მაზარ-ი-შარიფში ქართველი სამხედროები საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ და თავს უსაფრთხოდ გრძნობენ, - ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც თავდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, თავდასხმა იმ ბაზიდან 20 კილომეტრის მოშორებით განხორციელდა, სადაც ქართველი სამხედროები მსახურობენ.
"შესაბამისად, ქართული ასეული საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს და თავს უსაფრთხოდ გრძნობს. გუშინ, ავღანურ ქვედანაყოფს, 15 ამბოხებული, ადგილობრივი დროით 13:40 საათზე დაესხა თავს. თავდასხმის შედეგად ავღანური ეროვნული არმიის 100-ზე მეტი მოსამსახურე დაიღუპა, ასევე, ავღანური სპეციალური რაზმის ერთი წევრი და ბაზაზე მომსახურე ერთი სამოქალაქო პირი. დაჭრილია ავღანური ბრიგადის 30 წარმომადგენელი. ამ დროის მონაცემებით, თხუთმეტივე თავდამსხმელი ლიკვიდირებულია", - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.