"ჩემი 4 წლის შვილი გაჰყვიროდა: "დედას პური, არტისტის პური იყიდეთ!" - ლაურა რეხვიაშვილი ოჯახზე და სოფელში გატარებულ წლებზე

"ჩემი 4 წლის შვილი გაჰყვიროდა: "დედას პური, არტისტის პური იყიდეთ!" - ლაურა რეხვიაშვილი ოჯახზე და სოფელში გატარებულ წლებზე

"ერთადერთი, რაზეც გული მწყდება, ის არის, რომ ბნელ ეპოქაში დავიბადე და არა იმაში, რომელშიც ახლა ვცხოვრობ... მოკლედ, იყო ბნელი და უკუნი, ჩვენთვის მსოფლიოს კარი ჩაკეტილი გახლდათ - სწორედ ამ დროს მოხდა ჩემი, როგორც მსახიობის რეალიზაცია", - ამბობს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მსახიობი ლაურა რეხვიაშვილი, რომელიც ბოლო დროს, პოპულარულ სერიალში, "ჩემი ცოლის დაქალები" ყველაზე ცნობილი სიდედრის - ეგონას როლს თამაშობს.

ის თავის დროზე დიდმა რეჟისორმა, მიხეილ თუმანიშვილმა აღმოაჩინა... მას კინოშიც არაერთი საინტერესო როლი აქვს შესრულებული. თუმცა, გიორგი შენგელაიას ფილმმა - "სიყვარული ყველას უნდა" გამორჩეული წარმატება მოუტანა.

- თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის საგასტროლო ტურნეებით მსოფლიოს გარშემო ვმოგზაურობდით. არ დარჩენილა ცივილიზებული ქვეყანა, ჩვენს თეატრზე მოთხოვნა არ ჰქონოდა. სპექტაკლმა "დონ ჟუანი", რომელიც დიდი მაესტროს, მიხეილ თუმანიშვილის ორიგინალური გადაწყვეტა იყო, მსოფლიო მოიარა და უცხოელმა მაყურებელმა შეაფასა...

მსახიობისთვის უცხოეთში გასტროლი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თან - ჩაკეტილი სივრციდან თავისუფალ, განსხვავებულ სამყაროში გავდიოდით და მერე ისევ "სიბნელეში" ვბრუნდებოდით... არგენტინაში, ბუენოს-აირესში მაშინდელმა ყველაზე ცნობილმა და დაუნდობელმა კრიტიკოსმა ჩემზე თქვა: "ასეთი ბუენოს-აირესის სცენას არ უნახავს" და იმის მერე, 25 წელიწადი უძრაობა მერგო წილად... ჩაბნელდა, ჩაქვემეხდა ჩვენი ქვეყანა, ერთმანეთს ვესროლეთ...

ჩემს მეუღლეს მოსკოვიდან კურსელები ურეკავდნენ და სთხოვდნენ, მათთან სამუშაოდ ჩასულიყო, მაგრამ 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს თავისი საბჭოთა პასპორტი დაწვა. არადა, მეგობრები სწორედ იმ ქვეყნიდან უხმობდნენ და მაშინ აი, რა მითხრა: "მე და შენ თუ ერთნი ვართ და გინდა ჩემთან ერთად ცხოვრება, იცოდე, არსად წავალ. ასე ვისხდებით, შიმშილისგან დავიხოცებით იმიტომ, რომ ვინც იქ მეძახის, მტერია და მტერსაც ის უნდა, რომ წავიდე!.."

- გარდა იმისა, რომ აქ დარჩით, მალე საცხოვრებლად ქალაქიდან სოფელში გადახვედით და საკუთარ მეურნეობას მოეკიდეთ...

- თავიდანვე მქონდა მიწის სიყვარული და უნარი მასთან ურთიერთობის. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ასე მოხდა - 5 დედმამიშვილიდან ჩემსავით სოფელზე არავინ გადარეულა. ამიტომ სულ ვამბობ, - სოფლელი ვარ-მეთქი. ჩემში თუკი რაიმე კარგი არსებობს, თუ მეცოდება, მიყვარს, ვოცნებობ, ადამიანებს ვეხმარები, იმ სამყაროს, სოფლის დამსახურებაა, სადაც გავიზარდე და სადაც ეს ყველაფერი ადამიანებს ჭარბად ჰქონდათ. დიახ, თელავის რაიონის სოფელ რუისპირში ერთმანეთი უყვარდათ, გაჰქონდათ, ჭირსა და ლხინს იზიარებდნენ...

- ბავშვობიდანვე იყავით სამეურნეო საქმეებში ჩართული?

- პატარაობაში თოხსა და ბარს ხელში არავინ მაჭერინებდა. ქუჩაში, ხეებზე, ტყეში, მინდორში ვარ გაზრდილი. სახლში დასაძინებლად შევდიოდი. ოჯახი სადილად რომ დაჯდებოდა, მე მეძებდნენ და დედა კაკლის საბერტყი ჯოხით მაშინებდა, - ხიდან ჩამოდიო... საინტერესო ბავშვობა მქონდა; ისეთი, რომ წლების შემდეგ მიშა თუმანიშვილი მეხვეწებოდა, - შენი ამბები დაწერეო. თუმცა, რად უნდოდა, არ ვიცი. როგორც ჩანს, ჩემს მონაყოლში ნოველებს ხედავდა...

- კახეთში კი გაზრდილხართ, მაგრამ რაჭული გვარი გაქვთ...

- კი, წარმოშობით, დედით და მამით სუფთა სისხლის რაჭველი ვარ. კახეთში რომ მოვხვდი, ესეც ჩვენი ქვეყნის შავბნელი, კომუნისტური ვერაგობის შედეგია. ტერიტორიების წართმევა, მთის მოშლა ახლა კი არ დაწყებულა, ეს ჭირი ქვეყანას ჯერ კიდევ წლების წინ შეუჩნდა. ქლუხორის რაიონი ნიკიტა ხრუშჩოვმა მაშინ "წაიღო", მე რომ დავიბადე, კერძოდ, კურორტი წებელდა აინტერესებდა...

- რას გვეტყვით, 90-იან წლებში სოფლად გადასული ხელოვანებისთვის ცხოვრება როგორი აღმოჩნდა?

- მამის სახლში, სოფელ რუისპირში წავედით. დედა და და მაშინ ცოცხლები მყავდა, მამა კი აღარ იყო. მქონდა ვენახი, სახლი, კარი, ბოსელი, ბოსტანი... ვხნავდით, ვბარავდით, ვთოხნიდით, ვწამლავდით, ვზრდიდით ქათამებს, ღორებს, ძროხას ვწველიდით, რძის პროდუქტებს ვამზადებდით. შესანიშნავად ვიცი ეს საქმე და სიამოვნებით ვაკეთებ ყველაფერს. იმ პერიოდში თბილისში ერთოთახიანი ბინა გავყიდეთ და იმ თანხით საველე ღუმელი ვიყიდეთ, სადაც პურს ვაცხობდით. 4 ტომარა ფქვილს ხელით ვზელდით. შევიძინეთ სამარშრუტო ტაქსის მსგავსი მანქანა და გამომცხვარი პური გასაყიდად ბაზარში მიგვქონდა. ჩემი შვილი, 4 წლის მათე მოაჯირზე შემოჯდებოდა, ხელში პურს დაიჭერდა და ყვიროდა: "დედას პური, არტისტის პური, იყიდეთ!" იმ პერიოდს ახლაც სიცილით, სიყვარულითა და სითბოთი იხსენებენ. ზოგს პური მართლა უნდოდა და ყიდულობდა, ზოგი მათეს გამო იმეტებდა ფულს. ჰოდა, ამ სიკეთეს რა დამავიწყებს?..

თბილისში ადამიანებს ცხოვრება რომ უჭირდათ, მე მაშინ რუისპირში დედლებს ვკლავდი. ყველაფერი სახლში მქონდა, გარეთ არაფერზე გავდიოდი. 4 ღორს რომ დაკლავ და 10-15 დედალი კვერცხს რომ დაგიდებს, სადღა უნდა გახვიდე?

მოკლედ, თანხა კაპიკ-კაპიკ ვაგროვეთ და ჩვენი დანაზოგით მიწაც მოვიმატეთ. მერე ჩემი მეუღლის ბიძაშვილმა, რომელიც უცხოეთში წავიდა, ამდენივე მიწის ფართობის შეძენა გადაწყვიტა და გვითხრა, - აიღეთ და გამოიყენეთ, დათესეთ, მოხანითო. თუმცა, ბოლო დროს მიწის ნაკვეთზე ვერაფერიც ვერ გავაკეთეთ... ხორბალი სამჯერ დავთესეთ ("ნაციონალური მოძრაობის" პერიოდში): პირველად, პრეზიდენტის პროგრამაში ჩავერთეთ, როდესაც ხორბალი "ჯაგერი" და სიმინდის "პიონერი" თესვის პერიოდი იყო. გვპირდებოდნენ, რომ ხელს შეგვიწყობდნენ, ოღონდ, პროდუქციას რომ მიიღებთ, ვალს გაგვისტუმრებთო. მოკლედ, ის ციკლი თავიდან ბოლომდე გაგვატარეს, რაშიც მთელი სოფელი დასაქმდა - 100 ტონა ხორბალი და 20 ტონა სიმინდი - ხარისხიანი მოსავალი მივიღეთ. ქართული ხორბლით ივსებოდა მანქანები, შემდეგ იწონებოდა, გასაშრობად მიჰქონდათ. ჩემი 19 წლის სტუდენტი შვილი, შეიძლება ითქვას, რომ ხორბალში ცხოვრობდა და იმ მოსავალზე დიდ იმედს ამყარებდა, მაგრამ მთავრობამ ვერ შეძლო, რომ გასაშრობი ფართობით უზრუნველვეყავით (სადღაც ააშენეს, მაგრამ წყალმა მოსტაცათ, სადღაც ჩაინგრა). გამოვიდა, რომ სახელმწიფომ "დაგვიკიდა".

კონტრაქტის მიხედვით, ჩვენ უნდა შეგვეფუთა და მას უნდა წაეღო, მაგრამ როცა რეალიზაცია უნდა მომხდარიყო, დასახელებული პრობლემების გამო, ჩვენთვის პრეზიდენტის პროგრამა დასრულდა (ხორბლის ნაწილი გაფუჭდა, ზოგი თაგვმა შეჭამა, ზოგი ქირას დასჭირდა, ზოგი წყალმა დაალპო). მოკლედ, მაშინდელ აღებულ ვალს დღემდე ვიხდით. მსგავს სიტუაციაში ბევრი აღმოჩნდა... ეს ყველაფერი იმიტომ მოვითმინეთ, რომ ჩავთვალეთ: საქმეს ვინც არ აკეთებს, იმას არ უფუჭდება არაფერი... ახლა, ახალმა ხელისუფლებამ რა ქნა?! არაფერი. არადა, თუ მართლა გინდა ქვეყნის ფეხზე დაყენება, ცოტა სხვანაირად უნდა იმოქმედო. ჩემი ვალიდან არაფერი განულებულა.

თუმცა, კიდევ გავრისკეთ და ხორბალი დავთესეთ, ოღონდ, ქართული ჯიშის, რომელიც არ ამოვიდა იმიტომ, რომ ქართულს სოკო აქვს, თესლად არ არის დამუშავებული... საერთოდაც, ხორბლის ბიზნესი მაშინაც და ახლაც მონოპოლიზებულია... ასე რომ, ხორბალზე საბოლოოდ ვთქვით უარი და გადავწყვიტეთ, 10 ჰექტარზე ვენახი ჩაგვეყარა. რქაწითელი გავაშენეთ. ბიოლოგიურად სუფთა ნერგები ჩავყარეთ, ბალახის მოსაწამლი ქიმიაც არ შეგვიტანია.

სერიალში ჩემს პერსონაჟს ეგონა დაარქვეს. მეც, მთელი ცხოვრება მეგონა, რომ შრომით რაღაც გამოვიდოდა, მაგრამ მე მხოლოდ მეგონა...

- რას გვეტყვით თქვენს შვილზე?

- მათე მონაცემებით სრულყოფილი აქტიორია, ყველა თვისება აქვს იმისთვის, რომ იყოს გადასარევი მსახიობი, მაგრამ ამ პროფესიისკენ გახედვაც არ უნდა, ამიტომ ვარ მშვიდად. სოციოლოგია აირჩია. ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი დაამთავრა... ბავშვობაში კერძო სკოლაში სწავლობდა. გადახდის საშუალება რომ არ მქონდა, სკოლის დამაარსებლებს შევთავაზე, რომ იქვე მეტყველების გაკვეთილები ჩამეტარებინა. სიამოვნებით დამთანხმდნენ და 7 წელი ვასწავლიდი. უმაღლეს სასწავლებელში ისე ჩააბარა, არაფერი გამიგია. 90-იანებშია დაბადებული, გაჩნდა ნანინანატრი ბავშვი და ვერც გადმოვცემ იმ საშინელებას, რაც მისი ბავშვობის პერიოდში ჩვენს ქვეყანაში ხდებოდა. სახლში ლამის მუხლებზე დავდიოდი და ბავშვს ხელში ისე ვატარებდი, ფანჯრებს არ ვეკარებოდი, რომ ტყვია არ შემოფრენილიყო - მაშინ ვაშლიჯვარში ვცხოვრობდით... მოკლედ, არც ისე მარტივი ცხოვრება მაქვს გამოვლილი, მაგრამ მაინც მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის.

- მეუღლეც ხელოვანია, რეჟისორი, არა?

- ჩემი მეუღლე დავით ნაცვლიშვილი კინორეჟისორია. თავის დროზე, მოსკოვში აქვს განათლება მიღებული, მაგრამ რეზო ჩხეიძემ, 1990 წელს, როგორც წარმატებული ახალგაზრდა, ტარკოვსკის ფრიადოსანი სტუდენტი, მოსკოვიდან ჩამოიყვანა. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, როგორც პერსპექტიულ ადამიანს, იქ ტოვებდნენ, მაგრამ არ დარჩა. აქ რომ ჩამოვიდა, ერთი ფილმის ("ლეონარდო") გადაღება მოასწრო. თენგიზ აბულაძის შეფასებით, ის ნამუშევარი შედევრი იყო, მერე კი იმ სურათს არნახული ამბავი გადახდა: წლების წინ, როდესაც დამოუკიდებლობის დღე გამოცხადდა, იმ დღეს რუსთაველზე მომხდარი ფაქტები ფირზე ასახა, ყველაფერი დოკუმენტურად, სპეციალური ტექნიკური აღჭურვილობით გადაიღო, მაგრამ იმდროინდელმა "კაგებემ" არ ვიცი, რის ფასად და როგორ, ეს ნამუშევარი გააქრო. არადა, კინოსტუდია "ქართული ფილმის" ლაბორატორია-საცავში რეჟისორის ხელმოწერის გარეშე ვერავინ შევიდოდა და გამოვიდოდა. დაიკარგა ფილმის 6 ნაწილი, მთელი დოკუმენტური მასალა...

სანამ დაიკარგებოდა, ხომ გითხარით, ნანახი ჰქონდათ: თენგიზ აბულაძეს, ელდერ შენგელაიას და რეზო ჩხეიძეს. თენგიზ აბულაძე იმ პერიოდში უკვე ავადმყოფობდა და ფილმის სანახავად ლოგინიდან წამოაყენეს. მეც იქ ვიყავი. სურათი რომ დამთავრდა, ხელი ჯიბეში ჩაიყო, რაღაც თეთრი წამლის აბი ამოიღო და ასე თქვა, - ფილმის ყურებამ წამლის დალევა დამავიწყა, წყალი მომიტანეთ! წამალი რომ დალია, რუსულად თქვა: "ეტო შედევრ!" იქნებ ჩვენება დავნიშნოთ, კიდევ უნდა ვნახო, "პატამუ ჩტო, ეტო შედევრ!" მაესტრო ნამუშევრებს ასე იშვიათად აფასებდა... თუმცა, იმ შეფასების შემდეგ, ფილმის ექვსი ნაწილი დაიკარგა. ალბათ, გაანადგურეს. ფილმი სხვა კადრებით აღადგინა, მაგრამ ახლა უკვე მე ვიტყვი: "ეტო პო მოემუ, უჟე ნე შედევრ!"

თუმცა, რაღაც მაქინაციებით, სრულიად მოულოდნელად, ეს ფილმი მონპელიეზე მოხვდა, სახლში ამის დამადასტურებელი დოკუმენტიც გვაქვს, კედელზე დიდი პლაკატი გვიკიდია. ფილმის პრემიერას ოთარ იოსელიანიც ესწრებოდა, თვითონ წარადგინა. მონპელიეს ჟიურისა და კრიტიკის სპეციალური პრიზი მიენიჭა...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

მომღერალი მაქსიმი ხელოვნურ კომაშია და სიცოცხლისთვის იბრძვის - რა დაემართა რუს შემსრულებელს?

ეკა მიშველაძის შვილს, ტელეწამყვან მაკო კვიტაიშვილს შვილი შეეძინა - "ჩვენს ოჯახში ახალი სიცოცხლე შემოვიდა!"

"არ მყავს ჩემი ბიოლოგიური შვილი... ილიკოს შვილებმა შემიცვალეს ჩემი შვილები" - ნინო სუხიშვილი