ტრეფიკინგი საქართველოში

ტრეფიკინგი საქართველოში

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანთა ტრეფიკინგის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. "ამერიკის ხმის" ინფორმაციით, ადამიანის უფლებებს ყველაზე მეტად ამ კუთხით მესამე კალათის 23 ქვეყანა არღვევს, მათ შორის არიან ჩრდილოეთ კორეა, ჩინეთი და სირია. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ადამიანებით ვაჭრობა მრავალმილიარდიანი კრიმინალური ინდუსტრიაა, რომლის ფარგლებშიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მსოფლიოში 20 მილიონი ადამიანის უფლებები ილახება.

გამოცემის ინფორმაციით, - საქართველო პირველ კალათაში მოხვდა. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობა სრულიად ასრულებს ტრეფიკინგის აღკვეთისთვის მინიმალურ მოთხოვნილებებს და მიმდინარე და სერიოზული ძალისხმევის შედეგად, საქართველო რჩება პირველ კალათაში.

თუმცა, ასევე ნათქვამია, რომ ქალების და გოგონების სექს-ტრეფიკინგისთვის, საქართველო არის წყარო, ტრანზიტი და დანიშნულების ადგილი. უმეტეს შემთხვევაში, ქართველი ქალები და გოგონები იძულებითი პროსტიტუციის მსხვერპლი ხდებიან, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, თურქეთში, ჩინეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში.

ქართველი ქალების პროსტიტუციაზე აქტიურად საუბრობენ ქართველი ემიგრანტები. "თურქეთში ვითომ სხვადასხვა სფეროში სამუშაოდ ჩამოყვანილი სხვადასხვა ასაკის ქალებისა და გოგონების ნაწილი პირდაპირ პროსტიტუციის მსხვერპლი ხდებიან... ამის შესახებ ინფორმაცია მუდმივად ვრცელდება, მაგრამ რატომღაც მაინც ტყუვდებიან და სამწუხაროდ, საქართველოდან ახალ-ახალი ნაკადი ჩამოდის, მათ შორის, პატარა გოგონებიც...", - ამბობს ქართველი ემიგრანტი ჩვენთან საუბარში...

ანგარიშში აგრეთვე საუბარია იმაზეც, რომ აქ არის "კაცების, ქალების და ბავშვების იძულებით შრომის შემთხვევები." ამასთან, საქართველოს სატრანზიტო ქვეყნად იყენებენ ცენტრალური აზიიდან თურქეთის მიმართულებით.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საუბარია იმაზეც, რომ საქართველოს მთავრობა პოზიტიურ ნაბიჯებს ახორციელებს ტრეფიკინგთან ბრძოლაში, მაგრამ ამის მიუხედავად, საქართველო მხოლოდ მინიმალურ სტანდარტებს აკმაყოფილებს. კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობამ ითანამშრომლა აზერბაიჯანის მთავრობასთან აზერბაიჯანის მოქალაქის ექსტრადიციის საქმეში, თუმცა, საქმის დეტალები დაზუსტებული არ არის.

"სამართალდამცავების ქმედებები არ გაძლიერებულა და შესაბამისმა ორგანოებმა "უფრო ნაკლები მსხვერპლი გამოავლინეს." თუმცა, ანგარიში დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის ეროვნულ სამოქმედო გეგმას 2017-2018 წლისთვის, მის მიერ ჩატარებულ საინფორმაციო კამპანიას აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით, ასევე, მოწყვლადი მოსახლეობის გამოვლენის კუთხით.

ანგარიშში ნახსენებია ქართული საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი თემაც, - "ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები. სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მთავრობის მცდელობის მიუხედავად, პრობლემა დღემდე მოუგვარებელია. დაახლოებით ერთი თვის წინ, "ვორლდ ვიჟენ საქართველოს" ბავშვთა დაცვის მომსახურებათა და ადვოკატირების მენეჯერმა მაია მგელიაშვილმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში, პროგრამის ფარგლებში აღირიცხა და მისით ისარგებლა 600-მდე ქუჩაში მცხოვრებმა ბავშვმა, თუმცა, მისივე თქმით, - მათი რიცხვი გაცილებით მეტია და ის 2 500-ს აღწევს...

ანგარიშის მიხედვით, საქართველოში მსხვერპლის იდენტიფიკაცია არ ხდება - ხშირია, ქუჩაში ბავშვების ექსპლუატაცია, როდესაც მათ შემწეობის თხოვნას და დანაშაულის ჩადენას აძალებენ...

ტრეფიკინგი მსოფლიოში

2017 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ გასულ წელს ტრეფიკინგისთვის 10,000 ადამიანია ბრალდებული, მაშინ როდესაც ტრეფიკინგის მსხვერპლთა რაოდენობა მსოფლიოში ათობით მილიონს აღწევს. ამ წლის ანგარიშში სახელმწიფო დეპარტამენტმა ტრეფიკინგის თემაზე ჩინეთის რეიტინგი ჩრდილოეთ კორეას და სირიას გაუთანაბრა. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ჩინეთის მთავრობა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ქმედით ნაბიჯებს არ დგამს," - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა. თავის მხრივ, პეკინმა ვაშინგტონის ბრალდებები უარყო.

საქმე ის არის, რომ იმ ქვეყნებს, რომლებსაც ადამიანებით ვაჭრობის კუთხით ყველაზე ცუდი შეფასება აქვთ, შესაძლოა, აეკრძალოთ ამერიკის კულტურულ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კონგრესს ანგარიში წარუდგინა. 2012 წლის მონაცემებით, საქართველო შეფასების უმაღლეს კატეგორიაში - პირველ კალათაში იმყოფებოდა, თუმცა, სპეციალისტების შეფასებით, ეს არც მაშინ ნიშნავდა, რომ საქართველომ ადამიანით ვაჭრობის, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა წარმატებით დაასრულა. მაშინაც საუბარი იყო იმაზე, რომ საქართველო ტრეფიკინგის, როგორც ადგილს, ასევე გამტარსა და წყაროს წარმოადგენდა.

მაშინ საუბარი იყო აჭარაში უზბეკეთიდან ჩამოყვანილი ქალების რაოდენობის გაზრდაზე. შსს-ს ინფორმაციით, გამოვლინდა მამაკაცი, რომელიც ამით იყო დაკავებული და მას 15 წელი მიუსაჯეს. მას, ვითომ ჩაის ფაბრიკაში სამუშაოდ, უზბეკეთიდან ჩამოჰყავდა ქალები და მათ პროსტიტუციაში ჩაბმას აიძულებდა.

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე