ისტორიული დღე საქართველოსთვის და მხარეების მოლოდინები - ევროპარლამენტი უვიზო მიმოსვლის შემოღებას კენჭს უყრის

ისტორიული დღე საქართველოსთვის და მხარეების მოლოდინები - ევროპარლამენტი უვიზო მიმოსვლის შემოღებას კენჭს უყრის

ევროპარლამენტი პლენარულ სესიაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას კენჭს დღეს უყრის.

შეგახსენებთ, 12 იანვარს ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტმა (LIBE) საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლას მხარი დაუჭირა. კენჭისყრაში 45-მა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა. აქედან 42-მა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა, 2-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 1-მა კი თავი შეიკავა.

2016 წლის 13 დეკემბერს ევროკავშირის საბჭოს მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა (Coreper) დაადასტურა ევროკავშირის საბჭოს მიერ ევროპარლამენტთან მიღწეული შეთანხმება საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხზე.

"დღეს მართლაც ისტორიული დღეა, ევროპარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დადასტურება ევროკავშირის საქართველოსადმი ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, დღეს ევროპარლამენტი კენჭს უყრის საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილების უფლებას.

"დღევანდელი გადაწყვეტილება იქნება ძალიან მნიშვნლოვანი დადასტურება ევროკავშირის საქართველოსადმი ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის.

ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ გადაწყვეტილება იქნება საქართველოს სასარგებლო და ეს იქნება კიდევ ერთი დადასტურება მხარდაჭერის იმ პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან, რომლებიც არიან ევროპარლამენტში.

მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ევროპარლმენტარს, რომელიც დღევანდელ კენჭისყრაში მიიღებს მონაწილეობას, ვინაიდან დღევანდელ დღეს საქართველოსთვის ისტორიული მნიშვნელობა აქვს. ასევე მინდა ყველა საჯარო მოხელეს, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ ძალიან დიდი წარმატების შენებაში, გადავუხადო უდიდესი მადლობა, ასევე მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პარლამენტს და ყველას ვინც ამ ძალიან შრომატევადი პროცესის განმავლობაში მიიღო მონაწილეობა და დღეს მართლაც დიდი წარმატების დღეა საქართველოსთვის", - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილება ასევე იქნება იმის დასტური, რომ ევროკავშირთან საქართველოს დაახლოების სტრატეგიას მოაქვს კონკრეტული შედეგები საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის.

"ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს მოქალაქეებიც დიდი პასუხისმგებლობით მიიღებენ ამ უდიდეს შედეგს და ნაყოფს, საქართველოს ინტეგრაციისა ევროკავშირში და ზედმიწევნით დაიცავენ იმ ქვეყნების კანონმდებლობას, სადაც გადაწყვეტენ გამგზავრებას. ეს ასევე ძალიან დიდი შესაძლებლობაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი თანამოქალქეებისთვის და მე მინდა მათაც ასევე მივულოცო ეს უდიდესი წარმატება.

დღევანდელი წარმატება არის დიდი შედეგები წლების განმავლობაში გაწეული შრომის, ეს შრომა დღეს არ დასრულებულა, ჩვენ წინ კიდევ დიდი გზა გველოდება დემოკრატიული საქართველოს მშენებლობის მიმართულებით, იმისთვის რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის ნამდვილი წევრი. უპირველეს ყოვლისა, ეს ყველაფერი ემსახურება საქართველოს მოქალაქეების უკეთესი ყოფის შენებას", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

უვიზო მიმოსვლას საქართველოსთვის დამსახურებულად მიიჩნევს ევროპარლამენტის წევრი, საქართველოს საკითხის მომხსენებელი მარია გაბრიელი.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღების საკითხზე დღეს ევროპარლამენტისგან პოზიტიურ სიგნალს ელოდება.

"ეს არის ძალიან პოზიტიური სიგნალი. კოლეგებისგან ველი ძლიერ მხარდაჭერას. ჩემი, როგორც მომხსენებლის მიზანია, მოვიპოვო ოფიციალური ხელმოწერა პირველ ან ორ მარტს და ამის შემდეგ მოხდეს გადაწყვეტილების გამოქვეყნება ოფიციალურ ჟურნალში რაც შეიძლება სწრაფად - 10 მარტამდე. ამის შემდეგ მხოლოდ 20 დღე მოგვიწევს ლოდინი უვიზო მიმოსვლის ძალაში შესვლამდე, თუმცა განვაგრძობ მოთხოვნას, რომ ეს მოხდეს მარტის ბოლომდე. თქვენმა ქვეყანამ გაატარა ძალიან დიდი და რთული რეფორმები, ამიტომ ვამბობ, რომ ეს არის დამსახურებული უვიზო მიმოსვლა. უვიზო რეჟიმი ნიშნავს ადამიანებს შორის კავშირების გაძლიერებას, ახალგაზრდებისთვის, სტუდენტებისა და ტურისტებისთვის კარის გაღებას. ეს ასევე არის ღია კარი ჩვენი საერთო უსაფრთხოებისთვის, რადგან დღეს საერთო გამოწვევის წინაშე ვდგავართ. ჩვენ უკვე გვაქვს ინფორმაციის გაცვლის შეთანხმება და საქართველომ დაამტკიცა, რომ ის მართლაც სტაბილური პარტნიორია. უნდა გავაგრძელოთ ერთად მუშაობა და უვიზო რეჟიმი არის ამის წინაპირობა", - განაცხადა მარია გაბრიელმა, რომლის კომენტარის თარგმანსაც "რუსთავი 2" ავრცელებს.

ამასთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროპის სოციალისტური პარტიის პრეზიდენტს სერგეი სტანიშევს შეხვდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებაზე დღეს დაგეგმილი კენჭისყრის მნიშვნელობა და ქვეყანაში ეკონომიკური დემოკრატიული რეფორმების მიმდინარეობა განიხილეს.

"ბრიუსელში 2 თებერვალს საქართველოსთვის ისტორიული მოვლენა გაიმართება და დარწმუნებული ვართ ევროპული პარლამენტი ვიზალიბერალიზაციის საკითხის კენჭისყრისას დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს", - განაცხადა ევროპარლამენტში სამუშაო ვიზიტად მყოფმა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ევროპის სოციალისტური პარტიის პრეზიდენტ, სერგეი სტანიშევთან შეხვედრის შემდეგ.

მისივე თქმით, ევროპის სოციალისტური პარტიის პრეზიდენტთან სხვადასხვა თემაზე საინტერესო დისკუსია გაიმართა. "პირველ რიგში, რა თქმა უნდა, შევეხეთ იმ მოვლენას, რომელიც ჩვენთვის ისტორიული მოვლენაა. დღეს კენჭი უნდა ეყაროს საკითხს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენი თანამოქალაქისთვის და ეს არის ვიზალიბერალიზაციის საკითხი. ხელისუფლების მხრიდან ბევრი რამ გაკეთდა იმისათვის, რომ ეს შედეგი მიღწეულიყო და დარწმუნებული ვართ, რომ ეს პროცესი წარმატებით დასრულდება და ევროპული პარლამენტი საკითხის კენჭისყრისას დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე განცხადებით, ევროპის სოციალისტების ლიდერთან შეხვედრისას საუბარი საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს და სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში გასატარებელ ღონისძიებებსაც შეეხო. ირაკლი კობახიძემ ევროპის სოციალისტურ პარტიას და პირადად მის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც პარტია ვიზა ლიბერალიზაციის და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით გამოხატავს.

სერგეი სტანიშევმა შეხვედრის დასაწყისში ირაკლი კობახიძეს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და მის საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ევროპელმა სოციალისტმა საქართველოში მიმდინარე რეფორმების მნიშვნელობა შეაფასა და ვიზა ლიბერალიზაციის საკითხზეც ისაუბრა.

"ველოდები კიდევ ერთ წინგადადგმულ ნაბიჯს - ვიზალიბერალიზაციას. რა თქმა უნდა, ჩემთვის, როგორც ევროპის სოციალ-დემოკრატიული ოჯახის ლიდერისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ეკონომიკური და სოციალური დღის წესრიგი, რაც ევროპაშია, იყოს მთავრობის საქმიანობის ფოკუსში. საქართველოში ჩემი ბოლო ვიზიტის დროს დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ სამუშაომ, რომელიც საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. ეს ფუნდამენტური უფლებაა და მივესალმები, რომ ეს პოლიტიკა ახლაც გრძელდება. იმედი მაქვს, ის გაფართოვდება და განათლების, სოციალური დაცვის და სხვა სფეროებსაც მოიცავს", - აღნიშნა სერგეი სტანიშევმა.

ირაკლი კობახიძე საქართველოს საკითხებზე ევროპარლამენტის მომხსენებელსაც შეხვდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, საქართველოს საკითხებზე ევროპარლამენტის მომხსენებელი, ანდრეს მამიკინსი დარწმუნებულია, რომ ევროპარლამენტართა უმრავლესობა დღევანდელ კენჭისყრაზე ხმას საქართველოს სასარგებლოდ მისცემს.

მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭება არანაკლებ მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის.

"საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ვუთხარი, დარწმუნებული იყოს, რომ ევროპის პარლამენტის უმრავლესობა ხმას საქართველოს სასარგებლოდ მისცემს. იმიტომ, რომ ვიცი, ეს რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი ქვეყნისა და ხალხისთვის. ასევე, ყველამ იცის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ჩვენთვის, ევროკავშირის შიგნით. იმიტომ, რომ დაინტერესებულები ვართ საქართველოსთან კარგი ურთიერთობით, დაინტერესებულები ვართ ქართველი ტურისტებით და რა თქმა უნდა, მზად ვართ, დასასვენებლად წავიდეთ თბილისში, ქუთაისში და საქართველოს სხვა ქალაქებში", - განაცხადა ევროპარლამენტის მომხსენებელმა.

საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების გარდა, მხარეებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხები და საქართველოში მიმდინარე რეფორმები განიხილეს.

ევროპარლამენტის მომხსენებელთან შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, საპარლამენტო დელეგაციის წევრები თამარ ხულორდავა, სოფიო ქაცარავა, დიმიტრი ცქიტიშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ნატალია საბანაძე დაესწრნენ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."