ნატო ავღანეთში სამხედრო ძალებს ზრდის, - როგორია საქართველოს პოზიცია?!

ნატო ავღანეთში სამხედრო ძალებს ზრდის, - როგორია საქართველოს პოზიცია?!

"ალიანსის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ დამატებითი ძალების გაგზავნაზე ავღანეთში", - ეს განცხადება იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა, სადაც ალიანსის თავდაცვის მინისტრებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს, მათ შორის, ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაცია - "მტკიცე მხარდაჭერის მისია".

არც ისე დიდი ხნის წინ იყო საუბარი იმაზე, რომ ავღანეთის შეიარაღებული ძალები ბოლოს დროს გააქტიურებული თალიბებისა და ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წევრების იერიშებს ვეღარ უმკლავდებოდნენ.

ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ერთ-ერთ გერმანულ გაზეთთან ინტერვიუში ისაუბრა. მისივე თქმით, - "არსებული რთული ვითარების გათვალისწინებით, შესაძლოა, ალიანსს ავღანეთში მყოფი სამხედროების რიცხვის გაზრდა მოუხდეს, რომელიც ამჟამად 13 ათასია."

მაშინ, სტოლტენბერგმა დაანონსა, რომ ამის შესახებ ივნისში, ნატოს შტაბბინაში დაგეგმილ ალიანსისა და ავღანეთში მისი მოკავშირე ქვეყნების თავდაცვის მინისტრთა საბჭოს სხდომაზე ისაუბრებდნენ...

იენს სტოლტენბერგის განცხადებით, - 15 სახელმწიფო თანახმაა "მტკიცე მხარდაჭერის მისიაში" დამატებითი წვლილი შეიტანოს და იმედია, მათ სხვა ქვეყნებიც მიბაძავენ.

"ჩვენმა სამხედრო ხელმძღვანელებმა დამატებით კიდევ რამდენიმე ათასი ჯარისკაცი მოითხოვეს ავღანეთში მიმდინარე მისიისათვის და ახლა შემიძლია დადასტურებით ვთქვა - ჩვენ ავღანეთში სამხედრო მისიას გავზრდით", - განაცხადა სტოლტენბერგმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ნატოს მინისტერიალს ბრიუსელში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორიაც ესწრებოდა. ცნობისთვის, საქართველო ავღანეთის "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილე ქვეყნებს შორის მეოთხე ადგილზეა. მსოფლიოს ერთ-ერთ ცხელ წერტილში, საქართველოს შეიარაღებული ძალები 870 ჯარისკაცით არის წარმოდგენილი. ამ ეტაპზე, თავდაცვის უწყება კონტიგენტის გაზრდაზე არ საუბრობს. თუმცა, გადაწყვეტილია, რომ ქართული ქვედანაყოფი ავღანეთში 2018 წლის ბოლომდე დარჩება.

"რადიო თავისუფლებასთან" საუბარში გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა აცხადებს, რომ ახლო მომავალში ჩვენი ჯარისკაცების რაოდენობა არ შემცირდება.

"ჩვენ ავღანეთში ვიქნებით ამერიკელ პარტნიორებთან, ქაბულსა და ბაგრამში და გერმანელებთან ერთად - მაზარ-ი-შარიფში. ავღანეთში ჩვენი თანამონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, საქართველოს შეიარაღებული ძალებისათვის. ეს არის ნატოში ინტეგრაციის პროცესის განუწყვეტელი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, სადაც ახალი თაობა ოფიცრების, ახალი თაობა ჩვენი ჯარისკაცების კიდევ ერთხელ აჩვენებენ ნატოს, კიდევ ერთხელ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს ქართველი ჯარისკაცის სიმტკიცესა და ქართველი ოფიცრის პროფესიონალიზმს. ეს არის ფასდაუდებელი გამოცდილება და ეს არის ის, რაც ჩვენ გვჭირდება", - განაცხადა მან.

ავღანეთში დამატებით ძალების გაგზავნას რუსული მედიაც გამოეხმაურა. "როიტერის" ინფორმაციით, ბრიუსელში შეხვედრაზე რუსეთის საფრთხის თემაც უნდა განხილულიყო, თუმცა, ის მთავარი არ ყოფილა. გამოცემის ინფორმაციით, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ოფიციალურ ანგარიშში წერენ, რომ ნატოს 29 წევრი ქვეყნის თავდაცვის საერთო ბიუჯეტი 2017 წლისთვის დაახლოებით 946 მილიარდი დოლარი იქნება. მათგან 683,4 მილიარდს აშშ დახარჯავს.

ალიანსის წევრი-ქვეყნების დანახარჯი უკვე მესამე წელია იზრდება და 2017 წლისთვის ის 4,3%-ით გაიზრდება. თავდაცვაში ყველაზე მეტს ამერიკის შეერთებული შტატები ხარჯავს. ყველაზე ნაკლებს - ნატო-ს ჯერჯერობით ახალგაზრდა წევრი - მონტენეგრო, რომელიც 2017 წელს აპირებს, რომ 72 მილიონი დოლარი დახარჯოს. მის შემდეგ მოდის ალბანეთი 152 მილიონით და ლუქსემბურგი, რომელიც ნატო-ს სამხედრო დანაყოფებისთვის 278 მილიონ დოლარს გამოყოფს.

"როიტერის" კითხვაზე, - სად უნდა წავიდეს ამდენი თანხა, ამერიკასა და ნატოს პასუხის უკვე აქვთ - ის ახალი სამხედრო ძალების მომზადებისა და შეიარაღებისთვის დაიხარჯება. "პირველ რიგში, აუცილებლად უნდა გავაუმჯობესოთ თვითმფრინავების ხარისხი, ასევე, მნიშვნელოვანია ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების განახლება", - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ჯერჯერობით საბოლოო პასუხი არ აქვს უკრაინას იმასთან დაკავშირებით, გააფართოვებს თუ არა ის თავის წარმომადგენლობას ავღანეთში. როგორც უკრაინის თავდაცვის მინისტრი სტეფან პოლტორაკი აცხადებს, "მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის აგრესიის კიდევ უფრო გაზრდის საფრთხე რეალურია, ჩვენი მხარდაჭერა გაგრძელდება. ამჟამად, ავღანეთში 10 უკრაინელი სამხედრო სპეციალისტი იმყოფება და კიდევ ერთი სამხედროს გაგზავნა განიხილება", - აცხადებს პოლტორაკი, რომლის თქმითაც, მათი სამხედროები აღნიშნულ მისიაში, ლიტველ და იტალიელ სამხედროებთან ერთად მოქმედებენ.

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე