4 მარტს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" III ტურის შეხვედრა სტუმრად ესპანეთის ნაკრებთან გამართა და დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 20:10 გაიმარჯვა.
დაბა მედინა დელ კამპოში პირველი ტაიმი ესპანელებმა მოიგეს, მეორე ტაიმის დასაწყისში "ბორჯღალოსნებმა" მასპინძელთა ჩათვლის მოედანში ბურთი ზედიზედ ორჯერ დაამიწეს, თუმცა მსაჯმა ლელო არც შალვა მამუკაშვილს ჩაუთვალა, არც – ლაშა ხმალაძეს. 49–ე წუთზე კი ვასილ ლობჟანიძის პასის შემდეგ გიორგი თხილაიშვილის ლელო საეჭვო აღარავისთვის ყოფილა. კვირიკაშვილმა გარდასახა და ანგარიში კვლავ გათანაბრდა – 10:10.
59–ე წუთზე "ბორჯღალოსნები" ანგარიშში დაწინაურდნენ კიდეც. ლელოს ავტორი კი იოსებ მათიაშვილი გახდა, რომლისთვისაც ესპანელებთან მატჩი სადებიუტო იყო მთავარ ნაკრებში. კვირიკაშვილმა გარდასახა და ანგარიში 10:17 გახდა საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ.
72-ე წუთისთვის ესპანელები კაცნაკლულნი დარჩნენ, საბოლოო ანგარიში კი კვირიკაშვილმა ზუსტი საჯარიმოთი ბოლოსწინა წუთზე დააფიქსირა - 20:10.
აღსანიშნავია, რომ "ბორჯღალოსნების" შემადგენლობაში, მათიაშვილთან ერთად, ბადრი ლიპარტელიანის დებიუტი შედგა.
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები "რაგბი ევროპის ჩემპიონატზე" მომდევნო შეხვედრას 12 მარტს, თბილისში, რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.