ტელეკომპანია "პალიტრანიუსმა" და აშშ-ის ტელეკომპანია WICU-მ პარტნიორული პროგრამა დაიწყეს

ტელეკომპანია "პალიტრანიუსმა" და აშშ-ის ტელეკომპანია WICU-მ პარტნიორული პროგრამა დაიწყეს

"საქართველოს მედია პარტნიორობის პროგრამის" კონკურსში გამარჯვებულმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსმა" ამერიკის შეერთებული შტატების მედიაორგანიზაციის წარმომადგენლებს ერთი კვირის განმავლობაში უმასპინძლა.

სტუმრები ადგილზე გაეცნენ ქართველი კოლეგების მუშაობის სტილს, ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება და ჩაატარეს პრაქტიკული ტრენინგები. საპასუხოდ "პალიტრანიუსის" გუნდმა უცხოელ კოლეგებს მედია სივრცეში მუშაობის საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.

როგორც უცხოელმა სტუმრებმა AMBEBI.GE-ს განუცხადეს, "პალიტრა მედიას" ახალი ამბების მოსამზადებლად ყველანაირი რესურსი გააჩნია და მაყურებელს ხარისხიან პროდუქტს სთავაზობს.

"პალიტრა ნიუსთან" ერთად გატარებული 5 დღე საკმაოდ პროდუქტიული და საინტერესო გამოდგა. ბევრი განათლებული ადამიანი გავიცანით, რომლებიც კომპანიის სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობენ, კერძოდ, ვებ-პორტალზე, ბეჭდურ მედიაზე, რადიოზე, ტელევიზიასა და სოციალური მედიაზე. "პალიტრა მედიას" ახალი ამბების მოსამზადებლად ყველანაირი რესურსი გააჩნია და მაყურებელს ხარისხიან პროდუქტს სთავაზობს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მშურს ამ ორგანიზაციის. დიდი სიამოვნება მივიღე თქვენთან ერთად მუშაობით და ველოდები თქვენი თანამშრომლების ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩამოსვლას. "პალიტრა მედიას" და მთელ საქართველოს ვუსურვებ ყველაფერ საუკეთესოს. საოცრად ლამაზი ქვეყანაა და ყველას მოვუწოდებ - ჩამოდით საქართველოში. თქვენ შეიძლება გეგონოთ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ამ სფეროში დიდი განსხვავებაა, მაგრამ სინამდვილეში ყველაზე დიდი განსხვავება ენაშია. როგორც ბიზნესი და გამოწვევები, რაც ამ კომპანიაშია, ძალიან ჰგავს ან ზუსტად ისეთივეა, როგორიც ჩვენთან", - განაცხადა მედია ჰოლდინგ Lillt Broadcasting-ის მარკეტინგის კონსულტანტმა ტერი ოლსენმა.

ტელეკომპანია WICU-ის გენერალური მენეჯერის, პემ ფორსიტის განცხადებით, "პალიტრა მედია" საკმაოდ ორგანიზებული კომპანიაა, რომელიც დაკომპლექტებულია სასიამოვნო ადამიანებით.

"პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ეს ბრწყინვალე კომპანიაა ბრწყინვალე თანამშრომლებით. ბევრი განსხვავებაა და ამასთან ერთად ბევრი მსგავსება. ჩემს თანამშრომელს ვუთხარი, რომ აქ ზუსტად იგივე მაუწყებლობაა, უბრალოდ სხვა ქვეყანაში. გაკვირვებული ვარ თქვენი ციფრული მიმართულებით: ჟურნალებით და ბეჭდური მედიით. ეს ისაა, რაც ჩვენ არ გვაქვს. საკმაოდ კარგად ორგანიზებული კომპანიაა სასიამოვნო ადამიანებით დაკომპლექტებული. ასევე აღმოვაჩინეთ, რომ საქართველოში კეთილი და სტუმართმოყვარე ხალხია", - განაცხადა პემ ფორსიტმა.

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში მედიის განვითარებისთვის, თავისუფალი მედიის ხელშესაწყობად, პროფესიული დონის ასამაღლებლად რამდენიმე პროგრამას ახორციელებს. ერთ-ერთი პროგრამა სწორედ არის მედია პარტნიორობის პროგრამა, რომელიც 2011 წლიდან ხორციელდება და ძირითადად ითვალისწინებს საქართველოში არსებული ტელევიზიების და რადიომაუწყებლების განვითარებას პარტნიორობის საშუალებით.

"ამერიკის შეერთებულ შტატებში ტელევიზია განავითარებს პარტნიორობას საქართველოში არსებულ ტელევიზიასთან. ამ შემთხვევაში სწორედ ასე მოხდა. წელს "პალიტრანიუსი" შეირჩა და ამ პროგრამის ფარგლებში ექნება პარტნიორობა ამერიკულ ტელევიზიასთან პენსილვანიის შტატიდან. ჩვენ 2011 წლიდან ვახორციელებთ ამ პროგრამას, 11-მა ტელევიზიამ და ორმა რადიომ უკვე მიიღო მონაწილეობა. ეს არის გაცვლითი პროგრამა, ამერიკიდან ჩამოდიან სპეციალისტები კონკრეტული ტელევიზიიდან, ამ შემთხვევაში სწორედ პენსილვანიიდან და ეს პროექტი ხორციელდება ამ კვირის განმავლობაში. უშუალოდ ამ ტელევიზიასთან "პალიტრანიუსის" ტელევიზიას ექნება ორი გაცვლითი პროგრამა.

ორჯერ გაემგზავრებიან "პალიტრანიუსიდან" ამერიკის შეერთებულ შტატებში თანამშრომლები და ასევე ორჯერ ჩამოვლენ ამერიკიდან. საერთოდ ეს პარტნიორობა მიმდინარეობს ერთი წლის განმავლობაში, მაგრამ, ახლა მეც და ჩემმა კოლეგამაც ამ შეხვედრის დროს აღვნიშნეთ, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ განვითარდება ურთიერთობა ამ პროექტის დასრულების შემდეგ. ყოველთვის შეიძლება შემდეგ თქვენს ამერიკელ პარტნიორებს მიმართოთ, ეს იქნება ელექტრონული ფოსტით, ტელეფონით, ან რაღაც ინფორმაცია მიაწოდოთ ან პირიქით, სთხოვოთ დამატებითი ინფორმაცია, რჩევა, კონსულტაცია", - აცხადებს აშშ-ის საელჩოს პრესსამსახურის წარმომადგენელი ნანა კიკნაძე.

"საქართველოს მედია პარტნიორობის პროგრამის" ხელმძღვანელის, მაია მათეშვილის ინფორმაციით, საქართველოში მედია პარტნიორობის პროგრამის დონორია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი.

"კომპანია IREX-ის მიერ საქართველოში მედია პარტნიორობის პროგრამა 2010 წლიდან ხორციელდება. ჩვენი დონორია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივი დეპარტამენტის გავლით. ყოველწლიურად ვარჩევთ რამდენიმე ტელევიზიას, ვატარებთ საჭიროებათა შეფასებას და ეს შერჩევა ხდება ღია კონკურსის პრინციპით. ამის შემდეგ IREX-ი მისთვის პოულობს შესაბამისი ბაზრის მქონე ამერიკულ ტელევიზიას. მათ შორის ხდება გაცვლითი ვიზიტები. ამჯერად, პირველი ვიზიტით ვიმყოფებით "პალიტრა ნიუსში". ამ ეტაპზე ჩამოყვანილი გვყავს ორი თანამშრომელი ამერიკული ტელევიზიიდან. წინ კიდევ სამი გაცვლითი ვიზიტია", - განაცხადა მათეშვილმა.

გამოცდილების გაცვლაზე ამახვილებენ ყურადღებას "პალიტრანიუსშიც" და აღნიშნავენ, რომ გასული ერთი კვირის განმავლობაში არაერთი აქტიური შეხვედრა გაიმართა.

"ტელეკომპანია "პალიტრანიუსმა" გაიმარჯვა საქართველოს მედიაპარტნიორობის პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც ერთი კვირის განმავლობაში სტუმრად იყვნენ ერთ-ერთი ამერიკული მედიაორგანიზაციის წარმომადგენლები. ამ ერთი კვირის განმავლობაში მიდიოდა აქტიური ორმხრივი შეხვედრები, რომლის ფარგლებშიც ერთმანეთს გამოცდილება გავუზიარეთ. ჩვენთვის საინტერესო იყო განსაკუთრებით ის მხარე, სადაც გავიგეთ თუ როგორ ვითარდებოდა ამერიკაში ტელევიზია, რა ტემპებით მიდიოდნენ წინ, რა სიახლეებს ნერგავდნენ. თუმცა ასევე უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენგანაც საკმაოდ დიდი ინფორმაცია შეიტყვეს, ძალიან მოეწონათ ჩვენი მუშაობის პროცესი და განსაკუთრებით აღნიშნეს, რომ მოეწონათ ის, თუ როგორ ვართ წარმოდგენილი ონლაინსივრცეში, რაზეც თქვეს, რომ მათთვის შედარებით ახალი იყო და საკმაოდ სასარგებლო გამოდგა ეს შეხვედრები. პარტნიორობის პირველი ეტაპი დასრულებულია, ხოლო გაზაფხულზე ჩვენი წარმომადგენლები გაემგზავრებიან ამერიკაში და ადგილზე გაეცნობიან იქაური ტელევიზიის მუშაობის პროცესს", - აცხადებს "პალიტრანიუსისა" და რადიო "პალიტრის" მარკეტინგის მენეჯერი ვახტანგ მძინარაშვილი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი