მარიხუანასა და კანაფთან დაკავშირებულ ზოგიერთ დანაშაულზე პასუხისმგებლობა პატიმრობის ნაცვლად, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით იცვლება

მარიხუანასა და კანაფთან დაკავშირებულ ზოგიერთ დანაშაულზე პასუხისმგებლობა პატიმრობის ნაცვლად, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით იცვლება

"სისხლის სამართლის კოდექსში" ცალკე მუხლად გამოიყოფა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ნარკოტიკული საშუალებების - კანაფისა და მარიხუანას უკანონო დამზადების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვის, გადაგზავნის, გასაღების ან ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისთვის.

აღნიშნულ ქმედებაზე კოდექსის 260-ე მუხლი აღარ გავრცელდება. ამასთან, ნარკოტიკულ დანაშაულებთან მიმართებით, ცალკეულ შემთხვევებში, სასჯელის სახის - თავისუფლების აღკვეთის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლა ხდება.

ამ ყველაფერს "სისხლის სამართლის კოდექში" დაგეგმილი ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს, რომელიც თავის მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიდან გამომდინარეობს. ცვლილებები პარლამენტს მთავრობამ წარუდგინა.

"სისხლის სამართლის კოდექსს" ახალი - 2731-ე მუხლი ემატება, რომლის მიხედვით, მცირე ოდენობით მცენარე კანაფის, მარიხუანას უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება, ჩადენილი "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" 45-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლდარღვევის გამო ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ასიდან ას სამოც საათამდე ვადით.

მცენარე კანაფის, მარიხუანას უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ას სამოციდან ორას ოც საათამდე ვადით. აღნიშნული ქმედება, ჩადენილი: - წინაწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ; არაერთგზის; იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებული თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, – ისჯება ჯარიმით ან/და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ორას ოციდან სამას საათამდე ვადით.

დიდი ოდენობით მცენარე კანაფის, მარიხუანას უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა - ისჯება ჯარიმით ან/და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით სამასიდან ოთხას საათამდე ვადით, ან თავისუფლების აღკვეთით ორ წლამდე ვადით, ხოლო ეს ქმედება, ჩადენილი: - წინაწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ; არაერთგზის; იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებული თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, – ისჯება ჯარიმით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ოთხასიდან ხუთას საათამდე ვადით, ან თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე ვადით.

განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემთხვევაში, პროექტით გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი სანქცია - თავისუფლების აღკვეთა ორიდან ექვს წლამდე ვადით, ხოლო თუკი ასეთი დანაშაული ჩადენილია წინაწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ; არაერთგზის ან იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ნარკოტიკულ დანაშაულებთან დაკავშირებული თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული – პასუხისმგებლობა იქნება თავისუფლების აღკვეთა, სამიდან შვიდ წლამდე ვადით.

სისხლის სამართლის კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებებით მცენარე კანაფის, მარიხუანას უკანონო გასაღება გამოიწვევს სამიდან რვა წლამდე პატიმრობას. ამასთან, აღნიშნული დანაშაული, ჩადენილი: - დიდი ოდენობით; წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; არაერთგზის; იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებული რომელიმე დანაშაული, გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ცხრა წლამდე ვადით. იგივე ქმედება ჩადენილი: - განსაკუთრებით დიდი ოდენობით; ორგანიზებული ჯგუფის მიერ, – დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ხუთიდან ათ წლამდე ვადით.

"მიუხედავად იმისა, რომ მარიხუანა მავნე ზეგავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, პირადი მოხმარების მიზნით მისი მცირე ოდენობით დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა, როდესაც გასაღების მიზანი ან გასაღების საფრთხე ფაქტობრივად არ არსებობს, არ არის საფრთხის შემცველი სხვა პირთათვის და ზოგადად, საჯარო წესრიგისათვის. შესაბამისად, არ არის გამართლებული პირადი მოხმარების მიზნით მარიხუანას შეძენა-შენახვისათვის სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება. გარდა ამისა, როგორც საკონსტიტუციო სასამართლომ ზემოხსენებული საქმეების განხილვისას აღნიშნა, მარიხუანას განმეორებით ან არაერთგზის მოხმარება არ წარმოადგენს იმაზე მეტი საფრთხის შემცველ ქმედებას, ვიდრე მისი პირადი მოხმარების მიზნით მცირე ოდენობით შენახვა. სასჯელი, რომელიც არაპროპორციულად იქნა მიჩნეული ამ უკანასკნელი ქმედებისთვის, ასევე არაპროპორციულია მარიხუანას განმეორებით მოხმარების მიმართაც", - აღნიშნულია კანონპროექტზე თანდართულ განმარტებით ბარათში.

"სისხლის სამართლის კოდექსის" გარდა, ცვლილებები ხორციელდება შემდეგ კანონებში: - "ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ", "ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ", "არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა წესისა და პრობაციის შესახებ" კანონებში და "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში".

საკანონმდებლო პაკეტი იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი