ამერიკის სენატის კანდიდატები მსჯელობენ თემაზე - იზოლაცია თუ ჩართულობა

ამერიკის სენატის კანდიდატები მსჯელობენ თემაზე - იზოლაცია თუ ჩართულობა

მას შემდეგ, რაც ამერიკას ახალი პრეზიდენტი ჰყავს, მისი სტრატეგიული მოკავშირეები ახალი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკურ კურსს გაფაციცებით ადევნებენ თვალყურს.

რამდენიმე დღის წინ, ვაშინგტონში მშვიდობის ინსტიტუტში გამართულ კონფერენციაზე, ამერიკის ყოფილმა და მომავალი მაღალი რანგის ოფიციალურმა პირებმა, მსოფლიოში ამერიკის როლი განიხილეს. კონკრეტულად, - ამერიკის საგარეო პოლიტიკა ახალი ადმინისტრაციის პირობებში.

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ, ობამას ადმინისტრაციის განვლილი წლების შეფასებისას აღნიშნა, რომ ამერიკამ ახალი პარტნიორები შეიძინა და სხვადასხვა კრიზისულ სიტუაციებში შეთანხმებებსაც მიაღწია. მისი თქმით, ახლა ამერიკას იმაზე მეტ კონფლიქტურ სიტუაციებთან გამკლავება უწევს, ვიდრე ოდესმე. თანაც, საქმეს ართულებს ისიც, რომ ერთდროულად რამდენიმე კონფლიქტშია ჩართული, რაც აქამდე არ ყოფილა... "ვფიქრობ, ძალიან ბევრი საქმე გაკეთდა, - კუბასთან დაკავშირებული პოლიტიკის ცვლილება, კოლუმბიისთვის დახმარების გაწევა, რათა მშვიდობიანად დაესრულებინათ ომი...", - განაცხადა მან.

კერიმ სირიის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი აზრით, სირიიდან ქიმიური იარაღის გატანის საკითხზე სერგეი ლავროვთან მიღწეული წარმატება, სწორედ ობამას ადმინისტრაციის "ანგარიშზეა".

ზოგადად, რუსეთზე საუბრისას კერიმ აღნიშნა, რომ ობამას ადმინისტრაციის წინამორბედ ბუშის ადმინისტრაციას საქართველო-რუსეთის ომისთვის "აქტიურად არ უპასუხია". 

"მე არ განვსჯი, მაგრამ როდესაც რუსეთი საქართველოში, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში შეიჭრა, მაშინ არაფერი გაკეთებულა, სანქციებიც კი არ დაწესებულა, თუმცა, რუსეთ-უკრაინის კრიზისის დროს, ჩვენმა ადმისტრაციამ ევროპის მხარდაჭერა მოიპოვა და რუსეთს სანქციები დავუწესეთ, რაც ამ სახელმწიფოსთვის მძიმე ტვირთია. ჩვენი პოზიცია ასეთი იყო - რუსეთს უკრიანაში შეჭრის ფასი უნდა გადაეხადა და ასეც მოხდა. მართალია, ევროპაში ზოგი სანქციების შეწყვეტის ინიციატივით გამოდის, მაგრამ მინსკის შეთანხმების გარშემო ერთიანობის შენარჩუნებას მაინც ვახერხებთ", - ამბობს კერი.

კონკრეტულად, თუ როგორი იქნება დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკა, ამას მისი ინაუგურაციიდან შემდეგი 100 დღის განმავლობაში გავიგებთ. მანამდე კი, ამერიკის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა კიდევ ერთი ხმამაღალი განცხადება გააკეთა, - "რუსეთთან არანაირი გადატვირთვა არ არსებობს" - მისივე თქმით, "დემოკრატიული პარტიის" კომპიუტერებზე ჰაკერული თავდასხმის უკან რუსები დგანან, ეს კი, რუსეთთან და მის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან გარანტირებული ურთიერთობების ნიშანი არ არის.

თუმცა, ამავდროულად ჩნდება კითხვები ლონდონში ბაზირებული უსაფრთხოების აგენტის მიერ მომზადებულ ანგარიშზე, რომლის მიხედვითაც ტრამპის კამპანია ახლო კავშირში იყო რუსეთთან. რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა სააგენტომ მოამზადა ანგარიში, სადაც ტრამპზე კომპრომატები ჰქონდა მოგროვილი, თუმცა, ეს ინფორმაცია დონალდ ტრამპმა უარყო.

"მე მტკიცედ ვაცხადებ, არ არსებობს გადატვირთვის ღილაკი. ჩვენ ან შევძლებთ თანამშრომლობას ან ვერ შევძლებთ. იმედი მაქვს, შევძლებთ, მაგრამ ასევე არსებობს შანსები, ეს არ მოხდეს," - განაცხადა ტრამპმა.

ახლა, როდესაც ამერიკაში სენატის წევრობის ახალ კანდიდატებს განიხილავდნენ, ამერიკის საგარეო პოლიტიკაზეც ისაუბრეს და ყველა მათგანმა საკუთარი მოსაზრება წარმოადგინა, - თუ რომელი უფრო მომგებიანია ამერიკისთვის, იზოლაცია თუ ჩართულობა. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ადმინისტრაციის მრჩეველი მაიკლ ფლინი ამბობს, რომ ამერიკა საერთაშორისო არენაზე მორალური ლიდერი უნდა იყოს.

ამერიკის თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის, გადამდგარი გენერლის, ჯეიმს მეტისის თქმით, რუსეთის პრეზიდენტის მთავარი მზიანი ნატოს დაშლაა და ამერიკა ვალდებულია ეს გააცნობიეროს.

ასევე, ამერიკის სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარდგენილი რექს ტილერსონი აცხადებს, რომ რუსეთი შეერთებული შტატებისთვის საფრთხეს წარმოადგენს და მან პასუხი უნდა აგოს თავისი ქმედებისთვის. ტილერსონით თქმით, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი რუსეთის აღმავლობით შეშფოთებული უნდა იყოს და "რუსეთთან მის ამბიციებზე ღია და გულწრფელი დიალოგი უნდა დაიწყოს".

ასე რომ, ამერიკაში საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას და მისი დასრულების შემდეგაც გარკვეული დროის განმავლობაში, ამერიკელი ანალიტიკოსების ერთ ნაწილს მიაჩნდა, რომ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ის რუსეთთან ურთიერთობებს დაათბობდა, თუმცა, ასეთი წინაპირობები არ ჩანს. რუსი და დასავლელი ანალიტიკოსების აზრით, პუტინს რატომღაც სჯეროდა, რომ ტრამპი მისი საუკეთესო მეგობარი გახდებოდა. ახლა პუტინის ყურადღება მომავალი პრეზიდენტის უშიშროების სამსახურებთან ურთიერთობისკენ იქნება მიმართული. "ეს მისი საყვარელი საქმიანობაა", - დასძენენ ისინი.

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

(სტატიის მომზადებისას გამოყენებულია ინტერტენმასალები)

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე