"გატაცება გატაცებაა, ჩიტაძის ქუჩიდან გაიტაცებ თუ საოკუპაციო ზონიდან, რა მნიშვნელობა აქვს?!"

"გატაცება გატაცებაა, ჩიტაძის ქუჩიდან გაიტაცებ თუ საოკუპაციო ზონიდან, რა მნიშვნელობა აქვს?!"

რამდენიმე დღის წინ, საქართველოდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი გაუჩინარდა. ცოტა ხანში გაირკვა, რომ ის თბილისიდან ჯერჯერობით გაურკვეველმა პირებმა გაიტაცეს და აზერბაიჯანში გადაიყვანეს, სადაც მას 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა მიესაჯა.

მუხთარლი აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტია. მისმა გატაცებამ ქართულ საზოგადოებაში უამრავი კითხვა გააჩინა, მათგან ერთ-ერთია - ვინ იყო ქართული მხარიდან ჩართული ამ საქმეში? - სწორედ ამ კითხვით დავიწყეთ საუბარი ექსპერტ მამუკა არეშიძესთან.

"ამ ფაქტის გამო, ხელისუფლებას და მთლიანად ქვეყანას არაფერი მიუღია დისკრედიტაციის გარდა. აქედან გამომდინარე ამ საქმეში საქართველოს მთავრობის ჩართულობას ვერ ვხედავ, მაგრამ თუ რომელიმე სტრუქტურის თანამშრომლის მონაწილეობას გულისხმობს საზოგადოება, ამაზე შეიძლება ვიმსჯელოთ. მაგალითად, ძალოვანი სტრუქტურის რომელიმე წარმომადგენელი, რომელსაც ვთქვათ, ვიღაცამ გადაუხადა ფული, შესაძლოა, ეს იყო მესამე ქვეყანაც და ამიტომ მიიღო ამაში მონაწილეობა. ეს შესაძლებელია და ასე თუ ისე ლოგიკურიც, მაგრამ ხელისუფლების ჩართულობა, ჩემი აზრით, აბსოლუტურად არალოგიკურია. სხვათა შორის, მუხთარლიზე ვერ ვიტყვი, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ საქართველოში მყოფი აზერბაიჯანელი აქტივისტების გარკვეული ნაწილი შემჩნეული იყო იმაში, რომ მათ საზღვართან მიიტანეს ფული და ვიღაცეებს გადასცეს.

- ამის ფონზე ბუნდოვანია, ხელისუფლება რატომ არ სცემს გარკვეულ პასუხებს საზოგადოებაში დასმულ კითხვებს?

- აი, ეს არის ყველაზე მნიშველოვანი კითხვა და ფიქრობ, რომ ამაზე პასუხი მაქვს. ეს არის ერთგვარი არაორგანიზებულობა, რაც სამწუხაროდ, ახასიათებს ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს. მეტსაც გეტყვით, ხშირ შემთხვევებში, ჩინოვნიკები ერთი და იგივე საკითხზე, აბსოლუტურად განსხვავებულ განცხადებებს აკეთებენ. მე თუ მკითხავთ, ეს ყველაფერი გაცილებით ოპერატიულად უნდა მომხდარიყო და სულ მცირე, სახელისუფლებო ვერსია მაინც პირველივე დღეში უნდა ყოფილიყო, რომელიც იქნებოდა მკაფიოდ და ლოგიკურად ახსნილი, მაგრამ ვერ ვხვდები, რატომ არის ხელისუფლება ჩუმად და რატომ არ სცემს ამდენ კითხვას პასუხს. გადავსებულია სამინისტროები და კანცელარია, პიარზე მომუშავე ექს-ჟურნალისტებით თუ პიარის სპეციალისტებით, მაგრამ ამას შედეგი ისეთი არ აქვს, როგორიც საჭიროა.

- თუ ყოფილა პრეცედენტი ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში, როდესაც საქართველომ უცხო ქვეყანას საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი დამნაშავეები გადასცა?

- კი, ყოფილა. ამიტომ მეცინება "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების კრიტიკაზე, რადგან სწორედ მათი მმართველობის დროს 2004-2005 წლებში, ლამის ხელჩართული ბრძოლა მოგვიხდა, რომ ჩეჩნების ჯგუფი არ გადაეცათ რუსებისთვის, თუმცა მათ მაინც გადასცეს ამ ჯგუფიდან 3 კაცი რუსეთს. ასევე გახმაურებული ამბავი, როდესაც საქართველოში მყოფი ირანელი მეცნიერი გადასცეს ამერიკელებს, ესეც ასევე "ნაციონალური მოძრაობის" დროს მოხდა. სხვათა შორის, შევარდნაძის დროსაც მოხდა მსგავსი ფაქტები და რუსებს გადასცეს დამნაშავე (რუსული ვერსია, მათ ასე მოიხსენიებდა) ჩეჩნები და კიდევ სხვებიც, საიდანაც ჩემი ინფორმაციით, 2 პიროვნება ნამდვილად იყო სისხლის სამართლის დამნაშავე.

- მუხთარლის საქმე ხომ არ გამოიწვევს საერთაშორისო ზეწოლას საქართველოზე?

- საქართველოს დღეს აქვს ძალიან კარგი საერთაშორისო იმიჯი. ჩვენთან პოლიტიკური მოტივით ბევრი ადამიანი აფარებს თავს, რომლებიდანაც ზოგი ომს გამოექცა და ზოგიც ხელისუფლებას და ეს არის ჩვენთვის კარგიც, რადგან კარგად მოქმედებს ხელისუფლების ავტორიტეტზე, მაგრამ თუ ჩვენს ტერიტორიაზე დაიწყო მეზობელი სახელმწიფოს დამხობისთვის მზადება, ეს აუცილებლად უნდა აღიკვეთოს. საერთაშორისო ზეწოლას რაც შეეხება, თავის თავს მიხედოს ყველამ, რადგან სპეცსამსახურების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციები სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, ევროპის და არა მხოლოდ ევროპის ისტორიაში მომხდარა არაერთი და ამაზე საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს. მუხთარლის და მის გუნდს ძალიან ახლო კონტაქტი ჰქონდათ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც ძირითადად ადამიანის უფლებებზე მუშაობენ და სწორედ ამიტომ მოჰყვა ამ ფაქტს ასეთი დიდი რეზონანსი. ფაქტია, რომ რაც მოხდა არის ძალიან ცუდი ამბავი და აუცილებლად უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც ამ საქმეში მონაწილეობდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყნის პრესტიჟს ასე ხელაღებით მივაყენოთ დარტყმა.

- საქართველოს თუ გააჩნია რამე ბერკეტი, რითაც მოახერხებს მუხთარლის დაცვას?

- არის ორი ვერსია: ერთის მიხედვით, თუ მუხთარლი მართლა იყო საზღვართან მისული ფულის გადასაცემად (ისე როგორც ამას აზერბაიჯანული მხარე ამბობს), ამ შემთხვევაში ხელისუფლების ბრალეულობა მცირდება, ხოლო თუ ის გაიტაცეს, მაშინ ხელისუფლების ბრალეულობა იზრდება. საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია მსოფლიო საზოგადოება დაარწმუნოს, ის ჩართულია მუხთრალის პატიმრობის პროცესში და ატარებს მონიტორინგს და ყველაფერს გააკეთებს, რომ მუხთარლის როგორც პატიმრის უფლებები იყოს დაცული. ბუნებრივია, ეს უნდა მოხდეს საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვით და არ უნდა გამოგვიიდეს ისე, რომ ჩვენ ვერევით უცხო ქვეყნის საშინაო საქმეებში.

სიმართლე რომ გითხრათ, ყველაზე მეტად ერთი ფაქტი მაწუხებს, ვიმეორებ, რომ ძალიან ცუდი რამე მოხდა და ამაზე ორი აზრი არაა, მაგრამ მსგავსი ფაქტები ლამის ყოველდღე ხდება გორის და ქარელის რაიონებში, საოკუპაციო ხაზთან, საიდანაც ჩვენს მოქალქეებს იტაცებენ ოკუპანტები, თუმცა ამასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებიც, მედიაც და ხელისუფლებაც ბევრად უფრო პასიურია, ვიდრე უნდა იყოს. გატაცება გატაცებაა, ჩიტაძის ქუჩიდან გაიტაცებ თუ საოკუპაციო ზონიდან, რა მნიშვენლობა აქვს?! მე გეტყვით, რომ რუსეთის სამხედრო სტრუქტურებში მომსახურე ოსებისთვის, საქართველოს მოქალაქეების გატაცება ერთგვარი ბიზნესი გახდა. საქართველოს მოქალქეებს ზოგჯერ იტყუებენ კიდეც, იჭერენ, მიჰყავთ, ახდევინებენ 2000 რუბლს და უშვებენ, სანაცვლოდ კი თვითონ იღებენ პრემიებს და შვებულებებს. თუ ვინმეს დასჭირდება ფული (განსაკუთრებით ეს ეხებათ ოსებს), ისინი ამ ოპერაციას ჩაატარებენ ხოლმე და იღებენ პრემიას. ამის თაობაზე უფრო ხმამაღლა უნდა ვლაპარაკობდეთ, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ ხდება.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."