ქართული ენის აკრძალვა, სავალდებულო პასპორტიზაცია... - რა პირობებს უყენებს ანატოლი ბიბილოვი ახალგორელებს

ქართული ენის აკრძალვა, სავალდებულო პასპორტიზაცია... - რა პირობებს უყენებს ანატოლი ბიბილოვი ახალგორელებს

ქართველ სასულიერო პირებზე გალაშქრების შემდეგ, ახალგორის ქართულ სკოლებში ქართულ ენაზე სწავლების საკითხის გადახედვის ჯერი დადგა... მას შემდეგ, რაც ანატოლი ბიბილოვს "პრეზიდენტის" პოსტი ერგო, რეფორმების გატარებასა და სიახლეების დანერგვას შეუდგა - მისი მორიგი ინიციატივის თანახმად, შესაძლოა, ოკუპირებული ახალგორის რეგიონის ქართულ სკოლებში, ქართულ ენაზე სწავლება აიკრძალოს, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

როგორც ბიბილოვმა ახალგორის ე.წ. ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, ქართული სკოლები "რესპუბლიკის" საერთო განათლების სისტემაში უნდა მოექცეს, რაც სწავლების რუსულ მოდელსა და რუსულ ენაზე გადასვლას გულისხმობს. რადგან ბიბილოვის თქმით, "რესპუბლიკაში" უკვე მიღწეულია სრული თანხმობა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით, ეს მის "წინასაარჩევნო "საპრეზიდენტო" კამპანიაში მთავარი მესიჯი იყო, რამაც გამარჯვებაც მოუტანა.

"ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით სკოლებში ქართული ენის სწავლებას, მაგრამ ჩვენი შვილები საშუალო სკოლების დამთავრების შემდეგ, სწავლას სამხრეთ ოსეთის ან რუსეთის ფედერაციის უმაღლეს სასწავლებლებში განაგრძობენ, რისი დასრულების შემდეგაც, სამუშაოდ ისევ ცხინვალში ბრუნდებიან. ვინაიდან ვალდებულნი ვართ, მათ სამომავლოდ შესაბამისი პირობები შევუქმნათ, ამისთვის აუცილებელია, ენობრივი ბარიერი მოვუხსნათ. თუმცა, ეს არ უნდა იყოს მტკივნეული პროცესი და ისე არ უნდა გამოვიდეს, თითქოს რამეს ვკრძალავთ. ჩვენ არაფერს ვკრძალავთ", - აღნიშნა ბიბილოვმა.

წაიკითხეთ: რას წერს ოსური მედია მეუფე ისაიაზე, რომელსაც ომის შემდეგ ახალგორი არ მიუტოვებია

ანატოლი ბიბილოვი ასევე უკმაყოფილოა იმითაც, რომ ახალგორის სკოლებში სასწავლო პროცესი, მთლიანად ქართულად და ქართული სახელმძღვანელოებით მიმდინარეობს. მისი თქმით, სწავლება, იქაც, როგორც "რესპუბლიკის" დანარჩენ სკოლებში, რუსულ ენაზე უნდა წარიმართოს, ქართული კი რიგით საგნად უნდა დარჩეს...

ბიბილოვმა ახალგორის რაიონში მცხოვრებლებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ვისაც სახლების შენარჩუნება სურს, მუდმივად იქ უნდა ცხოვრობდეს, "ხოლო ვინც მუდმივად ცხოვრობს, ვალდებულია, იურიდიული მხარე მოგვარებული ჰქონდეს, ანუ კეთილი ინებოს და ადგილობრივი "პასპორტები" აიღოს", - აცხადებს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერი.

AMBEBI.GE ახალგორელ ქართველს ესაუბრა, რომელიც ამჟამად გორში ცხოვრობს და ოჯახთან მუდმივი ურთიერთობა აქვს. მისი თქმით, იქაური ქართველებისთვის ჯერჯერობით, რაიმე კონკრეტული პირობები არ წაუყენებიათ, თუმცა, ამბობენ, რომ გასულ წლებთან შედარებით, დაძაბულობა იგრძნობა. "ეს არ ეხება უბრალო ადამიანებს, ისინი იქაურ ქართველებთან ერთად ცხინვალსა და ვლადიკავკაზში "ლილოდან" წაღებული საქონლით ვაჭრობენ, რათა თავი ირჩინონ, რადგან არსებობა სჭირდებათ... თუმცა, ხელმძღვანელობა ძალიან ცდილობს რუსეთის ნდობა მოიპოვოს და ამის გამოვლინებაა ის განცხადებები, რასაც ბოლო დროს ბიბილოვი აკეთებს..." - აცხადებს ახალგორიდან წამოსული ქართველი ჩვენთან საუბარში, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

ბიბილოვის თქმით, მას ამ და სხვა საკითხების მოგვარებაში, რომელიც ბოლო წლებში "რესპუბლიკაში" პრობლემების სახით დაგროვდა, რუსეთიდან მოწვეული პროფესიონალების გუნდი დაეხმარება. დე ფაქტო ლიდერის განცხადებით, მას "სამთავრობო" გუნდის ჩამოყალიბება ჯერ არ აქვს დასრულებული, რადგან კადრების შერჩევა საკმაოდ რთული პროცესია, მით უფრო, რომ მისივე თქმით, ის ცდილობს წინა ლიდერების შეცდომები გაითვალისწინოს და იმ მოსახლეობის დამოკიდებულება გაითვალისწინოს, რომელიც მას ენდო და ხმა მისცა.

ბიბილოვის თქმით, "პასპორტის" აღებისას იმ ადამიანებმა, ვინც ამჟამად ახალგორში ცხოვრობს და "სამხრეთ ოსეთის" მოქალაქეობის სურვილი ექნებათ, საქართველოს მოქალაქეობაზე უარი წერილობითი ფორმით უნდა განაცხადონ, რაც დასტურის სახით, ცხინვალის უშიშროების სამსახურში უნდა წარადგინონ. იმათ, ვინც ამ პირობებზე უარს იტყვის, საცხოვრებლის დატოვება მოუწევთ. ბიბილოვის განცხადებით, შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც ახალგორში საბჭოთა კავშირის დროს აშენებული კომუნალური სახლების იდენტიფიცირებას მოახდენს, სადაც მფლობელები 5 წელზე მეტია არ ცხოვრობენ და მიტოვებულია.

"ეს სახლები უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფოს და შემდეგ დაურიგდეთ იმ ადამიანებს, ვისაც საცხოვრებლის პრობლემა აქვს. ჩვენ ვერ დაველოდებით აქედან წასულ ადამიანებს წლების განმავლობაში, თუ როდის დაბრუნდებიან ისინი", - აღნიშნა ბიბილოვმა. ოსური მედიის ინფორმაციით, სინამდვილეში საუბარია სახლების გარემონტებაზე, სადაც ცხინვალში დისლოცირებული რუსი სამხედროების ოჯახების შესახლება იგეგმება.

საქმე ის არის, რომ თუკი ოკუპირებული აფხაზეთში არსებულ რეალობასთან გავავლებთ პარალელს, წლების განმავლობაში მიუხედავად რუსეთის ხელმძღვანელობის, სომეხი და თურქი ბიზნესმენების არაერთი მცდელობისა, აფხაზეთში უძრავი ქონების გაყიდვის პრეცედენტი არ დაფიქსირებულა. თუ არ ჩავთვლით იმ შემთხვევებს, როდესაც ომის დამთავრებისთანავე, 90-იანი წლების ქართულ-აფხაზურ ომში მონაწილე ჩრდილოეთ კავკასიელები იქ შეიჭრნენ...

თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ქართული სკოლები ოკუპირებულ გალის რაიონში, რაულ ხაჯიმბას ინიციატივით დაიხურა. საქმე ის არის, რომ ხაჯიმბაც, როგორც მისი წინამორბედები, წლებია ცდილობს, გალის რაიონის დანარჩენ აფხაზეთთან ინტეგრაციას, მაგრამ ჯერჯერობით ვერ შეძლო, რისთვისაც ოპოზიციური ძალების მუდმივ კრიტიკას იმსახურებს, რადგან გალის რაიონი აფხაზეთის ეკონომოკურ ხერხემლად მიიჩნევა...

კიდევ ერთი, - ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ლიდერების მწვავე განცხადებების მიუხედავად, ორივე რეგიონიდან სასწავლებლად ჩამოსული ახალგაზრდების რაოდენობა მაინც ყოველწლიურად მატულობს, მიზეზი ძალიან მარტივია: აფხაზეთში მიღებული ცოდნის დონე ძალიან დაბალია. გარდა ამისა, ბოლო წლებში, აფხაზ ახალგაზრდებში ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობა უპრეცედენტოდ გაიზარდა, მშობლები ყველა ღონეს ხმარობენ ისინი იქაურობას გაარიდონ და ასეთ გამოუვალ ვითარებაში, როგორც თავად ამბობენ, " დაე, იყოს ეს თუნდაც "საქართველო", სადაც სწავლის დონე მაღალია..."

ამასთან, როგორც აფხაზური, ასევე ოსური ოჯახების უმეტესობას, რუსეთის მაღალკვალიფიციურ სასწავლებელში შვილის გაშვების მატერიალური შესაძლებლობა არ აქვთ, ისე, როგორც სამედიცინო მომსახურების მიღების და როგორც თავად ამბობენ, - ერთადერთ გამოსავლად ისევ "საქართველო" რჩებათ, სადაც ჩასვლას კონფლიქტის საზღვარზე მცხოვრები ქართველების დახმარებით ახერხებენ. ბოლო გადაწყვეტილება კი, რომელიც მათმა "ხელმძღვანელობამ" რუსეთთან ნდობის გასამყარებლად მიიღო, მოსახლეობას განვითარებისა და გადარჩენის შანსს უსპობს.

ცნობისთვის, ახალგორელი ქართველების თქმით, ახალგორში სულ 6 ქართული სკოლაა და სასწავლო პროცესი ყველგან ქართულად მიმდინარეობს, სახელმძღვანელოები კი თბილისიდან ჩააქვთ.

ფოტო: ИТАР-ТАСС

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე