ავტორი:

"კომპიუტერთან თამაში ჩემი საქმე არ არის, დროს არ ვკარგავ" - რას ყვება საკუთარ ცხოვრებაზე ნონა გაფრინდაშვილი, რომელიც 78 წლის ასაკში ისევ მსოფლიო ჩემპიონია

"კომპიუტერთან თამაში ჩემი საქმე არ არის, დროს არ ვკარგავ" - რას ყვება საკუთარ ცხოვრებაზე ნონა გაფრინდაშვილი, რომელიც 78 წლის ასაკში ისევ მსოფლიო ჩემპიონია

78 წლის ნონა გაფრინდაშვილი ცოტა ხნის წინ მსოფლიოს ჩემპიონი კიდევ ერთხელ გახდა. ბუქარესტში ვეტერან მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველი დიდოსტატი მთელი ტურნირის განმავლობაში ლიდერობდა, მე-11 ტურში მონღოლეთის წარმომადგენელი, პურევდორჯ ბუჯინლხამი დაამარცხა და ვეტერანებს შორის ეს ტიტული მეშვიდედ მოიპოვა.

ნონა გაფრინდაშვილი საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის გამარჯვებული და "საჭადრაკო ოსკარის" პირველი მფლობელია, მისი ცხოვრების გზა სავსეა წარმატებებით და იშვიათი მარცხის სიმწარით. ის პირველი ქართველი მსოფლიო ჩემპიონია ჭადრაკში. ამ დიდ წარმატებას 21 წლის ასაკში მიაღწია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ტიტულებს შორის უმთავრესი - ხალხის სიყვარული, დამსახურებულად მოიპოვა.

რით ჰგავს ჭადრაკის დაფა ცხოვრებას? როგორია მეფეების, დედოფლების, პაიკების როლი? როგორ ცხოვრობს მსოფლიო ჩემპიონი? - ამ ყველაფერზე ნონა გაფრინდაშვილი ჟურნალ "გზას" ესაუბრა.

- ქალბატონო ნონა, პირველ რიგში, გმადლობთ, რომ გამონაკლისი დაუშვით და ინტერვიუზე დამთანხმდით.

- ჟურნალისტებს შეხვედრებზე მართლაც იშვიათად ვთანხმდები, თქვენ ძალიან მიზანდასახული ყოფილხართ.

- ვფიქრობ, ეს თვისება თქვენს ხასიათშიც დომინანტი იქნება.

- ეს თვისება ბავშვობიდან მქონდა. ვცდილობდი, რასაც ხელს მოვკიდებდი, კარგად გამეკეთებინა. ბიჭების გარემოცვაში ვიზრდებოდი, 4 უფროსი ძმა მყავდა. ზუგდიდში მთელი ქუჩის ბავშვები ჩვენთან იკრიბებოდნენ. თოჯინები არ მაინტერესებდა, რასაც ბიჭები თამაშობდნენ, მეც იმას ვთამაშობდი. ფეხბურთიც მაშინ შემიყვარდა. კარშიც ხშირად ვიდექი. ბიჭებთან შეთანხმება მქონდა და რადგან გოგო ვიყავი, ამის გამო ჩვენ შორის დანდობა არ უნდა ყოფილიყო. ჭადრაკს რომ თამაშობდნენ, ვუყურებდი და ისე ვისწავლე. უფროსი ძმა კარგად თამაშობდა. ხშირად მეუბნებოდა, - მოდი, დაჯექი, გასწავლიო. ნიჭი ბევრ ადამიანს აქვს, მაგრამ რაღაც დონეს შეიძლება მიაღწიო და გაჩერდე.

- დიდი წარმატების მისაღწევად რა არის საჭირო?

- აუცილებლად უნდა გქონდეს ჯანმრთელობა, კარგი ნერვული სისტემა, მიზანდასახულობა და სპორტული ხასიათი. აქედან ერთი კომპონენტიც რომ ამოაგდო, გამორიცხულია, მწვერვალებს ვერ დაიპყრობ.

ბიჭებთან ყოველთვის ჩემი გამქონდა. ჭადრაკში ტურნირებს ვაწყობდით, ბოლო ადგილზე არასდროს გავსულვარ. იმ პერიოდში ჩემი ძმები რიგრიგობით, ზუგდიდის ჩემპიონები ხდებოდნენ. საკმაოდ კარგად თამაშობდნენ, მაგრამ როგორც კი უმაღლეს სასწავლებლებში მოეწყვნენ, თავიანთ პროფესიას მიჰყვნენ, ჭადრაკი კი მათთვის გართობა იყო.

- ოჯახში სანატრელი გოგო იყავით?

- ოთხი ბიჭის შემდეგ, ბუნებრივია, გოგოს დაბადება ოჯახში დიდი სიხარული იყო. ამიტომ ჩემი თბილისში გამოშვება ძალიან უჭირდათ. მაშინ ზუგდიდში გოგონებისთვის ჭადრაკის წრე არ არსებობდა. ჩემი დეიდა და ბიძა თბილისში ცხოვრობდნენ, მათ მემკვიდრე არ ჰყავდათ. როცა ნახეს, ჭადრაკს კარგად ვთამაშობდი, ჩემებს არაერთხელ უთხრეს - გამოუშვით, ჩვენთან იცხოვროსო.

ჭადრაკში გოგონების წრეები მხოლოდ დიდ ქალაქებში იყო. თბილისში, მაშინდელ პიონერთა სასახლეში ჭადრაკის განყოფილება ძალიან კარგად მუშაობდა.

1953 წელს, ბათუმში საქართველოს ჩემპიონატი ტარდებოდა. ზუგდიდიდან ბიჭთა გუნდი მიდიოდა, მაგრამ აუცილებელი იყო, გუნდში ერთი გოგო ჰყოლოდათ. ზუგდიდის მაშინდელი ხელმძღვანელობა საგონებელში ჩავარდა, არ იცოდნენ, ვინ აეყვანათ. ყურმოკრული ჰქონდათ, გაფრინდაშვილების ოჯახში ერთი გოგო ჰყავთ, რომელიც ჭადრაკს თამაშობსო, მაგრამ როგორ ვთამაშობდი, არ იცოდნენ.

ჩემი უფროსი ძმა მაშინ სტუდენტი იყო, მის მომდევნოს კი ვაჟების გუნდში პირველ ნომრად უნდა ეთამაშა. საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ მე წავედი შეჯიბრებაზე და ჩემი ძმა არ წამოვიდა - უმაღლეს სასწავლებელში აბარებდა, ემზადებოდა და დროის უქონლობა მოიმიზეზა. მე კი გუნდის წევრებს მატარებელში ვეცნობოდი.

- მატარებელში ჭადრაკი რომ ეთამაშეთ და უმრავლესობას მოუგეთ, ეს ის მგზავრობა იყო, არა?

- კი, ყველა გაკვირვებული დავტოვე. სერიოზული ბრძოლა გვქონდა, გუნდმა კარგი შედეგი უჩვენა. იმ ასპარეზობაზე პიონერთა სასახლის მწვრთნელი, ვახტანგ ქარსელაძე ჩემით დაინტერესდა და მშობლებს შემოუთვალა, თბილისში გამოუშვითო.

თბილისში 1954 წლის შემოდგომაზე ჩამოვედი. ერთ წელში უკვე მქონდა გარკვეული წარმატებები, დიდებში თბილისის ჩემპიონატში მეორე ადგილზე გავედი. 1956 წლიდან კი ასპარეზობებზე პირველი ადგილების აღება დავიწყე. ამ საქმემ ძალიან გამიტაცა. მსოფლიოს ჩემპიონი 21 წლის ასაკში გავხდი...

- პირველი მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში, ვილჰელმ სტეინიცი ამბობდა: ჭადრაკი უნებისყოფო ადამიანების თამაში არ არისო. ეთანხმებით?

- რა თქმა უნდა, ვეთანხმები. ერთხელ ერევანში, მამაკაცებს შორის, ჩემპიონატი ტარდებოდა და მე სტუმრის სტატუსით მიმიწვიეს. იქ ფიზკულტურის ინსტიტუტის ფსიქოლოგიური განყოფილების წარმომადგენლებმა მოჭადრაკეებს ტესტი ჩაგვიტარეს. ჩემი და ტალის (ცნობილი რუსი დიდოსტატი მიხეილ ტალი) პასუხები ერთმანეთს დაემთხვა.

ერთ-ერთი კითხვა ასეთი იყო, - "რა გირჩევნიათ, 2 ყაიმი თუ ერთი მოგება და ერთი წაგება?" ჩემი პასუხი იყო: "ერთი მოგება და ერთი წაგება". პარტიას რომ წავაგებდი, ერთი სული მქონდა, როდის დავჯდებოდი სათამაშოდ. არავითარ შემთხვევაში ყაიმზე არ ვფიქრობდი. ძალიან ძლიერი მოჭადრაკეები, მათ შორის, მსოფლიო ჩემპიონი კაცებიც კი წაგების შემდეგ, პარტიას ძალიან მოზომილად თამაშობდნენ.

- თქვენ?

- ვცვლიდი სისტემებს. დღესაც ჩემი სვლები მაქვს, გადაადგილებებს ვაკეთებ. ეს ადამიანის ხასიათს, სტილს განსაზღვრავს. ზოგიერთი კომპიუტერით ემზადება.

- თქვენ კომპიუტერს არ ეთამაშებით?

- არა, ეგ ჩემი საქმე არ არის, კომპიუტერთან დროს არ ვკარგავ. თან დამაქვს "აიპედი", რომელშიც ვუსმენ მუსიკას, ვკითხულობ წიგნებს...

- ჭადრაკის ფიგურებიდან გამორჩეულად რომელიმე გიყვართ?

- ყველა ფიგურა მიყვარს, რომელიც მოგებას მომიტანს. წლების წინ, სუნამოები გამოუშვეს: "დედოფალი ნონა" და "პაიკი ნანა" ალექსანდრია. ნანამ იკითხა, რატომ პაიკიო? ეს დედოფალში გამსვლელი პაიკიაო, - უპასუხეს.აქ ყველაზე პატივსაცემი მეფეა, ყველაზე მეტი დედოფალს შეუძლია, მაგრამ დანარჩენ ფიგურებსაც თავისი როლი და დანიშნულება აქვთ. პაიკი გადის ბოლომდე. მას შეუძლია, მეფე გააცოცხლოს.

- თქვენს ოჯახზე მიამბეთ...

- ჩემი მეუღლე პროფესიით ექიმი და ამავე დროს, საკავშირო კატეგორიის მსაჯი გახლდათ. ერთმანეთი ბაქოში გავიცანით, მე მომამაგრეს, როგორც ქართველს. მერე ისიც საქართველოში დაბრუნდა, კარგი ურთიერთობა გვქონდა, ერთმანეთს ვხვდებოდით. ოჯახი 29 წლის ასაკში შევქმენი. ორსულობის პერიოდს თამაშში ხელი არ შეუშლია. მეუღლე დიდი ხნის წინ გარდამეცვალა... 1 შვილი და 2 შვილიშვილი მყავს.

- როგორი ქორწილი გქონდათ?

- 3 ქორწილი გვქონდა: ერთი ქორწილი ჩემმა ოჯახმა გადაგვიხადა, მეორე - მეუღლის ოჯახმა და მესამე ქორწილი ჩემმა ძმამ, ზუგდიდში გადაიხადა წაიკითხეთ ვრცლად gza.kvirispalitra.ge-ზე

მამუკა ბახტაძე ტყუპების მამა გახდა

3 დიდი გამზირის რეაბილიტაცია, უბნების დამაკავშირებელი ხიდები და  "მარშრუტკების" ჩანაცვლება - რა პროექტები იგეგმება თბილისში

"მთავარ არხზე" თათია თოფურია და თამრიკო ჭოხონელიძე გამოჩნდებიან - რას ყვება თაკო მესხი დილის გადაცემის კულუარებზე