საუკუნის წინანდელი ქუთაისი თვითმხილველის თვალით

საუკუნის წინანდელი ქუთაისი თვითმხილველის თვალით

ქართულ ისტორიულ ქალაქთა შორის ქუთაისი ერთ-ერთი უძველესი და უდავოდ გამორჩეულია.

საუკუნის წინანდელი ქუთაისი საინტერესოდ არის აღწერილი მისი უშუალო თვითმხილველის, შემდგომში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო მოღვაწის, ქართული ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენლის, გენერალ შალვა ნიკოლოზის ძე მაღლაკელიძის (1894-1976) მოგონებაში. შალვა მაღლაკელიძე 1976 წლის 7 ნოემბერს გარდაიცვალა თბილისში. დაკრძალულია საბურთალოს სასაფლაოზე.

აღსანიშნავია, რომ მოგონების ტექსტი პირველად ქვეყნდება ისტორიულ-შემეცნებით ჟურნალ "ისტორიანში". ის არ არის შეტანილი შალვა მაღლაკელიძის მოგონებათა წიგნში, რომელიც ორჯერ (1994 და 2012 წლებში) დაიბეჭდა ვიქტორ რცხილაძის წინასიტყვაობითა და შენიშვნებით.

ტექსტი, რომელსაც სათაურად წამძღვარებული აქვს "მცირე მოგონებანი", მის ავტორს დაუწერია 1967 წლის 28 ივნისს, თბილისში. ტექსტის დასაწყისში არის მინაწერი: "სახალხო განათლების მუზეუმის სამეცნიერო საბჭოს".

"მცირე მოგონებანის" ხელნაწერი

ჩვენთვის უცნობია, გადაუგზავნა თუ არა მხცოვანმა გენერალმა აღნიშნულ საბჭოს ეს მოგონება, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ტექსტის ხელნაწერი დაცულია თბილისში მცხოვრები მისი შვილის - თამარ მაღლაკელიძის ოჯახში.

მცირე მოგონებანი

"მე ვსწავლობდი 1908-1914 წლებში ქუთაისში. ეს იყო განსაკუთრებული დრო. 1905 წელს მეფის რუსეთის წინააღმდეგ გამოსვლებმა ერთგვარი დაღი დაასვეს საზოგადოებრივ მიმართულებებს და რეაქციული წრეებიც თავს არ ზოგავდნენ, რომ უფრო ძლიერი სიმკაცრით ხელი შეეწყოთ მეფის რეჟიმისათვის. ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღება იქნა მიქცეული საქართველოსადმი.

1908-1914 წლებში ქუთაისში იყო ვაჟთა სამი საშუალო სასწავლებელი: 1) ქუთაისის კლასიკური გიმნაზია; 2) ქუთაისის ქართული (სათავადაზნაურო) გიმნაზია; 3) რეალური სასწავლებელი. ამას დაემატა მეოთხე საშუალო სასწავლებელი, კერძო "მკურნალის გიმნაზიად" ცნობილი, რომელმაც სამწუხაროდ "სრულუფლიანობა" ვერ მიიღო, თუმცა უდიდესი სამსახური გაუწია იმდროინდელ ქართველ ახალგაზრდობას, უკეთ, მის ნაწილს.

ქუთაისის საშუალო სკოლები ამით არ ამოიწურებოდნენ, არსებობდა ქალთა საშუალო სკოლებიც: წმინდა ნინოს სასწავლებელი, ქალთა გიმნაზია, საეპარქიო სკოლა, ხოჯევანოვის სასწავლებელი. შემდეგ კი ექვსკლასიანი ვაჟთა საქალაქო სასწავლებელი და სხვა.

ვაჟთა კლასიკურ გიმნაზიას სათავეში ედგა დირექტორი გლუშკოვი, რეალური სასწავლებლის დირექტორი კი ლეონტიევი იყო. ორივენი "რუსთა კავშირის" პოლიტიკური ორგანიზაციის მოტრფიალენი. კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველის შთაგონებით ეს დირექტორები ყოველმხრივ ავიწროებდნენ ქართველ ახალგაზრდებს და ამით ცდილობდნენ რაც შეიძლება ნაკლებ რიცხვს დაესრულებია საშუალო სკოლა და უმაღლეს სასწავლებლებში ნაკლებად მოხვედრილიყვნენ. დაიწყო ქართველთა გაქცევა ამ სკოლებიდან, თითქოს და რეაქციონერ-დირექტორებმა მიზანს მიაღწიეს, მაგრამ ორივე მსხვერპლი შეიქნა მათი უმსგავსო საქმიანობის: რეალური სასწავლებლის დერეფანში მოწაფეთა "ბალის" დროს მათზე თავდასხმა მოახდინა მოწაფე იონა ლორთქიფანიძემ.

მძიმედ დაჭრილნი ისინი გამოიხსნა ცნობილმა სამხედრო ქირურგმა, თუმცა ინვალიდებად ქცეულნი ისინი სასწავლებლებს აღარ დაბრუნებიან.

ქუთაისის კლასიკური გიმნაზია

ქუთაისის გიმნაზია, რომლის ხელმძღვანელად 1908-1914 წლებში, ე.ი. ჩემი მოწაფეობის დროს, იოსებ ოცხელი იყო და მას მხარს უმშვენებდა ცნობილი პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, მწერალი და გრამატიკოსი სილოვან ხუნდაძე, განსაკუთრებული ყურადღებით გამოირჩეოდა ქართველი ახალგაზრდობისადმი. პირველხარისხოვანი პედაგოგი, აღმზრდელი და დიდი ქართველი პატრიოტი იოსებ ოცხელი უდიდესი პატივითა და სიყვარულით სარგებლობდა როგორც მოსწავლეებს და პედაგოგებს შორის, ისე ფართო ქართულ საზოგადოებაში. მისი დინჯი, ბრძნული დარიგებანი, მისი ქცევა და გარეგნობა დიდ შთაბეჭდილებას სტოვებდა მოსწავლე ახალგაზრდობაზე. ყოველთვის და ყველგან აუღელვებელი, განსხვავებით სილოვან ხუნდაძისგან, რომელიც ინსპექტორი იყო გიმნაზიის და მას მუდმივი ნერვიულობა ახასიათებდა, იოსები მუდამ ყოველგვარი უსიამოვნების ჩამქრობი იყო, სიმშვიდისა და ურთიერთკეთილგანწყობის დამნერგავი.

დღეს ორივე გარდაცვლილია, მათი მოწაფენიც ხანდაზმული არიან, ან სულ აღარ არიან ამ ქვეყნად, მაგრამ ვინც ჯერ კიდევ ვცოცხლობთ და ვაზროვნებთ, ჩვენი ხსოვნიდან არასდროს ამოიშლება ორი ბუმბერაზი ქართველის - იოსებისა და სილოვანის ხსოვნა. თუ ჩვენში შენახულია ზნეობრივი მოვალეობანი, სიწმინდე და სიყვარული ერისადმი და სამშობლოსადმი, პასუხისმგებლობა საზოგადოებისა და საკუთარი თავის წინაშე, ყოველივე ეს მოგვცეს ამ ჩვენმა დიდმა მასწავლებლებმა. სასუფეველი მათ დაემკვიდროთ; უკვდავება მათ სახელს - ასეთია თითოეული მათი მოსწავლის სურვილი.

ამ ორ ღირსშესანიშნავ ადამიანს მხარს უმშვენებდნენ გამოჩენილი პედაგოგები: დიტო უზნაძე, ვუკოლ ბერიძე, ალექსანდრე გარსევანიძე, ტრიფონ ჯაფარიძე, სიმონ ქვარიანი, პეტრე ყიფიანი, იასონ ნიკოლაიშვილი, მიხეილ ჩინჩალაძე და სხვანი, სულ შერჩეული ქართველი პატრიოტები, მთელი სულითა და გულით მონდომებულნი, ქართველი ახალგაზრდებისათვის ჩაენერგათ შრომისადმი სიყვარული და ქვეყნის, მეფის რუსეთის მძიმე უღლის ქვეშ მყოფი საქართველოს გამოხსნისათვის ბრძოლის აუცილებლობა.

ნუ ჩაეთვლება კადნიერებად ზოგიერთ ჩვენგანს, თუ ჩვენ ვიკვეხნით, რომ ვართ მოწაფენი ქართული გიმნაზიიდან და სისხლში ვგრძნობთ, გულით განვიცდით სისპეტაკეს აწ განსვენებული ჩვენი მასწავლებლებისა, ვცდილობდით ყოველთვის არ შეგვერცხვინა ისინი და, სანამ გონებას ჩვენთვის არ უღალატია "შეფიცულად" ვთვლით თავს მათი იდეალებისადმი.

როდესაც ჩემი ექვსი წლის მანძილზე ქუთაისში ცხოვრება მომაგონდება, მაშინვე გავიხსენებ ზოგიერთ ოჯახსაც, ცალკე პიროვნებებსაც, რომლებსაც დიდი ამაგი მიუძღვით ქართველი ახალგაზრდობის აღზრდისა და სწავლების საქმეში.

მინდა დავასახელო უპირველეს ყოვლისა ღირსშესანიშნავი პიროვნება, ბევრისათვის შესაძლოა არცნობილი, პედაგოგი ლიზა ვარლამოვა (იგივე ვარლამიშვილი - ნ.ჯ.). ეს რომანტიკულად განწყობილი ქართველი ქალი ქუთაისში საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მასწავლებლად სვანეთში გამგზავრებულა. 18-19 წლის, ყოველი ღირსებით: სილამაზით, სიტურფით, სათნოებითა და სიყვარულით შემკულ-დაჯილდოებული "გაუტაცნია" მასთან შედარებით ხანში შესულ თავადს, უკვე ცოლ-შვილიანს, მთელი საქართველოსათვის ცნობილ ლეჩხუმის მაზრის თავად-აზნაურობის წინამძღოლს. ვთქვათ ღიად: მას შეყვარებია ეს თავადი.

კათოლიკურ პირობებში აღზრდილი, სრულიად გამოუცდელი ახალგაზრდა ქალი დაბნეულა, სიყვარული თავადისადმი გაუმჟღავნებია, ისიც აყოლია თავის გრძნობას თუ ვნებას, მაგრამ ყოველივე საიდუმლოდ უნდა შენახულიყო. ეს ვერ მომხდარა, სვანეთიდან გამოქცეული ლიზა ვარლამოვა ჩუმად ქუთაისში მოსულა, მშობლებთან გამოცხადება ვერ გაუბედავს, ნათესავთან თავი შეუფარებია. უბედურ დედას ძებნა დაუწყია. ამ დროს ვიღაც უცნობი ქალის გვამი რიონში უპოვიათ, გამოცნობა გაძნელებულა და როდესაც ამ დაღუპულში ლიზა მოჩვენებიათ, ეს კი მისთვის ცნობილი გამხდარა, კვლავ თავის საკუთარ პატარა ოთხოთახიან სახლში, რიონის პირას, დედას წარდგომია, ყოველივე უამბნია. მალე დედა გარდაცვლილა. ლიზა კი ჩაკეტილა.

მე მოგახსენებთ 1912-1914 წლებზე. ამ დროისათვის ის პანსიონის მფლობელი იყო და ამზადებდა ბავშვებს სხვადასხვა სკოლებისათვის. მისი თქმით, 18 წელი არ გამოსულა ამ ეზოდან. მხოლოდ მორიდებით, რომ ქუჩიდან არავის არ დაენახა, მდინარე რიონის პირას, დიდი ნიგვზის ხის ჩრდილში თუ მოისვენებდა. მშობლები ბინაზე ეწვეოდნენ, იცოდნენ რა, რომ მას მამაკაცებთან შეხვედრა არ სურდა. მხოლოდ დედები მოელაპარაკებოდნენ ბავშვების მომზადებისა და სწავლების პირობებზე.

რაღა დავმალოთ, ცუდი ამაში არაფერია: ლიზას სიყვარულისა და ტრფობის საგანი - იასონ გელოვანი იყო. ერთადერთი მამაკაცი, რომელსაც საკუთარ სახლში ქ-ნი ლიზა იღებდა, ეს იყო იასონი, მისი სვანეთში ყოფნისას შეყვარებული. დრო გასულიყო, იასონი დაქვრივებულიყო, მაგრამ კანონიერი ცოლქმრული ურთიერთობის დამყარებაზე მას ლიზასთვის თქმა ვერ გაებედნა.

ჩვენ ბავშვებს, ქ-ნი ლიზა "მობრძანებას" იასონისას ადრევე გვაცნობდა. ჩვენ ისიც ვიცოდით, თუ რა ფერის ჩოხა-ახალუხის, წუღა-მესტის, ბოხოხისა და სხვა ნივთების დამზადებას შეუდგა ქალბატონი საჩუქრად. ყოველივეს რომ დაამზადებდა და საგანგებოდ ჩამოსვლისათვის იასონს გააფრთხილებდა, ქალბატონი ლიზა ახლა სურსათ-სანოვაგის დამზადებაზე, შესაფერისი ღვინოების მომარაგებასა და საერთო გამასპინძლებაზე ფიქრობდა. ჩვენც დიდი თანაგრძნობით ვექცეოდით უკვე ადრე გაჭაღარავებულ, სიმსუქნეში გადასულ ქალბატონს.

აი, დგება დრო იასონის მობრძანებისა. 10-12 ცხენოსანი იასონის მეთაურობით უკვე მოადგა ეზოს კარებს. ერთი მხლებელთაგანი წინ წამოიწევს, ცხენიდან გადმოდის. ეს თავადი ასათიანია (ერთადერთი ოჯახი ასათიანებისა თავადი, სხვები - აზნაურებია). სწორედ თავადი ასათიანი და არა აზნაური ასათიანი აუყვანია იასონს "მესაიდუმლედ". ეზოში შემოდიან, იასონს ცხენს ჩამოართმევენ. ის მარტოდმარტო გაეშურება სახლისაკენ. შევა მისაღებ ოთახში ლიზასთან, რომელიც არავითარ შემთხვევაში დანარჩენ მხლებლებს არ ეჩვენება. ორი-სამი წუთი და იასონი უკან გამოდის.

გამზადებული ხალიჩებით კოინდარზე იწყება ლხინი. ქეიფი და დროსტარება ერთი კვირაა და შეიძლება ქუთაისში თავშეყრილი მოქეიფეებიც ეწვიონ იასონის ამ დახვეწილ ლხინს. ლიზა კი ყველა ეს დღეები ჩაკეტილია, მასთან ვერავინ შევა, თუ არა მარტო იასონი და მოსამსახურე ქალი. ის არც ერთხელ არ მიესალმება, არ ეჩვენება სხვა სტუმრებს.

გაივლის რამდენიმე დღე და იასონი თავისი მხლებლებით, საუკეთესო ცხენზე მჯდარი, თვით ულამაზესი მამაკაცი, დიდი დარბაისელი და მწიგნობარი, განსაკუთრებით რელიგიური-ქრისტიანული ნაწარმოებების ღრმა მცოდნე, უკან ბრუნდება. კიდევ ერთი წელი და კვლავ ლიზა უნდა ელოდოს იასონს.

***

...საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, მე მოსკოვში ვსწავლობდი. იქიდან ორი წლის მანძილზე მიწერ-მოწერა სუფევდა ჩვენ შორის. 

ქალბატონი ლიზა ერთ წერილში მწერდა: "აღარ არის ჩემი მზე, ჩემი პატრონი, ჩემი დამტირებელი - იასონი. ნეკის ფრჩხილში რაღაც შეესო, ექიმის ჩარევით ფრჩხილი მოაცილეს და ეს შეუდარებელი ვაჟკაცი ამ ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა. მეც მალე მას ვეწევი. ჩემი სული ამისთვის მაქვს განწესებული და ის, იასონის სულთან ერთად, განთავისუფლდება ყოველი მიწიერისგან, ჰპოვებს მყუდროებას ზეცაშიო".

სულ მალე, შემთხვევით გავიგე, რომ ლიზაც და მისი სულიც - იასონს და მის სულს გაჰყოლოდა. ის მოულოდნელად გარდაცვლილიყო. ეს ამბავი აქ მხოლოდ იმიტომ მოვიტანე, რომ ლიზა, როგორც უსპეტაკესი პიროვნება, დამესახელებინა. ჯერ ერთი, ის შესანიშნავი პედაგოგიური ნიჭით იყო აღჭურვილი, მეორე, მიუხედავად იმისა, რომ იასონი მისი კანონიერი მეუღლე არ იყო და ჩვენ, ბავშვებმა, ეს კარგად ვიცოდით, ჩვენი მისადმი პატივისცემა და სიყვარული უდიდესი იყო. ჩვენ ის განსაკუთრებით გვიყვარდა მისი მარტოობის გამო, მისი ჩვენდამი დედობრივი დამოკიდებულების გამოც - შეიძლება, მაგრამ რაც მთავარია, მისი თვითშეკავების, დარცხვენის გამო. ეს მორიდება, ეს ადამიანებისაგან დაშორება და ამავე დროს, ადამიანის გაღმერთება - ჩვენ გვხიბლავდა.

შალვა მაღლაკელიძე

28 ივნისი, 1967 წ.

ქ. თბილისი"

წაიკითხეთ ვრცლად "ისტორიანის" ივნისის ნომერში

გამოსაქვეყნებლად მოამზადა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის ასოცირებულმა პროფესორმა ნიკო ჯავახიშვილმა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი