ბრძოლა "შაჰინის სკოლა ლიცეუმის" გარშემო პოლიტიკური ნიშნით

ბრძოლა "შაჰინის სკოლა ლიცეუმის" გარშემო პოლიტიკური ნიშნით

უკვე რამდენი თვეა, საზოგადოებრივი ყურადღების ცენტრშია ბათუმში არსებული "შაჰინის სკოლა-ლიცეუმი". მის გარშემო უამრავი სკანდალი იყო აგორებული, რამდენიმე დღის წინ კი გაირკვა, რომ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრმა სკოლას ავტორიზაცია შეუჩერა.

ბათუმში "შაჰინის სახელობის მეგობრობის ლიცეუმში ტერორისტებს ზრდიან", - განაცხადა ბათუმში თურქეთის გენერალურმა კონსულმა თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, თუმცა, მოგვიანებით, თურქეთის საელჩომ განაცხადა, რომ ეს თარგმანის არასწორი ინტერპრეტაცია იყო და სინამდვილეში ასე არ უთქვამს...

იმ ინტერვიუში კონსულმა აღნიშნა, რომ შაჰინის სკოლა-ლიცეუმი ფეთულა გიულენის მიმდევრებს ეკუთვნით, რომელსაც თურქეთის ხელისუფლება და თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი სამხედრო გადატრიალების მცდელობის ავტორად ასახელებს.

ამ განცხადებას მაშინ დიდი გამოხმაურება მოჰყვა, - შაჰინის სკოლის კურსდამთავრებულები კონსულს პასუხობდნენ, რომ ისინი ტერორისტები არ არიან.

შაჰინის სკოლისთვის ავტორიზაციის შეჩერების საკითხით, საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილიც  დაინტერესდა. ის არ გამორიცხავს, რომ ამ საქმეზე გავლენა თურქეთმა მოახდინა.

"ისევე, როგორც მეზობელ სახელმწიფოებში მსგავს დაწესებულებებებთან დაკავშირებით. შესაძლოა, აქაც ჰქონდეს ადგილი გარკვეულ მცდელობებს, რომ მოახდინონ გავლენა მსგავს ინსტიტუტების დახურვასთან დაკავშირებით", – ამბობს უჩა ნანუაშვილი, რომლის თქმითაც, მეზობელ სახელმწიფოებში მიმდინარე პროცესები საქართველოში კანონის შესაბამისად მოქმედ დაწესებულებებზეარ უნდა აისახოს.

სკოლის გარშემო ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა მოხდა. არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, მის გარშემო ატეხილი სკანდალი პირდაპირ კავშირშია ამჟამად ამერიკაში მცხოვრებ ყოფილ იმამთან და მწერალთან ფეტულა გულენთან, რომელსაც თურქეთის ხელისუფლება გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს.

შაჰინის სკოლა-ლიცეუმის დირექტორის ელგუჯა დავითაძის თქმით, სკოლა-ლიცეუმი არსებობს 1994 წლიდან. 24 წელია ბათუმში ეს სკოლა ფუნქციონირებს და ის ორ ქვეყანას, თურქეთ-საქართველოს მეგობრობის საფუძველზე გაიხსნა. მისი გახსნის იდეა რეფაედდინ შაჰინს ეკუთვნის, რომელიც ეთნიკურად ქართველია და ქართული პასპორტიც ჰქონდა. ის მაშინ თურქეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი იყო და მის პატივსაცემად დაერქვა მისი სახელი.

სკოლის ხელმძღვანელობის თქმით, სკოლა-ლიცეუმში სწავლება ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით ხორციელდებოდა, თუმცა, გაძლიერებულად ისწავლებოდა ინგლისური... გარდა ამისა, მსურველებისთვის შაბათ-კვირას ტექნიკური საგნები ინგლისურ ენაზე ისწავლება. ეს მათთვის, ვინც აპირებს უცხოეთის უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელებას. დავითაძის თქმით, 60-დან 10 მასწავლებელი თურქეთიდან არის მოწვეული, ისინი ინფორმატიკას, თურქულ და ინგლისურ ენას ასწავლიან, დანარჩენი პედაგოგები კი ადგილობრივი ქართველები არიან.

თურქეთში გადატრიალების მცდელობის შემდეგ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ საგარეო-პოლიტიკური ზეწოლა გააძლიერა იმ ქვეყნებზე, სადაც ოფიციალური ანკარის მიერ სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორად მიჩნეული ფეთულა გიულენის პოზიციები ძლიერია და ყველა სახელმწიფოს ე. წ. გიულენის სკოლების დახურვა მოსთხოვა. საზოგადოების ერთი ნაწილი ვარაუდობს, რომ ამ ქვეყნების სიაში საქართველოც მოხვდა...

არადა, გიულენის მოძრაობა "ჰიზმეთი" ანუ "მსახურება" საქართველოში რამდენიმე კერძო სკოლასა და უნივერსიტეტს ფლობს.

"ამერიკის ხმის" ინფორმაციით, ამ დროისთვის, გიულენის სწავლების მიმდევარი თურქი ბიზნესმენების მფლობელობაში, საქართველოში არსებული რამდენიმე საგანმანათლებლო დაწესებულებაა. მათ შორის, - საქართველოში თურქეთის ყოფილი პრემიერისა და პრეზიდენტის სულეიმან დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი, სკოლა-ლიცეუმი "სხივი", ნიკოლოზ წერეთლის სახელობის საერთაშორისო სკოლა თბილისში; შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმი რუსთავში; დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა მარნეულში; ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი ქუთაისში და თურქეთის ყოფილი სოფლის მეურნეობის მინისტრის, ქართული წარმოშობის, რაფაედინ შაჰინის-ლორთქიფანიძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი "მეგობრობა", რომელიც ბათუმში მდებარეობს. ასევე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერისტეტი, რომელსაც რექტორი ილიას ჩილოღლუ ხელმძღვანელობს და რომელზეც თურქეთის ხელისუფლებამ საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა და მის გადაცემას ითხოვს...

ყველა ზემოთ ჩამოთვლილ სასწავლებელს აქვს საქართველოს განათლების სამინისტროს ოფიციალური აკრედიტაცია და სწავლებაც სამინისტროს მიერ დამტკიცებული პროგრამით, ქართულ ენაზე მიმდინარეობს. მოსწავლეებს გაძლიერებულად ასწავლიან დასავლურ ევროპულ ენებს, თურქული ენის შესწავლა კი არჩევითია.

პროფესორი ემზარ მაკარაძე, რომელიც წლების მანძილზე, ბათუმის შაჰინის სახელობის სკოლაში საქართველოს ისტორიას ასწავლიდა, მიიჩნევს, რომ არ შეიძლება თურქეთის შიდა პოლიტიკურ გარჩევებს საქართველოში ეს მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ქსელი შეეწიროს. მისივე თქმით, "როცა თურქეთის საელჩო და საკონსულო გულენის ქსელს ახსენებს, საინტერესოა, რატომ არ ინტერესდებიან ისინი საქართველოში არსებული მედრესეებით და რელიგიური სკოლებით, რომელთაც აკრეტიდაცია არ აქვთ..." - დასძენს მაკარაძე, რომლის თქმითაც შაჰინის სკოლის მთავარი იდეაფიქსი - განათლება, მეცნიერება, პაციფიზმი და კონფესიებს შორის მუდმივი დიალოგი იყო...

რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ფეთულა გიულენი ერთ დროს მოკავშირეები იყვნენ. 2002 წელს, საპარლამენტო არჩევნების მოსაგებად, გიულენმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა სამართლიანობისა და განვითარების პარტიას, რამაც დასაბამი მისცა ერდოღანის 14-წლიან მმართველობას. თუმცა, მოკავშირეებს შორის ურთიერთობა მალევე გაცივდა. მაშინდელი თურქული მედია წერდა, რომ გულენისა და "ჰიზმეთის" გავლენა თურქულ საზოგადოებაზე, განათლების სისტემაზე, ჯარზე, სასამართლოზე, პროკურატურასა და მედიაზე ძალიან დიდი იყო. ეს კი ერდოღანისთვის სულ უფრო აუტანელი ხდებოდა, რადგან მისი ძალაუფლებისთვის უაღრესად სახიფათო იყო... საქმე ის არის, რომ ხელისუფლების დიდი ფიზიკური და ფსიქოლოგიური წნეხის მიუხედავად, ფეთულა გიულენი თურქეთში ძალიან დიდი ავტორიტეტით სარგებლობს...

ერღოდანის გავლენით, 2014-15 წლებში, გულენის სკოლები დაიხურა აზერბაიჯანში, ტაჯიკეთში, უზბეკეთში, რუსეთში, გერმანიასა და ერაყის რამდენიმე ქალაქში. აზერბაიჯანის ხელისუფლებაში უფრო შორს წავიდნენ და გულენთან კავშირის გამო, რამდენიმე აზერბაიჯანელი ჩინოვნიკი და თურქეთის მოქალაქე დააპატიმრეს...

"ამერიკის ხმის" ინფორმაციით, 2017 წლის 3 და 6 თებერვალს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და დემირელის სახელობის სკოლის დამფუძნებლებმა წილების სიმბოლური გასხვისება-გაჩუქების გადაწყვეტილება მიიღეს. სახელი შეეცვლება დემირელის სკოლასაც და ის "ქართულ-ამერიკულ სკოლა მეტროპოლიტენი" გახდება. ახალი მეპატრონე, ნიუ იორკში დაფუძნებული კომპანია "მეტროპოლიტენ ედუქეიშნ ქონსალთინგ სერვისი" გახდება, რომელსაც მოლაპარაკებებში ამერიკის მოქალაქე ზაფერ სუსლუ წარმოადგენდა, თუმცა, საქმე ის არის, რომ თურქეთის ხელისუფლებას ზაფერ სუსლუზეც ძებნა აქვს გამოცხადებული.

შესაბამისად, როგორც გავლენიანი თურქული გაზეთი "საბაჰი" აანონსებს, ეს გარიგება ვერ შედგება, რადგან ზაფერ სუსლუც, "გულენის ტერორისტული ქსელის" წევრად არის მიჩნეული... ამავდროულშაჰინის სკოლისთვის ავტორიზაციის შეჩერების გადაწყვეტილებით, საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილიც  დაინტერესდა. ის არ გამორიცხავს, რომ ამ საქმეზე გავლენა თურქეთმა მოახდინა.

ბოლო ინფორმაციით, "შაჰინის სკოლას" ავტორიზაცია შეუჩერდა, რაც ნიშნავს, რომ ამ ბრძოლაში გიულენი დამარცხდა. ამ ორ გავლენიან ფიგურას შორის არსებულ ინტერესთა კონფლიქტში, არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც ბათუმელმა პროფესორმა მხოლოდ გაკვრით ისაუბრა და რომელიც მართლაც ყურადსაღებია, ეს არის, - საქართველოში არსებული მედრესეები, რომელთაც აკრედიტაცია არ აქვთ. შესაბამისად, შიგნით არსებული ვითარება ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს...

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

(სტატიის მომზადებისას გამოყენებულია "ამერიკის ხმის" მასალები)

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე