ისტორიული წუთების მოლოდინში - დღეს ბრიუსელში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეგულაციას ხელი მოეწერება

ისტორიული წუთების მოლოდინში - დღეს ბრიუსელში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეგულაციას ხელი მოეწერება

ევროპარლამენტში დღეს, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებული რეგულაციის ხელმოწერის ცერემონია გაიმართება. ღონისძებას საქართველოს მთავრობის მეთაური გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება, რომელიც ბრიუსელში იმყოფება. ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ, გიორგი კვირიკაშვილი შეხვედრას გამართავს ევროპარლამენტის თავმჯდომარე ანტონიო ტაიანისთან. ასევე ბრიუსელში იმყოფებიან მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებიც.

დღეს სრულდება ძალიან შრომატევადი, ხანგრძლივი პროცესი, რომელმაც უზრუნველყო საქართველოს ვიზალიბერალიზაცია, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ბრიუსელში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველო აგრძელებს სვლას ევროპული ოჯახისკენ.

"დღეს სრულდება ძალიან შრომატევადი, ხანგრძლივი პროცესი, რომელმაც უზრუნველყო საქართველოს ვიზალიბერალიზაცია და რომელმაც ხაზი გაუსვა საქართველოს ძალიან მჭიდრო ურთიერთობას ევროკავშირთან. ეს პროცესი უკავშირდებოდა ჩვენს მჭიდრო თანამშრომლობას ევროპულ სტრუქტურებთან, ასევე წევრ სახელმწიფოებთან და რეფორმებს, რომელიც საქართველოს მთავრობამ განახორციელა. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს სვლას ევროპული ოჯახისკენ. საქართველო გახდება ევროპული სახელმწიფო და ეს გაუხსნის მას კარს ევროპულ ოჯახში. ეს დღეც აუცილებლად დადგება", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

ბრიუსელში იმყოფება ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე.

"ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ რაღაც ერთგვარი ტექნიკური გამოძახილი, არამედ, ჩემი აზრით, ეს არის ერთ-ერთი სერიოზული პოლიტიკური გზავნილი ჩვენი თანამოქალაქეებისადმი. ეს კარგი ბაზისია იმისა, რომ საქართველო გახდება სრულფასოვანი წევრი მომავალში და ჩვენ ვდგამთ ამ ნაბიჯებს როგორც პოლიტიკური ასოცირების, ასევე ეკონომიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით და მინდა ყველას მოგილოცოთ ეს დღე“, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

ევროპარლამენტში დღეს, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებული რეგულაციის ხელმოწერის ცერემონია გაიმართება.

საბოლოო ცვლილება რეგულაციაში, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შემოღებას ითვალისწინებს, ევროკავშირის საბჭომ 27 თებერვალს დაამტკიცა. განახლებული რეგულაცია რამდენიმე დღეში ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება. გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადაში კი საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ გამგზავრებას შეძლებენ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."