საქართველოს ელჩის მიმართვა საბერძნეთში მცხოვრებ ქართველებს

საქართველოს ელჩის მიმართვა საბერძნეთში მცხოვრებ ქართველებს

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, იოსებ ნანობაშვილი საბერძნეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს.

როგორც ელჩი აღნიშნავს, საბერძნეთის ომბუდსმენს ანდრეას პოტაკისს შეხვდა და ფიქრობს, რომ ამ შეხვედრის შემდეგ, საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვა კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდება. ამასთან, საბერძნეთის ომბუდსმენის აპარატი მკაცრ მონიტორინგს გაუწევს საბერძნეთიდან საქართველოში რეადმისიისა და დეპორტაციის პროცესებს.

”მოგეხსენებათ, რომ საბერძნეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა ინტერესების დაცვა ჩვენი საელჩოს საქმიანობის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ამ კუთხით, არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადაიდგა. საქართველოს მოქალაქეების ინტერესებსა და უფლებებს ვიცავთ საბერძნეთის საზღვრებზე, წინასწარი დაკავების იზოლატორებსა და პენიტენციალური სისტემის სხვა დაწესებულებებში, სასამართლოებში, საავადმყოფოებში, საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებულ ინციდენტებზე ინფორმაციების მისაღებად კი კვირის 7 დღის 24 საათის განმავლობაში ფუნქციონირებს საელჩოს „ცხელი ხაზი“,- წერს იოსებ ნანობაშვილი.

რაც შეეხება საბერძნეთის ომბუდსმენთან შეხვედრას, ელჩის ინფორმაციით, განიხილეს ორი ძირითადი საკითხი: წინასწარი დაკავების იზოლატორებსა და ციხეებში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა უფლებების დაცვა და საელჩოს ინიციატივა საქართველოს მოქალაქეთა საბერძნეთში ყოფნის ლეგალიზაციის ხელშეწყობის თაობაზე.

”საბერძნეთის ომბუდსმენთან შევთანხმდით, რომ საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე რეაგირებას მოახდენს ომბუდსმენის აპარატში მოქმედი სპეციალური ჯგუფი, რომლის წევრებსაც გააჩნიათ სასჯელაღსრულების დაწესებულებებისა და წინასწარი დაკავების იზოლატორების ინსპექტირების უფლებამოსილება ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე. ამის გარდა, პოტაკისის თხოვნაა, პირადად ჩავაყენო საქმის კურსში ყოველი ასეთი გადაცდომის თაობაზე.

ამის გარდა, საბერძნეთის ომბუდსმენის აპარატი მკაცრ მონიტორინგს გაუწევს საბერძნეთიდან საქართველოში რეადმისიისა და დეპორტაციის პროცესებს. რეადმისიისა და დეპორტაციის დროს საქართველოს მოქალაქეების მიმართ საბერძნეთის პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ყველა ფაქტზე ინფორმირებული იქნება ომბუდსმენის აპარატი, ხოლო ამ უკანასკნელის რეაქცია იქნება მყისიერი და ეფექტური.

ანდრეას პოტაკისი მიესალმა საქართველოს საელჩოს მიერ საქართველოს მოქალაქეთა საბერძნეთში ყოფნის ლეგალიზაციის ხელშეწყობის მიზნით შემუშავებულ ღონისძიებებს. მან მზადყოფნა გამოთქვა, პირადად ჩაერთოს ამ პროცესში, მონაწილეობა მიიღოს როგორც საბერძნეთის საემიგრაციო კანონის გზამკვლევის შექმნაში, ასევე მხარი დაუჭიროს საელჩოს ინიციატივით შექმნილი სამართლებრივი-საკონსულტაციო ჯგუფის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივებს, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეთა კონკრეტული ჯგუფებისათვის საბერძნეთში ყოფნის ლეგალიზაციის გამარტივებას ისახავენ მიზნად”, - წერს ელჩი.

იოსებ ნანობაშვილი საქართველოს მოქალაქეებს თხოვნით მიმართავს, მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლონ საქართველოს საელჩოსთან საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებული ინციდენტების შესახებ ინფორმაციების მოწოდების კუთხით.

”ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რათა სრულად ავამოქმედოთ ყველა არსებული ინსტრუმენტი, რომელიც საბერძნეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უფლებებისა და ინტერესების დაცვას შეუწყობს ხელს”, - ნათქვამია ელჩის მიმართვაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი