რას ჰყვება კაცი, რომელიც ჩრდილოეთ კორეიდან გამოიქცა? - "ჩრდილოეთ კორეელი ბავშვის პირველი სიტყვა დედაა, მეორე კი - კიმ ირ სენი"

რას ჰყვება კაცი, რომელიც ჩრდილოეთ კორეიდან გამოიქცა? - "ჩრდილოეთ კორეელი ბავშვის პირველი სიტყვა დედაა, მეორე კი - კიმ ირ სენი"

ჟურნალისტმა რომან სუპერმა მოახერხა იმ ადამიანთან ინტერვიუს ჩაწერა, რომელმაც 14 წლის წინ, ჩრდილოეთ კორეადან სამხრეთ კორეაში გაქცევა შეძლო. გაიგო, როგორია რეალური ცხოვრება ჩრდილოეთ კორეაში, არც ისე მარტივია. ამაზე ადგილობრივები არ ლაპარაკობენ. ჟურნალისტი ასეთ ადამიანს, რომელიც რეალური ჩრდილოეთ კორეის შესახებ უამბობდა, 4 წელი ეძებდა. რესპონდენტი ინტერვიუს იმ პირობით დათანხმდა, თუ მის სურათს არ გამოაქვეყნებდნენ.

"გადარჩენილი"

ჯონ ჰენ მუ (სახელი და გვარი შეცვლილია - ავტ.) ახლა 60 წლისაა და ქალაქ სეულში ცხოვრობს. 2003 წელს გაუმართლა და ჩრდილოეთ კორეადან გაიქცა. ის დედაქალაქ ფხენიანში, საშუალო ფენის ოჯახში დაიბადა. მისი მშობლები რიგითი მოქალაქეები იყვნენ. ჯონის დედა 30 წლის განმავლობაში "ქალთა ასოციაციაში", მამა კი სამხატვრო აკადემიაში მუშაობდა. რესპონდენტის თქმით, მისი ოჯახი მოკრძალებულად ცხოვრობდა, სხვების მსგავსად მათაც არ ჰქონდათ კერძო საკუთრების უფლება.

"90-იან წლებში სიტუაცია შეიცვალა - გაჩნდნენ ოთხი კატეგორიის ადამიანები, რომელთაც შეეძლოთ კერძო ავტომანქანის ფლობა. ესენი იყვნენ: იაპონელ-კორეელები, რომლებიც სამშობლოში ბრუნდებოდნენ, დიპლომატიური სამსახურის თანამშრომლები, მაღალი თანამდებობის მქონე პირების შვილები და ისინი, ვინც ქვეყნის ხელმძღვანელი პირებისგან ავტომანქანები საჩუქრად

მიიღეს.

დედაქალაქის მცხოვრებლებს შეეძლოთ "ცივილიზაციის საჩუქრებით" ესარგებლათ: - მაცივარი, ტელევიზორი და სხვა საყოფაცხოვრებო "უდანაშაულო" ნივთებით. 90-იან წლებამდე, - ამბობს რესპონდენტი, - ყიდვა-გაყიდვის ვერავითარ ოპერაციას ვერ აწარმოებდი, რადგან პარტიის მიერ იყო აკრძალული. 90-იანებში ჩამოყალიბდა უძრავი ქონების შავი ბაზარი, რომლის შესახებაც სახელმწიფომ იცოდა და პერიოდულად ბაზრის მონაწილეებს სჯიდა, თუმცა ამის პარალელურად, ბაზარი მაინც ვითარდებოდა. მოგვიანებით ელექტროენერგიის პრობლემა გაჩნდა. თავდაპირველად შუქს ერთი საათით თიშავდნენ, მერე 4 საათით, მოგვიანებით კი ნახევარი დღე უშუქოდ ვიყავით ხოლმე. უშუქობის პრობლემა ახლაც არის.

ვისი მმართველობის პერიოდი იყო უკეთესი?

ჟურნალისტის შეკითხვები პოლიტიკასაც შეეხო: "მახსოვს ახალგაზრდა კიმ ირ სენის მმართველობა, ეს იყო სასტიკი რეჟიმი. როცა მოხუცდა, შედარებით "რბილი" მმართველი გახდა.

ჩრდილოკორეელების უმეტესობა ამბობს, რომ კიმ ირ სენის მოღვაწეობის პერიოდამდე უფრო კარგი სიტუაცია იყო, არ ყოფილა საშინელი რეპრესიები, თუმცა მე ასე არ ვფიქრობ. იმ მძიმე პერიოდის, ანუ კიმ ირ სენის მოღვაწეობისას, პატარა ვიყავი და რეპრესიები საკუთარ თავზე არ გამომიცდია, თუმცა ახლა რომ ვფიქრობ, დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ ჩრდილოეთ კორეასა და საბჭოთა კავშირს შორის. მეტიც, ჩემი აზრით, კიმ ირ სენი და კიმ ჩენ ირი სტალნზე ათჯერ უფრო სასტიკები იყვნენ".

სამსახური

უნივერსიტეტის შემდეგ ჯონი ერთ-ერთ სასტუმროში მზარეულად მოეწყო. ჯარში 3-წლიანი სამსახურის შემდეგ შეძლო და პარტიის წევრი გახდა. პარტიულობა დაეხმარა მას მოწყობილიყო იმავე სასტუმროში, მაგრამ არა მზარეულად, არამედ მენეჯერად. უცხოელებთან კონტაქტი მკაცრად აკრძალული იყო. ზოგადად კი აკრძალული იყო გარე სამყაროსთან კონტაქტი, იმის გაგება, თუ რა ხდებოდა სხვა ქვეყნებში. უფრო მეტიც, სახელმწიფოს ნებართვის გარეშე რადიოს მოსმენაც არ შეიძლებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ციხეში მოხვდებოდი. "მოგვიანებით, 2000-იან წლებში ჩინეთიდან ბევრი კონტრაბანდა შემოვიდა: ფილმების დისკები, USB-ბარათი სამხრეთკორეული სერიალებით, იმ დროს ეს ნამდვილი მიწისქვეშა რევოლუცია იყო. მას შემდეგ, რაც ათი წლის განმავლობაში ერთი და იგივე გადაცემას გაყურებინებენ, სეულიდან ფილმი - იყო დღესასწაული".

ხალხი მდიდრებისა და ღარიბების ფენად ჩრდილოეთ კორეაშიც დაყოფილია, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ იქ მოსახლეობის მხოლოდ 1%-ია მდიდარი.

ტალონების სისტემა

ჯონ ჰენ მუს მონაყოლის მიხედვით, მისი ყოფნის დროს ხალხს ქვეყანაში ორი ტიპის ტალონები ჰქონდათ - პროდუქტების, რომლითაც ხალხს საკვების მიღება შეეძლოთ, ხოლო მეორე ტალონით იღებდნენ ტანსაცმელს. თითოეულ მოქალაქეს საკუთარი ნორმა ჰქონდა: მუშებს - შვიდასი გრამი ბრინჯი, სტუდენტებს - სამასი გრამი. პრობლემა კი იმიტომ გაჩნდა, რომ წესები არ იყო დაცული. ფხენიანში ყველას ნორმის მიხედვით ურიგდებოდა საკვები, თუმცა რეგიონებში იმაზე ნაკლებს აძლევდნენ, ვიდრე ეკუთვნოდათ. ტანსაცმელი კი იშვიათად გაიცემოდა.

კერძო წარმოება მაშინ დაიწყო, როდესაც ყოველდღიური საკვები გათავდა. ხალხმა ბიზნესს ხელი მოჰკიდა არა სიყვარულის გამო, არამედ იმიტომ, რომ შიმშილით არ დახოცილიყვნენ.

განაგრძეთ კითხვა

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"