფერენციის მოწვევა გადაწყდა.

გაეროს წევრად სახელმწიფოს მიღება ხდება უშიშროების საბჭოს რეკომენდაციით გენერალური ასამბლეის მიერ, თუ ეს ორგანოები მიიჩნევენ, რომ მიღების მთხოვნელი მშვიდობისმოყვარე სახელმწიფოა და ნამდვილად სურს და შეუძლია შეასრულოს წესდებით გათვალისწინებული ვალდებულებები. უშიშროების საბჭოს რეკომენდაციით გენერალურ ასამბლეას შეუძლია შეაჩეროს იმ წევრი სახელმწიფოს უფლება-პრივილეგიების განხორციელება, რომლის მიმართაც უშიშროების საბჭო პრევენციულ თუ იძულებით ზომებს იღებს და გაეროდან გარიცხოს სახელმწიფო, რომელიც სისტემატურად არღვევს წესდების პრინციპებს.

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

(სტატიის მომზადებისას გამოყენებულია ინტერნეტმასალები)

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე