სუს-ი - აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება გიორგი ლუკავას ციხიდან გაყვანის ფაქტს არ ადასტურებს

სუს-ი - აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება გიორგი ლუკავას ციხიდან გაყვანის ფაქტს არ ადასტურებს

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება გიორგი ლუკავას ციხიდან გაყვანის ფაქტს არ ადასტურებს, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აღნიშნეს, გიორგი ლუკავას მეუღლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ევროკავშირის მონიტორინგის მისიას გუშინ მიეწოდა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ლუკავას საქმეზე მუშაობა გრძელდება.

"გიორგი ლუკავას მეუღლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია გუშინ მივაწოდეთ ევროკავშირის მონიტორინგის მისიას. მათი მეშვეობით გააქტიურდა ცხელი ხაზი. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება არ ადასტურებს ლუკავას ციხიდან გაყვანის ფაქტს. საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ლუკავას საქმეზე მუშაობა გრძელდება", - აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

დრანდის ციხეში მყოფი პატიმრის გიორგი ლუკავას ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ პატიმარი დაიკარგა და მისი ადგილსამყოფელის დადგენას ითხოვენ.

როგორც გიორგი ლუკავას მეუღლემ ლალი ლუკავამ განაცხადა, დაკავებული მათ გუშინ ტელეფონით დაუკავშირდა და ინფორმაცია მიაწოდა, რომ ციხიდან მის გადაყვანას აპირებდნენ. ლალი ლუკავას განცხადებით, ამის შემდეგ მასთან კონტაქტი არ ყოფილა.

"დაგვირეკა და გვითხრა, რომ გავყავარ, მაგრამ არ ვიცი რა მიმართულებით, მეშინია და წითელი ჯვარი ჩართეთო. ამის შემდეგ ვცდილობ და ვერ ვრეკავ, არ ვიცით სად არის წაყვანილი. გვეშინია, რომ არ მოკლან. ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, გალის უშიშროების მინისტრის მოადგილეს ჰყავს ის ციხიდან გამოყვანილი", - განუცხადა ლალი ლუკავამ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს.

ლალი ლუკავას ინფორმაციით, მისი მეუღლე დაპატიმრებულია მეომრის სტატუსით და მას უვადო პატიმრობა აქვს შეფარდებული.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ