ის, რაც ახალი მზის სისტემის შესახებ უნდა იცოდეთ - 3 პლანეტაზე სიცოცხლის არსებობას ვარაუდობენ

ის, რაც ახალი მზის სისტემის შესახებ უნდა იცოდეთ - 3 პლანეტაზე სიცოცხლის არსებობას ვარაუდობენ

დღეს კაცობრიობა უნიკალურ ეპოქაში ცხოვრობს. მეცნიერები და სპეციალისტები თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, თითქმის ყოველთვიურად ახალ-ახალი აღმოჩენებით გვანებივრებენ. პროგრესმა განვითარების არნახულ დონეს მიაღწია. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ადამიანი ახალს და საინტერესოს დედამიწის საზღვრებს გარეთაც ეძებს. ყოველდღიურად ასობით მეცნიერის მზერა და ათობით ტელესკოპი შორეული კოსმოსისკენაა მიმართული.

ვარსკვლავთშორის უკიდეგანო სივრცეში ადამიანი რთულ და ერთობ საინტერესო კითხვებზე ცდილობს პასუხის პოვნას. ეძებს დედამიწის მსგავს პლანეტებს და სიცოცხლის განსხვავებულ ფორმებს.

2017 წლის 22 თებერვალს ამერიკულმა კოსმოსურმა სააგენტო NASA-მ საგანგებო პრესკონფერენცია გამართა. მეცნიერების განცხადებით, ასტრონომები აღმოჩენილი ახალი მზის სისტემის პლანეტებზე სიცოცხლის არსებობას ვარაუდობენ.

მზის სისტემა სახელწოდებით TRAPPIST-1 მერწყულის თანავარსკვლავედში მდებარეობს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ტერმინი "მზის სისტემა" ცოტა ხმამაღალი ნათქვამია. TRAPPIST-1-ის ცენტრში წითელი კაშკაშა ვარსკვლავი მდებარეობს, რომლის გარშემო შვიდი ეგზოპლანეტა ბრუნავს. ეგზოპლანეტას - ჩვენი მზის სისტემის ფარგლებს გარეთ მდებარე პლანეტას უწოდებენ, რომლებიც ვარსკვლავის და არა მზის გარშემო ბრუნავენ.

ეგზოპლანეტების ინტენსიური შესწავლა 1990-ანი წლებიდან დაიწყო. ჩვენი მზის სისტემის ფარგლებს გარეთ პირველი პლანეტა 1995 წელს აღმოაჩინეს. 2009 წლიდან მათი შესწავლა კოსმოსური ტელესკოპით "კეპლერით" დაიწყეს. 2017 წლის თებერვლის მდგომარეობით დადასტურებულია 2 688 საპლანეტო სისტემაში მდებარე 3 579 ეგზოპლანეტის აღმოჩენა. თანამედროვე ასტრონომიის მთავარი ამოცანა - ამ ეგზოპლანეტებში ჩვენი დედამიწის მსგავსი ობიექტის აღმოჩენაა.

ამისთვის სპეციალისტები სხვადასხვა მეთოდებს მიმართავენ. ყველაზე გავრცელებული - ტრანზიტული მეთოდია. მისი არსი ციური სხეულის კაშკაშა ვარსკვლავის ფონზე აღმოჩენაში მდგომარეობს.

TRAPPIST-1 2016 წელს ბელგიის ლიეჟის უნივერსისტეტის თანამშრომელმა მიხაელ ჟიონმა სწორედ ამ მეთოდით აღმოაჩინა. ვარსკვლავის ფონზე (ის იუპიტერზე მხოლოდ 11%-ით დიდია) მეცნიერმა სამი პლანეტა დააფიქსირა. სახელწოდება აღმოჩენამ ტელესკოპის TRAPPIST (TRAnsiting Planets and PlanetesImals Small Telescope) პატივსაცემად მიიღო. ასტრონომებმა დაკვირვება განაგრძეს და მალევე კიდევ 4 პლანეტა აღმოაჩინეს.

პლანეტებს სახელები ინგლისური ანბანის ასოების გამოყენებით მიანიჭეს - TRAPPIST-1b, TRAPPIST-1c, TRAPPIST-1d, TRAPPIST-1e, TRAPPIST-1f, TRAPPIST-1g, TRAPPIST-1h.

სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით ასტრონომებმა შვიდივე პლანეტის ბრუნვის სიხშირე და ორბიტები განსაზღვრეს. ასევე დადგინდა მათი ზომები და წონა. მაგალითად, ხუთი პლანეტა (b, c, e, f და g) ზომით თითქმის ჩვენ პლანეტას შეესაბამება. დანარჩენი ორი (d და h) დედამიწაზე პატარები და ამავდროულად მარსზე დიდები არიან.

პლანეტების ქიმიური შემადგენლობის დადგენისთვის ასტრონომები მძლავრი ორბიტული ტელესკოპების Hubble-ის და James Webb-ის (ამ უკანასკნელს კოსმოსში მომავალ წელს გაუშვებენ) გამოყენებას აპირებენ.

ამ ეტაპზე ბევრი გარემოების შესახებ ასტრონომები მხოლოდ ვარაუდით საუბრობენ. თუმცა მათივე განმარტებით, TRAPPIST-1-ის სისტემაში არსებული 7 პლანეტიდან 3-ზე (e, f და g) შესაძლებელია სიცოცხლისთვის ხელსაყრელი პირობები არსებობდეს.

მთავარი სირთულე, რაც ახლად აღმოჩენილი პლანეტური სისტემის დეტალურ შესწავლას ართულებს - მანძილია. TRAPPIST-1 და მისი ეგზოპლანეტები დედამიწიდან თითქმის 40 სინათლის წლით არიან დაშორებულნი. ამ სიდიდის უფრო მარტივად აღთქმისთვის გეტყვით, რომ ეს დისტანცია 378 432 000 000 000 კილომეტრის ექვივალენტურია.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE

ძლიერი მიწისძვრა საბერძნეთში - მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 6,3 მაგნიტუდა შეადგინა

"პერსევარანსმა" მარსიდან ახალი შთამბეჭდავი ფოტოები გამოგზავნა - დაათვალიერეთ "წითელი პლანეტა“

თუ კოსმოსში მოგზაურობაზე ოცნებობთ - იაპონელი მილიარდერი 8 ადამიანს მთვარეზე სამოგზაუროდ ეპატიჟება