სტიქია საქართველოში - რა პრობლემები შექმნა ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ თბილისსა და რეგიონებში

სტიქია საქართველოში - რა პრობლემები შექმნა ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ თბილისსა და რეგიონებში

თბილისსა და რეგიონებში მოსულმა ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა.

ძლიერი წვიმის გამო საქართველოს მასშტაბით 437, ხოლო თბილისში 401 გამოძახება დაფიქსირდა. როგორც შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, გამოძახებები ძირითადად შეეხებოდა ეზოებისა და სადარბაზოების დატბორვის შემთხვევებს. მათივე ინფორმაციით, დაშავებულის ან დაღუპულის შესახებ შეტყობინება არ დაფიქსირებულა.

"ძირითადად გამოძახებები წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს შეეხებოდა. იყო ეზოების, სადარბაზოების დატბორვის შემთხვევები. რეგიონებში იყო სახლების დატბორვის ფაქტები", - განაცხადეს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.

ცნობისთვის, გუშინ თბილისში სეტყვა გლდანში, მუხიანსა და დიდ დიღომში რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. რაც შეეხება წვიმას, დედაქალაქში თითქმის მთელი ღამის განმავლობაში წვიმდა. სეტყვის შედეგად დაზიანდა ავტომობილები.

ნახეთ: კაკლისოდენა სეტყვა, დაზიანებული ავტომობილები და დატბორილი ქუჩები - დრამატული ფოტოკადრები თბილისის ქუჩებიდან

რაც შეეხება რეგიონებს, როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, უამინდობამ ყველაზე მეტი პრობლემა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში შეუქმნა. მდინარე სურამულას ადიდების შედეგად მიმდებარე ტერიტორია დაიტბორა.

"ადიდდა სურამულა და დატბორა მიმდებარე ტერიტორია. ბორჯომთან ახლოს ჩამოიტანა ცენტრალურ გზაზე მიწის ნაშალი. ამაჟამადაც მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ცალმხრივად მოძრაობა უკვე აღდგენილია", - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.

ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში ძლიერმა სეტყვამ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დააზიანა. სეტყვა დაახლოებით 30 წუთს გაგრძელდა. ადგილობრივების ინფორმაციით, განადგურებულია 1500 ჰექტრამდე მარცვლეული კულტურები, დაზიანებულია 12 ჰექტარი ვენახი, ხეხილისა და კაკლის ბაღები.

ძლიერი წვიმის, სეტყვისა და ქარის გამო რუსთავის რამდენიმე უბანს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. ძლიერი ნალექის გამო ქალაქის რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. იაღლუჯის მთიდან ჩამოსული წვიმის წყალი შარტავსა და მეგობრობის გამზირზე, ასევე მესხიშვილის ქუჩაზე დაგროვდა, რამაც ტრანსპორტის გადადგილების პრობლემა შექმნა.

ცნობისთვის, მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზს, 10-12 ივნისს საქართველოში კვლავ ცვალებადი, წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოდან გვაცნობეს, 10 ივნისის დღის მეორე ნახევრიდან 12 ივნისამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი. ასევე, მოსალოდნელია სეტყვა და დასავლეთის მიმართულების დროგამოშვებით ძლიერი ქარი.

ნახეთ: როგორი ვითარებაა თბილისში წუხანდელი უამინდობის შემდეგ

იხილეთ ვიდეო: კადრები უკომენტაროდ: დასეტყვილი მანქანები თბილისში

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი