"ხვალ საქართველოსთვის დიდი დღეა - ვფიქრობ, ევროპარლამენტი ვიზალიბერალიზაციას მხარს დაუჭერს"

"ხვალ საქართველოსთვის დიდი დღეა - ვფიქრობ, ევროპარლამენტი ვიზალიბერალიზაციას მხარს დაუჭერს"

ვფიქრობ, ხვალ ევროპარლამენტი საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარს დაუჭერს, - ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"ვფიქრობ, რომ ხვალ ევროპარლამენტი ვიზალიბერალიზაციას მხარს დაუჭერს. ხვალ საქართველოსთვის დიდი დღეა. ამისთვის ორივე მხარემ ვიშრომეთ", - განაცხადა დევიდ მაკალისტერმა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ევროკავშირის მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედება ევროკავშირთან დაახლოებისთვის გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ირაკლი კობახიძემ საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტს მადლობა გადაუხადა და დევიდ მაკალისტერს კომიტეტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა.

მხარეებმა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებსა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობის შესახებ ისაუბრეს.

„შედგა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ახალ თავმჯდომარეს შორის. ჩვენ ვისაუბრეთ დემოკრატიულ პროცესებზე, რეფორმებზე საქართველოში. მან მოგვილოცა არჩევნების შედეგები და გამოთქვა ინტერესი იმ რეფორმების მიმართ, რაც საქართველოში ხორციელდება. ვისაუბრეთ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესზე, ზოგადად, დემოკრატიული პროცესების განვითარებაზე საქართველოში. ჩვენ გვაქვს ჩვენი ევროპელი პარტნიორების, შეიძლება ითქვას, ყველა პოლიტიკური ჯგუფიდან, მყარი მხარდაჭერა იმ კურსთან დაკავშირებით, რომელიც ხელისუფლებას აქვს აღებული.

ჩვენ ასევე ვისაუბრეთ საგარეო პოლიტიკური კურსის შესახებ საქართველოს პარლამენტის მიერ ახლახანს მიღებულ რეზოლუციას.ველოდებით ხვალინდელ დღეს. ხვალ გვაქვს პოზიტიური მოლოდინები და ამ მოლოდინს გვიქმნის ის განწყობები, რომლებიც არის ევროპარლამენტში. ეს, როგორც იცით, ხვალინდელი დღე ასრულებს ევროპარლამენტის მონაწილეობას ამ პროცესში, რასაც ჰქვია საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის უფლების მინიჭება. ასე რომ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია და ჩვენ, ფაქტობრივად, დარწმუნებულები ვართ, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის სასარგებლოდ იქნება მიღებული", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."