პრეზიდენტი: "მეუფეები ღიად საუბრობენ არსებული სირთულეების შესახებ, კარგი იქნებოდა, პოლიტიკოსებიც ასე საუბრობდნენ"

პრეზიდენტი: "მეუფეები ღიად საუბრობენ არსებული სირთულეების შესახებ, კარგი იქნებოდა, პოლიტიკოსებიც ასე საუბრობდნენ"

"მამა გიორგის და მის ადვოკატებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა თავისი სიმართლე გააცნონ საზოგადოებას, რადგან ჩვენ ყველანი ამაზე ვსაუბრობთ" - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს საპატრიარქოსთან განუცხადა.

პრეზიდენტი საპატრიარქოში სხვადასხვა იერარქიის სასულიერო პირების მონაწილეობით მიმდინარე შეხვედრას დაახლოებით ერთ საათზე მეტხანს ესწრებოდა.

"პირველ რიგში, მინდა კიდევ ერთხელ ყველას გაგიზიაროთ სიხარული, რომ პატრიარქი დაბრუნდა საქართველოში. თავს გრძნობს მხნედ, ჯანმრთელად. დღეს მე დავესწარი პატრიარქთან ერთად მეუფეებთან შეხვედრას, დავესწარი ძალიან ღია და საინტერესო დისკუსიას იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ეკლესიასთან მიმართებაში ვითარდება. მინდა გითხრათ შემდეგი: პატრიარქი ხელმძღვანელობს ამ მეტად მნიშვნელოვან შეკრებას, პატრიარქი და მეუფეები ძალიან ღიად საუბრობენ არსებული სირთულეების შესახებ, არის თათბირი, სადაც ყველას აქვს განსხვავებული აზრის და დისკუსიის შესაძლებლობა. ასეთი ღიაობა, დემოკრატიულობა დასანახია, თავისთავად კარგი დასანახია, კარგი იქნებოდა, პოლიტიკოსებიც ასე საუბრობდნენ. ჩვენ ვისაუბრეთ არსებული სირთულეების თაობაზე. ჩემი აზრით, ამ საუბრის შეჯამება მდგომარეობს შემდეგში: ჩვენ უნდა მივცეთ ყველა მხარეს შესაძლებლობა, დაამტკიცოს თავისი სიმართლე, ან თავისი ვერსიის სიმართლე, ჩვენ უნდა მივცეთ შესაძლებლობა სამართალდამცველ სტრუქტურებს, აკეთონ თავისი საქმე, პოლიტიკური ჩარევების გარეშე", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მარგველაშვილის თქმით, მას გუშინ შეხვედრა ჰქონდა პატრიარქთან გერმანიიდან ჩამობრძანების შემდეგ და შეთანხმდნენ, რომ პრეზიდენტი პატრიარქს დღეს ესტუმრებოდა.

ჟურნალისტების კითხვაზე, რამდენად არის პატრიარქი ინფორმირებული საპატრიარქოსთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებზე, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პატრიარქი ჩართულია ყველა რთული საკითხის განხილვაში.

მარგველაშვილის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე სინოდის ყველა წევრს აქვს შესაძლებლობა დააფიქსიროს თავისი პოზიცია, მიმდინარეობს დიალოგი, რომლის დროსაც პატრიარქი ყველა მხრიდან ინფორმაციას იღებს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."