გია ყანჩელის წერილი "საზ. მაუწყებელს": "თუ ვერ შეძლებს უმცირესობის აზრის გათვალისწინებას, თვითონ აღმოჩნდება დაბალრეიტინგული"

გია ყანჩელის წერილი "საზ. მაუწყებელს": "თუ ვერ შეძლებს უმცირესობის აზრის გათვალისწინებას, თვითონ აღმოჩნდება დაბალრეიტინგული"

გენიალური კომპოზიტორი გია ყანჩელი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსადმი განცხადებას ავრცელებს, რომელიც არხის ორი გადაცემის - "წითელი ზონის" და "უცნობი მუსიკის" დახურვას შეეხება. ყანჩელის მიმართვას ფეისბუქის პირად გვერდზე გადაცემა "უცნობი მუსიკის" წამყვანი კახა თოლორდავა ავრცელებს.

გთავაზობთ მიმართვას სრულად:

"ჩემი საკმაოდ ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე თავს ვარიდებდი მონაწილეობა მიმეღო მრავალრიცხოვან დაპირისპირებებში, რომლებიც ეროვნული მოძრაობის დაწყებიდან დღემდე თან ახლავს ჩვენს ორად გაყოფილ საზოგადოებას.

შევიტყვე რა, რომ სხვა გადაცემებთან ერთად დაბალი რეიტინგის გამო განზრახულია "წითელი ზონის" და "უცნობი მუსიკის" დახურვა, გამიჩნდა სურვილი გაგიზიაროთ ჩემი მოსაზრება რეიტინგებზე გამართულ დისკუსიაზე.

გთხოვთ წარმოიდგინოთ, ჩვენი საზოგადოების რა ნაწილი გადართავს არხს მოცარტის ან ვერდის რექვიემის ეთერში გასვლისას, ამგვარი ქმნილებების მოსმენის მსურველები ერთეულები თუ აღმოჩნდებიან, შესაბამისად ვერიდს და მოცარტის რეიტინგი შესაძლოა "უცნობი მუსიკის" და წითელი ზონის რეიტინგზე დაბალი აღმოჩნდეს. ამიტომ, არაპოპულარული პროგრამების ეთერში გაშვების "ფუფუნება" სწორედ საზოგადოებრივ მაუწყებელს უნდა გააჩნდეს.

დღევანდელ საქართველოში მუსიკალური კრიტიკის არარსებობის ფონზე გადაცემა "უცნობი მუსიკა" და მისი ავტორი კახა თოლორდავა, ჩემთვის, როგორც მუსიკოსისთვის უალტერნატივოა. ამგვარი მოსაზრება გამოწვეულია მისი მაღალპროფესიული დამოკიდებულებით მსჯელობის საგნის მიმართ, მისი გამართული ენით, ინტელექტითა და მუსიკისადმი იუსაზღვრო სიყვარულით.

ვფიქრობ, იმ საზოგადოებრივ ტელესივრცეშ ისეთი წამყვანების მოღვაწეობა, როგორებიც გახლავთ კახა თოლორდავა და გიორგი გვახარია, საერთოდ არ უნდა განიხილებოდეს ე.წ რეიტინგით.

მსოფლიოს ყველა განვითარებულ ქვეყანაში, კულტურისა და განათლების შენარჩუნება-განვითარებაში საზოგადოებრივი მაუწყებლები გადამწყვეტ როლს თამაშობენ. ნამდვილი, არაგასართობი ხელოვნების დაფასება და უმცირესობის მოთხოვნების გათვალისწინება კი, თვით საზოგადოებისა და სახელმწიფოს მხარდაჭრით ხორციელდება. თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ შეძლებს უმცირესობის აზრის გათვალისწინებას, თვითონ აღმოჩნდება დაბალრეიტინგული, განწირული თუ არა.

პატივისცემით, გია ყანჩელი" - წერს კომპოზიტორი მიმართვაში.

შეგახსენებთ, საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელმა საბჭომ სამეურვეო საბჭოს გადაცემების გაფილტვრის საკუთარი ხედვა და მიღებული შედეგები წარუდგინა. აღმასრულებელმა საბჭომ გადაცემები სამ ჯგუფად დაყო.

1) გადაცემები, რომელიც იზიდავს მაყურებელს, მათი რეიტინგი არხის საშუალო რეიტინგზე მაღალია

2) გადაცემები, რომელის რეიტინგიც მაუწყებლის საშუალო რეიტინგის ფარგლებშია;

3) გადაცემები, რომელიც საშუალო რეიტინგზე დაბალია და იწყებს მაყურებელთა მიგრაციას სხვა არხზე. სწორედ ამ უკანასკნელში მოხვდა ისეთი გადაცემები როგორებიცაა: რეალური სივრცე (პარასკევი), ვექტორი, სპორტის დაფა, წითელი ზონა, რეალური სივრცე, უცნობი მუსიკა და სხვა.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება