დორის პეინი - ბრილიანტების ლეგენდარული ქურდი ქალი 20 ფსევდონიმით ისევ საპატიმროშია

დორის პეინი - ბრილიანტების ლეგენდარული ქურდი ქალი 20 ფსევდონიმით ისევ საპატიმროშია

უცნაურია, მაგრამ მე-20 საუკუნის თაღლითები და ე.წ. "მძარცველები თეთრ ხელთათმანებში", ყოველთვის უბადლო არტისტიზმით, სასიამოვნო გარეგნობით და დახვეწილი გემოვნებით გამოირჩევიან, მათი უმრავლესობა კი, ადრეულ ბავშობაში აწყდება სოციალურ უთანასწორობას და უსამართლობასაც თავისებურად პასუხობს. სწორედ მათ რიცხვს მიეკუთვნება ბრილიანტების ლეგენდარული ქურდი, 86 წლის დორის პეინი, რომელიც 6 ათეული წელია მოსვენებას არ აძლევს ელიტარულ საიუველირო ბუტიკებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

მეშახტეთა რეზერვაციის მოჯადოებული წრე

დორისი 1930 წელს დაიბადა აღმოსავლეთ ვირგინიის მეშახტეთა დასახლებაში, რომელიც შავკანიანთა რეზერვაციას უფრო ჰგავდა, ვიდრე ჩვეულებრივ ქალაქს. ფიცრის სახლი და ვირთხებით სავსე პატარა ოთახი, სიბინძურე, შიმშილი და სიცივე - სწორედ ასეთ პირობებში გაიზარდა დორისი, რომელიც ყველაზე უმცროსი იყო ექვსშვილიან ოჯახში. მამა - ზორბა მეშახტე უზარმაზარი მუშტებითა და გაბოროტებული თვალებით, დორისს ერთდროულად სძულდა და ეშინოდა. ოჯახის უფროსი მხოლოდ უქმებზე ბრუნდებოდა სახლში და ვისკით გამომთვრალი ცოლთან ერთად, ბავშვებსაც ხშირად სცემდა.

უნებლიე ქურდობა და წარმატებული კარიერა

ქალაქში სეირნობისას, მოზარდმა დორისმა მაღაზიაში შეიარა, სადაც იცრუა, თითქოს სასწავლო წლის ბოლოს დედა საათის ყიდვას შეჰპირდა. მისტერ ბენჯამინმა, რომელსაც ყოველთვის უთანაგრძნობდა მეშახტეებს, დორისს ოქროს საათის მოსინჯვა შესთავაზა და სწორედ ამ დროს შემოვიდა მაღაზიაში თეთრკანიანი მყიდველი. მოხუც ბენჯამინს შეეშინდა, რომ შავკანიანების მიმართ კეთილგანწყობაში დაადანაშაულებდნენ და დორისი ყვირილით გააგდო. დამფრთხალი გოგონა მაღაზიიდან საათთან ერთად გაიქცა და მართალია, მოგვიანებით დაბრუნდა, მაგრამ მიხვდა, რამდენად მარტივი იყო სასურველი ნივთის ხელში ჩაგდება.

ქურდის "პროფესიის" ათვისება დორისმა იაფფასიანი კაბების მოპარვით დაიწყო და მხოლოდ 23 წლის ასაკში გადაინაცვლა საიველირო ბუტიკებში, როცა ამერიკაში სეგრეგაციის კანონი გაუქმდა და პრეზიდენტ ჯონსონმა თეთრკანიანების და შავკანიანების უფლებები გაათანაბრა.

საიუველირო მაღაზიაში დორისი, იმ ლეგენდას ჰყვებოდა, რომელიც დიდი ხნით ადრე მოიფიქრა და წლების მანძილზე, იდეალურად მუშაობდა - მის პეინი თავს მილიონერის ან შეძლებული ადვოკატის საცოლედ ასაღებდა, რომელმაც მოუცლელობის გამო, სწორედ დორისს სთხოვა ნიშნობის ბეჭდის შერჩევა, თვითონ კი, მოგვიანებით გადაიხდიდა შენაძენის საფასურს. რაც მთავარია, "ვირტუალური საქმრო" იმდენად ხელგაშლილი და კეთილშობილი იყო, რომ მომავალ მეუღლეს ნებისმიერი სამკაულის შერჩევის უფლებას აძლევდა და აუცილებლად ბრილიანტის თვლით. გამყიდველი სიამოვნებით აჩვენებდა დორისს სამკაულს, ის კი, პროფესიონალურად აფასებდა, ირგებდა და აქეთ-იქით ატრიალებდა. მერე, ვითომ შემთხვევით ქუჩისკენ იხედებოდა და სიხარულით აღნიშნავდა, რომ სწორედ ახლა ჩაიარა მისმა საქმრომ მანქანით, რომელსაც იმავე კვარტალში ჰქონდა ოფისი. გამყიდველს სულ რამდენიმე წამით ეფანტებოდა ყურადღება, თუმცა, დორისისთვის ესეც საკმარისი იყო. სწრაფად იხსნიდა ბეჭედს და იდებდა ჯიბეში, აგრძელებდა გატაცებით თვალიერებას, ბოლოს კი ამბობდა, რომ ერთ-ერთი ბეჭედი მართლაც მოეწონა, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად გარკვეული დრო სჭირდებოდა. რა თქმა უნდა, მდიდარი ქალბატონის ელეგანტურობით მოხიბლული გამყიდველი ყველაფერს თანხმებოდა და წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ მის წინაშე გაქნილი თაღლითი იყო, რომელსაც ვეღარასდროს ნახავდა.

ევროპული ტურნე

1974 წელს დორისი "გასტროლებით" საფრანგეთში გაემგზავრა და მოდით დაინტერესდა, სასურველი მოდელების შეძენის შემდეგ კი, ქალაქის, ადგილობრივი ჩვევების და საიუველირო ტრადიციების შესწავლა დაიწყო. თუმცა, პირველი ძარცვა არა პარიზში, არამედ ნიცაში განახორციელა, სადაც საიუველირო ბუტიკებს მილიონერის ცოლის როლში სტუმრობდა. მსხვილი ნადავლის ძიებაში დორისმა ჩარტიერ-ს მაღაზიაშიც შეიარა, სადაც ბრილანტით გაწყობილი პლატინის ბეჭდი მოიპარა და ტაქსით პირდაპირ აეროპორტში გაემგზავრა. თუმცა, საზღვრზე, პასპორტის კონტროლის დროს დააკავეს.

მართალია, ევროპელი პოლიციელები ამერიკელ კოლეგებზე გონიერები აღმოჩნდნენ, მაგრამ დორისმა მაინც მოახერხა თავის დაღწევა. ჩხრეკამდე რამდენიმე წუთით ადრე, ბეჭედი ენის ქვეშ ამოიდო, პოლიციის მანქანაში კი, მოულოდნელად აუტყდა ხველება და ილუზიონისტის ოსტატობით, ცხვირსახოცში გახვეული ნადავლი, ახლა ფეხსაცმელში გადაიტანა. გამოძიების დასრულებამდე დორისი სასტუროში დააბინავეს, სადაც სპეციალური ზედამხედველები მიუჩინეს. თუმცა, საზრიანმა ქალბატონმა ისევ ყველას გაცურება შეძლო - სასტუმროდან გაიპარა და წარმატებით ჩააღწია პარიზში, სადაც გარეგნობა შეიცვალა, სამშობლოში დაბრუნებულმა კი, საკმაოდ სარფიანად გაყიდა ნაქურდალი.

სამწლიანი უზრუნველი ცხოვრების შემდეგ, დორისს ფული შემოაკლდა და მორიგი "გასტროლით" ახლა შვეიცარიასა და იტალიას ეწვია. ნადავლი ამჯერადაც მსხვილი აღმოჩნდა, თუმცა დორისი ისევ ხიფათში გაება. იტალიაში, უკვე დაძრულ მატარებლში რამდენმე კარაბინიერი ამოახტა, პეინს ეჭვიც არ შეჰპარვია, რომ მას მოაკითხეს და რამდენიმე ვაგონის სირბილით გავლის შემდეგ, მატარებლიდან ჩახტა და ისევ წარმატებით დაბრუნდა სამშობლოში. თუმცა, 1984 წელს, როცა მის ანგარიშზე 2 მლნ დოლარის ნაქურდალი ირიცხებოდა, პეინი მაინც დააპატიმრეს.

დორისს ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მართალია, მსაჯულები ძალიან მოიხიბლნენ მისი ქველმოქმედებით (დორისი წლების მანძილზე აფინანსებდა ონკოლოგიურ ჰოსპიტალს და ეხმარებოდა ღარიბებს), მაგრამ პეინის გულკეთილობა ვერ გაიზიარა პოლიციამ, რომელმაც სისხლის სამართლის 10-ტომიანი საქმე წარმოადგინა 20 ფსევდონიმითა და 5 ყალბი პასპორტით.

გამოუსწორებელი ქურდი ისევ საპატიმროშია

1998 წლის დორისი ისევ დააპატიმრეს. მოსამართლის შეკითხვას, თუ რას საქმიანობდა, დორისმა ამაყად უპასუხა, რომ ის ძვირფასეულობას იპარავდა, "თქვენი პროფესია?" - დაზუსტება სცადა მოსამართლემ, "მე ვიპარავ და ძალიან პროფესიონალურად ვაკეთებ ამას!" - უკან არ დაიხია დორისმაც. სამწლიან პატიმრობას კოლორადოს შტატში, ერთწლიანი სასჯელი მოჰყვა ლას-ვეგასში, 2010 წელს დორისს 1 300 დოლარიანი ჯარიმა შეეფარდა, 2011-ში 16 თვიან პატიმრობას ვერ გადაურჩა, სამი წლის შემდეგ კი, 5 წლიანი პატიმრობა მიესაჯა 22 500 დოლარიანი ბეჭდის მოპარვისთვის, თუმცა, ასაკის გათვალისწინებით და იდეალური დახასიათების წყალობით ვადის მხოლოდ ნახევარი მოიხადა და მართალია, განაჩენში ხაზგასმული იყო, რომ კატეგორიულად ეკრძალება საიუველირო მაღაზიასთან მიახლოება, დორისმა მაინც ვერ გაუძლო ცდუნებას... 86 წლის ქალბატონი გასული წლის დეკემბერში დააპატიმრეს. დღეს დორისი მორიგ სასჯელს იხდის. თუმცა, არავინ იცის როდის გათავისუფლდება და ამჯერად რომელ საიუველირო მაღაზიას ამოიღებს მიზანში.  ნახეთ არაჩვეულებრივი ისტორია palitranews.ge-ზე

მომზადებულია ფილმის სიუჟეტის მიხედვით

ნანა ჩხაიძე

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს